გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Washington Post»-ი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
მავთულხლართებით გამიჯვნას ვრცელ სტატიას უძღვნის, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის მომენტიდან, მსოფლიოში კედლების რაოდენობა 15-დან 70-მდე გაიზარდა. მოუგვარებელმა კონფლიქტებმა, გლობალურმა ომმა ტერორიზმთან, პოპულისტურმა მოწოდებებმა - „გავაკონტროლოთ ჩვენი საზღვრები“ და სხვა მსგავსმა ფაქტორებმა სტიმული მისცეს ბეტონის კედლების, ბარიერების, მესერებისა და მავთულხლართებიანი ზღუდეების გაჩენას.
სუვერენიტეტი თუ ტირანია?
საზღვარზე კედლის (მავთულხლართის და ა.შ.) არსებობა აკრძალვის დამაჯერებელ ვიზუალურ სიმბოლოს წარმოადგენს. თანაც ამ დროს ხშირად არ აქვს მნიშვნელობა იმას, მართლაც ადამიანების გადაადგილების ან შეღწევის შეზღუდვის მიზნით არის თუ არა ის აგებული. შეიძლება ასეც ითქვას: საზღვარზე კედელი ხელისუფლებაზე პრეტენზიისა და კონტროლის მატერიალურ გამოვლინებას ნიშნავს. მიწაზე ასეთი ხაზების გავლება-მონიშვნა უფრო მეტად პოპულისტურ პოლიტიკოსებს უყვართ, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საზღვარზე აღმართული კედლები და გაბმული მავთულხლართები ბევრი ადამიანისათვის ცხოვრების უფლების შეზღუდვას, ქონების ნაწილის წართმევასც ნიშნავს. ცემენტი და მავთულხლართი სახელმწიფოებრივ ტირანიასაც შეიძლება ნიშნავდეს. ბოლოსდაბოლოს, რეალური მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ცივი ომის დროს ევროპაში მდებარე ბერლინის კედელი „რკინის ფარდის“ სიმბოლოს წარმოადგენდა, ანუ სასაზღვრო კედელი „თავისუფალი სამყაროს“ გეოგრაფიულ მიჯნას ნიშნავდა. გავიხსენოთ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ცნობილი მიმართვა საბჭოთა ლიდერისადმი ბერლინში 1987 წლის ივნისში: „მისტერ გორბაჩოვ, აიღეთ ეს კედელი“.
ახლა კი რამდენიმე საკვანძო მაგალითი იმისა, თუ რა ნეგატიური შედეგები მოაქვს კავკასიის პატარა ქვეყანაში მსგავსი კედლების და ბარიერების აგებას. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავაცნობიეროთ სასაზღვრო ბარიერების როლი თანამედროვე გეოპოლიტიკაში.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და „საზღვრის“ საკითხი
2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან ხუთდღიანი ომის ჰქონდათ, რის შემდეგაც რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სინამდვილეში კი ორივე რეგიონი რუსეთის პროტექტორატებად იქცნენ, სადაც რუსეთისავე სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. „დამოუკიდებლად“ აღიარებიდან ერთი წლის შემდეგ რუსმა და ოსმა მესაზღვრეებმა, რომლებსაც უმთავრესად საბჭოთა გენერალური შტაბის რუკები ჰქონდათ, დაიწყეს ბარიერების აღმართვა, რომელიც, მათივე განმარტებით, საქართველოსთან არსებულ „საერთაშორისო საზღვარს“ წარმოადგენს. ევროკავშირის ჩინოვნიკებმა, რომლებიც დამკვირვებელთა მისიაში შედიოდნენ, [ოდესღაც არსებული ადმინისტრაციული მიჯნების „საერთაშორისო საზღვრად“ გადაქცევისა და მასზე ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვის მიზნით ფიზიკური ბარიერების აღმართვის დასაფიქსირებლად], მოიფიქრეს ახალი ტერმინი „ბორდერიზაცია“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს შიგნით არსებულ ტერიტორიას ჰყოფს და საზღვრის იმიტაციას ქმნის.
საქართველოს იმ მიწებზე მცხოვრები ხალხი, რომლებიც ადრე ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ურთიერთობა ჰქონდათ, ფიზიკურად გამიჯნულნი აღმოჩნდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ვერ სარგებლობს მამა-პაპური სახნავ-სათესი მიწებით, საძოვრებით, სკოლებით. ბლოკპოსტები და მავთულხლართები 60 კილომეტრის სიგრძეზეა მოწყობილი და გაბმული, სამხრეთ ოსეთის 391 კილომეტრიან „საზღვარზე“, რომლიდანაც 230 კმ. მთებზე გადის.
„ბორდერიზაცია“ და „პოლიტიკური ფეხბურთი“
ქართულ პოლიტიკაში „ბორდერიზაციის“ საკითხით პოლიტიკოსები აქტიურად სარგებლობენ: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის მმართველობის მიმართ პოლიტიკური უკმაყოფილება გაჩნდა, „ბორდერიზაცია“ მოსახლეობის თავის მხარეზე მისაზიდად გამოიყენა: მან წამოაყენა ლოზუნგი - „მტერი ჩვენგან 40 კილომეტრში დგას“ (ეს არის მიახლოებითი მანძილი თბილისსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის), რათა მოსახლეობის ყურადღების ფოკუსი საშინაოპოლიტიკური პრობლემებიდან რუსულ საფრთხეზე გადაეტანა. მანევრი ჩაიფუშა: მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები წააგო. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა თავისი ძალისხმევა გააორმაგა პოლიტიკური სტრატეგიის ჩარჩოებში და კვლავ წამოაყენა ლოზუნგები „ოკუპანტები გვიახლოვდებიან“ და „ანექსია კარს მოგვადგა“.
კიდევ ერთი მაგალითი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა, რომლის დროსაც იგი „სასაზღვრო“ მაჩვენებელთან იდგა: „ჩემს უკან თქვენ ამ სამარცხვინო ბარიერს ხედავთ“, - განაცხადა მან. თუმცა მტრის სახის მნიშვნელობის „გაბერვის“ მცდელობამ ისევ ფიასკო განიცადა: მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატი [დავით ბაქრაძე] არჩევნებში დამარცხდა.
„ბორდერიზაცია“ და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი
ასეთი შიდაპოლიტიკური წარუმატებლობის მიუხედავად, საქართველოს მომდევნო მთავრობაც შეეცადა “ბორდერიზაცია“ საერთაშორისო არენაზე გამოეყენებინა - ქვეყნისთვის „რუსეთის აგრესიის მსხვერპლის“ იმიჯის შესაქმნელად. საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ უწოდებს. ტერმინი გასაგებია: რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა აღნიშნული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებაში, ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ პოზიციას არ იზიარებს და რუსეთს მხარს მხურვალედ უჭერენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამჟამად [„ბორდერიზაციის“ პირობებში] საქართველო აქცენტს აკეთებს ეთნიკურ ქართველებს შორის არსებულ მსხვერპლთა რაოდენობაზე (რაც საკმაოდ დიდია). არის ისეთი ადგილები, რომლებიც საერთაშორისო ინტერესის ობიექტები ხდებიან. მაგალითად, ერთ-ერთი ადგილობრივი ქართველი ფერმერის სახლ-კარი, რომელიც „საზღვრის გატარების“ გამო ორად გაყოფილი აღმოჩნდა. ეს ადგილი საქართველოში ვიზიტით მყოფმა თითქმის ყველა უცხოელმა მაღალჩინოსანმა ინახულა - [მავთულხლართს იქით მდგარ] გლეხთან მოსაუბრეთა სიაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვხედავთ ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, სლოვაკეთის პრეზიდენტებს, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალს, ამერიკელ გენერლებს, სენატორებს...
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ურთიერთობაში დაძაბულობის ზრდის კვალობაზე, „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებულმა სიმბოლურმა დასახელებებმაც იმატა: ზოგიერთი მას „ევროპის განაპირას აგებულ ბერლინის კედელს“ უწოდებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აგვისტოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, საქართველოში თავისი სახელმწიფო ვიზიტის დროს, „საზღვარი“ არ მოუნახულებია. თუმცა მან, ისევე როგორც რონალდ რეიგანმა ბერლინში, იფიქრა, რომ ძალზე სიმბოლურ ადგილზე იმყოფებოდა და ამიტომ ნატოს სამხედრო წრთვნებში მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს ასე მიმართა: „ჩვენ დღეს ტეხილის ადგილზე ვდგავართ, თავისუფლების წინა ხაზზე, რომელსაც ათი წლის წინ რუსეთის აგრესია ემუქრებოდა“.
გაიმეორა რა მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგი, მაიკ პენსმა ამერიკელ და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაახსენა, რომ „აქედან სულ რაღაც 40 კილომეტრი გვაშორებს იმ ადგილიდან, სადაც ქართულ მიწაზე, სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ტანკები დგანან“. მისი თქმით, „აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას“. მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შთამაგონებელი გამოსვლის ვიდეომონტაჟი.
ორივე ლოზუნგი - რ.რეიგანის „აიღეთ ეს კედელი“ (ანუ კარის გაღება „მთლიანი და თავისუფალი ევროპისაკენ“) და დ.ტრამპის „ავღმართოთ კედელი“ - ერთგვარ ფორმულებად ითვლება ამერიკული იდენტურობის განმტკიცების ჩარჩოებში. თითქოსდა ორივე ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. დონალ ტრამპი, ბოლოსდაბოლოს, რონალდ რეიგანის ლოზუნგის - „კვლავ ვაქციოთ ამერიკა დიდებულ ქვეყნად“ - წყალობით გახდა პოპულარული.
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პოლიტიკაში კედლებთან მიმართებით არსებულ რიტორიკებში ერთი ფენომენი აშკარად ჩანს: სასაზღვრო კედლებთან დაკავშირებული სიმბოლიზმი პოლიტიკოსებს ძალიან იზიდავს.
ავტორები:
ჯერალდ ტოული - ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ავტორი წიგნისა „ახლო საზღვარგარეთი: პუტინი, დასავლეთი და ბრძოლა უკრაინა-კავკასიისათვის“ (2017 წელი);
გელა მერაბიშვილი - ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებათა კანდიდატი.
