„ng.ru“ (რუსეთი): სალომე ზურაბიშვილის ტრიუმფალური ვიზიტი ევროპაში; საქართველო რუსეთს მხოლოდ დასავლელი მეგობრების თანდასწრებით დაელაპარაკება
„ng.ru“ (რუსეთი): სალომე ზურაბიშვილის ტრიუმფალური ვიზიტი ევროპაში; საქართველო რუსეთს მხოლოდ დასავლელი მეგობრების თანდასწრებით დაელაპარაკება
11:47 26.02.2019
„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრებით ევროპაში თავისი მრავალდღიანი ვიზიტი დაასრულა. ქართველი ლიდერის გერმანული მოლაპარაკების მთავარი მიზანს წარმოადგენდა როგორც ნატოსთან და ევროკავშირთან კავშირების გაღრმავება, ასევე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. მსგავსი პროგრამა ჰქონდა მას მშობლიურ საფრანგეთში ყოფნის დროსაც, როცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყველა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩათვლით“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

„სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის დროს თავის გრძნობებს არ მალავდა. იგი პარიზში დაიბადა, იქვე მიიღო უმაღლესი განათლება, დაიწყო დიპლომატიური კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ დაინიშნა ელჩად თავის ისტორიულ სამშობლოში, სადაც იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა. მინისტრად სალომე ზურაბიშვილს დიდხანს არ უმუშავია და გარკვეული ხნის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა უკვე ქართველი ოპოზიციონერის სტატუსით. მისი ამჟამინდელი პარიზული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ტრიუმფალურად გამოიყურება - საქართველოს პრეზიდენტის რანგში, თუნდაც მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციებით.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები საფრანგეთში და გერმანიაში, მანამდე კი ბელგიაში (ბრიუსელში) და ავღანეტში (ქართული სამხედრო კონტინგენტთან შეხვედრის დროს) პასუხი გასცა იმ კითხვას, თუ რატომ ცდილობდა ასე დაბეჯითებით მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის არჩევას ქვეყნის პრეზიდენტის თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვან პოსტზე. აშკარად ჩანს, რომ მის ფუნქციებში შედის საქართველოს მთავრობის იმიჯის გაუმჯობესება საზღვარგარეთ.

ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“, პირველ რიგში კი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ძალას არ ზოგავენ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთის თვალში წარმოადგინონ არაფრის გამკეთებლად, უსაქმურად და ანტიდემოკრატიულად, პრორუსულადაც კი. შესაბამისად, ყოფილ პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დასავლეთს დაარწმუნებს - იგი საქართველოს მეთაურის პოსტზე უალტერნატივოა, მიიღებს რეალურ მხარდაჭერას და ამის საფუძველზე კონკრეტულ მუშაობას დაიწყებს სამშობლოში დაბრუნებისა და პოლიტიკურ პროცესებში უშუალო ჩაბმისათვის.

ეს განწყობები, ალბათ, საფრანგეთშიც იგრძნობა, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაზეთ „მონდის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვითაც დასტურდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თაობაზე. პრეზიდენტის პასუხის თანახმად, ექს-პრეზიდენტის დაბრუნება შეუძლებელია, რადგან დღეს საქართველოში მიხეილ საკაშვილი არავის აღარ ჭირდება, მისივე მომხრეების ჩათვლით, რომლებიც ორ ნაწილად არიან გაყოფილი - „ევროპულ საქართველოდ“ და „ნაცმოძრაობად“. მათ მოქმედებაზე მიხეილ სააკაშვილის გავლენა უკვე ნაკლებად ვრცელდება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის პირველ პერიოდში ეფექტურად გატარებული რეფორმები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი გახდა. მიხეილ სააკაშვილი კრიტიკას უმთავრესად იმ ავტორიტარიზმის გამო იმსახურებს, რომელიც მან მოგვიანებით გამოავლინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ყოფნისას, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის დროსაც რუსეთთან ურთიერთობასაც შეეხო: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნა ძალაში რჩება. თუმცა დღეს, საქართველოს რუსეთთან გასათამაშებელი კარტი არ აქვს: ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ყველაფერი ამაზე დარჩება გაყინული, თუკი რუსეთის პოზიციის ცვლილება არ მოხდა და მათგან მოქნილობისათვის მზადყოფნის სიგნალი არ მივიღეთ - რასაც დღეს ვერ ვხედავთ. თუკი მოვა დიალოგის დრო, ამ პროცესში ჩვენ მარტო არ შევალთ, ჩვენს გვერდით იქნებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. სწორედ ამიტომ, ვაპირებ ვაშინგტონში ჩავიდე, რათა ტრამპისა და პუტინის შესაძლო სამიტის წინ, [აშშ-ს] ჩვენი ხედვა გავაცნო“.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ვიზიტის ფრანგული ნაწილი ძალზე სასიამოვნო იყო, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გერმანული მისია აღმოჩნდა: იმიტომ, რომ სწორედ გერმანია ითვლება საქართვლოს მთავარ მოწინააღმდეგედ დასავლურ ალიანსებში გაწევრიანების საკითხში და, შეიძლება ითქვას, თბილისის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად უკანონო მიგრაციის გამო. და თუნდაც სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, არ აქვს სერიოზული კონსტიტუციური უფლებამოსილება, ამ „დანაკლისს“ მისი დიპლომატიური გამოცდილება, ევროპული ენების ბრწყინვალე ცოდნა ავსებს. ასე რომ, არაა გამორიცხული ამ ფაქტორებმა გარკვეული გავლენა მოახდინოს ბერლინის პოზიციის ტრანსფორმაციაზე“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

ბეჭდვა