სტატიაში გადმოცემულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უთანხმოება ფართოდ
გახმაურებული „ციანიდის საქმის“ ფიგურანტის, დეკანოზ გიორგი მამამალაძის საქმესთან დაკავშირებით: „ქართული ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ბევრი ეჭვი არსებობს და ის, რომ თითქოსდა ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქმის კურსში არ არის, ეს ილუზიაა“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საქართველოს საპატრიარქოს შენობა თბილისის ტურისტულ კვარტალში ყველაზე ხალხმრავალ უბანში მდებარეობს. სწორედ აქ, საპატრიარქოს შენობასთან გაშლილ კარავზე არის პლაკატი, რომელზეც გიორგი მამალაძის მხარდამჭერი მოთხოვნაა გამოხატული. თავის დროზე, როცა გიორგი მამალაძე დააკავეს, საქართველოს მთავრობისა და ეკლესიის მაღალჩინოსნებმა გამოაცხადეს, რომ მას ავტორიტეტული რელიგიური მოღვაწის მოწამვლა ჰქონდა განზრახულიო (იგულისხმებოდა ილია II), მაგრამ მოგვიანებით ჯერ გამოძიებამ, შემდეგ კი თვითონ სამღვდელოებამ ლაპარაკი დაიწყეს, რომ დამნაშავეები ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის - ძალზე გავლენიანი პიროვნების - თავიდან მოშორებას გეგმავდნენ. სასამართლომ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამასთან, უფლებადამცველებმა „ციანიდის საქმეში“ საკმაოდ ბევრი შეუსაბამობა და უზუსტობა აღმოაჩინეს. ისინი, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად აცხადებენ, რომ მსჯავრდებული საპყრობილეში უსამართლოდ ზის, მისი დანაშაული არ დასტურდება და ამ საქმის მასალების გაგზავნას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებენ.
„ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გიორგი მამალაძის ბედის გადასაწყვეტად შედარებით უფრო მოკლე გზა აირჩიეს - მათ მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდეს, ისარგებლოს თავისი უფლებით და დეკანოზი შეიწყალოს. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობოთა იგივე თხოვნას თავის დროზე დუმილით უპასუხა. ადამიანურად მისი მოქმედება გასაგებია: გიორგი მამალაძის შეწყალება ხომ საქართველოს ეკლესიის მძლავრი კონსერვატორული ფრთის გამოწვევას ნიშნავს. და არა მარტო ეკლესიის გამოწვევას: როგორც მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, დეკანოზი პატრიარქისა და ქვეყნის საერო ხელისუფლების სამივე შტოს ერთმანეთთან გარიგების მსხვერპლი გახდაო. მსგავსი პოზიცია აქვს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გრიგოლსაც (ბერბიჭაშვილს). ის, რომ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ორი ცნობილი რელიგიის მსახური საეკლესიო უმრავლესობას დაუპირისპირდა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ უთანხმოებას ადასტურებს“, - წერს ავტორი.
