„novoye-vremya“ (აზერბაიჯანი): საქართველოს სათანადო პასუხი უნდა გავცეთ
„novoye-vremya“ (აზერბაიჯანი): საქართველოს სათანადო პასუხი უნდა გავცეთ
12:18 25.01.2019
აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время» ახალქალაქში მიხეილ ავაგიანის ბიუსტის დადგმას მწვავე სტატიით ეხმაურება, რომლის ქართუკლენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

ჩვენთან, აზერბაიჯანში, რატომღაც მიღებულია, რომ მეზობელი საქართველო არა მხოლოდ მეგობარ ქვეყნად უნდა მივიჩნიოთ, არამედ სტრატეგიულ პარტნიორადაც. ეს თვალსაზრისი უდაო არ არის, თუმცა გარკვეული დონით (თუ ეკონომიკურ ურთიერთობებს გავითვალისწინებთ) ეს ნამდვილად ასეა. მაგალითად, ყველა ჩვენი სტრატეგიული ნავთობ- და გაზსადენები ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ჩვენი მეზობლის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომენტებში მას მუდამ გვერდით ედგა აზერბაიჯანი და ენერგორესურსებს აწვდიდა - შეღავათიანი ფასებით და ხშირად უფასოდაც. აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში ასობით მილიონი დოლარის ოდენობით არის ჩადებული. გარდა ამისა, ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოს ბევრ სოციალურ პროექტშია ჩართული.

რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივე - აზერბაიჯანიც და საქართველოც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ სეპარატიზმისაგან. ამასთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარია ქართველი „სტრატეგიული მეგობრების“ უკიდურესი არამეგობრული გამოხდომა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ, საქართველოში საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთმა კანდიდატმა, რომელმაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტის სავარძელი მაინც დაიკავა - სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ კომპაქტურად მცხოვრებ სომხების წინაშე გამოსვლისას თავს უფლება მისცა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინა. როგორც არ ეცადნენ მისი მომხრეები ამ უკადრისი საქციელის მიჩქმალვას, მას მაინც ძალიან ცუდად გამოუვიდა. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის (და მთლიანად მთავრობისაც) პროსომხური პოზიცია აშკარაა. თბილისის დღევანდელი ხელისუფლების პროსომხური და ანტიაზერბაიჯანული განწყობა იმ პროვოკაციის შემდეგ, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, უკვე არანაირ ეჭვებს აღარ ტოვებს. თვითონ განსაჯეთ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა 20 იანვარს მიხეილ ავაგიანისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ.ბუღაშენში ძეგლის დადგმის თაობაზე. ეს ის მიხეილ ავაგიანია, რომელიც ყარაბაღის ოკუპირებაში მონაწილეობდა. როგორც ჩვენი დიპლომატიური უწყების პრესსამსახური იტყობინება, „მიხეილ ავაგიანისათვის ბიუსტის დადგმის გამო, რომელიც მთიანი ყარაბაღის ოკუპაციასა და აზერბაიჯანული მოსახლეობის დახოცვა-მკვლელობებში მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყნის ელჩი დაუყონებლივ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და ოფიციალური ბაქოს პროტესტი გააცნო. ამავე დროს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში მიწვეულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მოსთხოვეს გადაუდებელი ზომები მიეღო ხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ამ საკითხს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს“.
უდავოა, რომ ეს ფაქტი ერთობლივ ქართულ-სომხურ პროვოკაციას წარმოადგენს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულს. საქმე ხომ იმ ტერორისტს ეხება, რომელიც უშუალოდ, პირადად მონაწილეობდა ხოჯალის გენოციდში და აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპირებაში! გაუგებარია მხოლოდ ოფიციალური თბილისის მოქმედების ლოგიკა, რომელიც აჰყვა სომეხ ნაციონალისტებს. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ძეგლის დადგმის დროც შემთხვევით არ არის შერჩეული. როგორი ცინიზმით სავსე უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს 20 იანვარი აზერბაიჯანისათვის და ამ დროს ნებას აძლევს სომეხ პროვოკატორებს სწორედ ამ დღეს გაუხსნან ძეგლი ტერორისტს!

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს თვითონაც აწუხებს სეპარატიზმი. უფრო მეტიც - სომხურ სეპარატიზმს ახალქალაქში დიდი ხანია თავი აქვს წამოყოფილი. იქაური სომხები არა მარტო უბრალო ავტონომიას მოითხოვენ, არამედ სრულ დამოუკიდებლობას საქართველოსაგან და თუ ასეთი მეთოდებით ცდილობს თბილისი სომხების დაწყნარებას, რომ იქნებ უარი თქვან თავიანთ სეპარატისტულ მოთხოვნებზეო, მაშინ ქართველები ძალიან ღრმად სცდებიან. ტერორისტებისა და სეპარატისტების გმირებად შერაცხვით, მათთვის ძეგლებისა თუ ბიუსტების დადგმით საქართველო სულ მალე სომხური შოვინიზმის წინაშე დადგება, ანუ ბუმერანგის პრინციპი ამოქმედდება.

მეორე მხრივ, აზერბაიჯანი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ქართველი ელჩის „ხალიჩაზე გამოძახებით“. ანტიაზერბაიჯანული გამოხტომები ადრეც ხდებოდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც - აზერბაიჯანული სკოლების დახურვა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების უგულვებელყოფა, აზერბაიჯანელი მასწავლებლების გათავისუფლება და, უბრალოდ, რიგითი აზერბაიჯანელების დევნა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოში.

ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველო 150 ათასზე მეტმა აზერბაჯანელმა დატოვა, ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების რეაქცია საქართველოში სომეხი ტერორისტის ძეგლის გახსნის გამო ადექვატური უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, ქართველებს უფასო ეკონომიკური დახმარება მაინც უნდა შევუწყვიტოთ. ენერგორესურსების შეღავათიანი ფასით მიწოდებაზეც უნდა დავფიქრდეთ - ალბათ, უპრიანი იქნება გაზი და ნავთობი მსოფლიო ფასებში მივყიდოთ. ძალიან საეჭვოა, რომ მხოლოდ ქართველი ელჩის გამოძახებით თბილისი მსგავს ანტიაზერბაიჯანულ პროვოკაციებზე უარს იტყვის. აშკარაა, რომ ძეგლის დადგმა იმ სომეხი ტერორისტისათვის, მკვლელისათვის, რომლის ხელები უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანების სისხლშია გასვრილი, ყოველ აზერბაიჯანელში აღშფოთებას იწვევს. ამიტომაც მკაცრი რეაქცია დაუყონებლივ უნდა მოხდეს. ეს უკვე ჩვენი ღირსების საქმეა.

ბეჭდვა