რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია ქართულ პოლიტიკაში
საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„პრეზიდენტის არჩევნების II ტურში სალომე ზურაბიშვილის მომხრეთა რაოდენობა, I ტურთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ნდობა დაიბრუნა? ამ კითხვაზე პასუხი უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. მოსახლეობაში არ გამქრალა გაღიზიანება მმართველი პარტიის (ანუ მთავრობის) მიმართ. მაშ რამ აიძულა ამომრჩეველი, რომლის უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, სიმპათიებს არც „ქართული ოცნებისა“ და არც სალომე ზურაბიშვილისადმი არ გამოხატავდა, ხმა მაინც „მთავრობის კანდიდატისთვის“ მიეცა?
საქმე იმაშია, რომ ხალხმა ხმა „მთავრობას“ კი არ მისცა, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი „პირადი კაცის“ - გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ. პირველი ტურის შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ „მთავრობამ“ მორიგი გამარჯვების გაფორმება ვერ მოახერხა, მოსახლეობაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპონტანური მობილიზაცია დაიწყო... ამ შემთხვევაში ცნობილმა სტალინურმა ფორმულამ - „ორივე ერთმანეთზე უარესია“ - ვერ იმუშავა. როცა ხალხმა გააცნობიერა, რომ მათი მომავალი რეალურად არის დამოკიდებული მათივე არჩევანზე, უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მარტო უბრალოდ უარესია, არამემედ ბევრად უარესია „ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან“ შედარებით. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების წინააღმდეგ ხალხის მობილიზების კულმინაცია გახდა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით თბილისის ცენტრში ჩატარებული გრანდიოზული მიტინგი - იმ პარტიის მიერ, რომელიც ბოლო წლებში მკაცრად აკრიტიკებდა როგორც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ჩადენილი დანაშაულობების გამო, ასევე მმართველ „ქართულ ოცნებასაც“, რომელსაც დღემდე არ დაუსჯია „ნაციონალ“ დამნაშავეთა დიდი ნაწილი. საინტერესოა, რომ მოსახლეობის მობილიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც უცხოეთში მყოფი არ ისვენებდა და აგრესიულ განცხადებებს აკეთებდა.
მაგრამ განა გამოსწორდა „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ? განა დადგნენ „მეოცნებეები“ ხალხის მსახურების გზაზე? როგორც ჩანს, საქართველოში ამის არავის სჯერა - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენით მთავრობამ აქტიური მოქმედება დაიწყო - მაგალითად, სიტყვა შეასრულა და საბანკო ვალები გაანულა. მაგრამ სკეპტიციზმი ხალხში არ გამქრალა და ეს ნათლად გამოჩნდა იმ საკითხის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება.
ქართული საზოგადოება მოსამართლეთა მიმართ უკიდურეს მგრძნობიარობას ამჟღავნებს. საკითხის სენსიტიურობას განაპირობებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დროს სასამართლო პროკურატურის ნების შემსრულებელ ფილიალად იქცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშკარა უკანონობა შეწყდა, მაგრამ მიშისტი მოსამართლეები თავიანთ ადგილებზე დარჩნენ. მოსახლეობა ექვსი წლის განმავლობაში ელოდა, რომ „მეოცნებეები“ რეფორმას განახორციელებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთი თვის წინ, იუსტიციის საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად ათი მოსამართლე წარუდგინა. „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, „ზემოდან მითითებით“, ისინი ტრადიციულად უპრობლემოდ დაემტკიცებინა, მაგრამ სისტემამ ძველებურად აღარ იმუშავა - საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მოსამართლეთა დამტკიცების წინააღმდეგ წავიდა. საქმე იმაშია, რომ სიაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსახური მოსამართლეებიც აღმოჩნდნენ. მათი კანდიდატურების განხილვის პროცესში აშკარა გახდა, რომ მათ მხარს ბიძინა ივანიშვილიც უჭერდა... მოკლედ, დაწყებულმა სკანდალმა ცხადყო, რომ „ქართული ოცნების“ მონოლითს ბზარი გაუჩნდა... საბოლოოდ, თვითონ მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ „სპეკულაციის“ თავიდან არიდების მიზნით, მათი კანდიდატურები აღარ განხილულიყო.
მოსამართლეთა „კრიზისის“ ფონზე ცოტა ვინმემ თუ გაამახვილა ყურადღება სხვა საინტერესო მოვლენებზე, მაგალითად, პროკურატურის „შესევაზე“ „თი-ბი-სი“ ბანკის მიმართ, რომლის მთავარ მფლობელს ბანკირი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს. ამ პიროვნებას საქართველოში ბევრი „ხელშეუხებლად“ თვლიდა. სხვათა შორის, შარშან ბიძინა ივანიშვილმა აწ უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „თი-ბი-სი“ ბანკისადმი „მფარველობაში“ დაადანაშაულა. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ რით დასრულდება პროკურატურის გამოძიება, მაგრამ ყველას ესმის, რომ მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერავინ შეეხებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამიერიდან კადრები მხოლოდ პროფესიონალიზმის გათვალისწინებით იქნება დასაქმებული და არა პირადი ერთგულების პრინციპითო. საზოგადოება ელოდა, რომ „ვიღაცეების თავები გაგორდებოდა“, თუმცა დღემდე მხოლოდ უშიშროების სამსახურში მოხდა ზოგიერთი საკადრო ცვლილება. დრო გვაჩვენებს, დაიწყება თუ არა სხვა უწყებებშიც მსგავსი ცვლილებები.
ამასობაში კი საზოგადოების სკეპტიკური განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ არ მცირდება. კერძო საუბრებში და სოციალურ ქსელებში გაკეთებულ კომენტარებში მოქალაქეები სულ უფრო მეტად აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით გათამამებული „მეოცნებეები“ ისევ მხოლოდ თავიანთ კარიერაზე და გამდიდრებაზე ფიქრობენ, ხალხის ინტერესებისა და უბრალო მოქალაქეების დაცვას კი გულგრილად ეკიდებიან. ამასთან, უკვე ცოტას თუ სჯერა, რომ საქართველოს ისტორიაში უდიდესი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, „ყველანაირად ცდილობს სიტუაციის გაუმჯებესებას“.
