საქართველოს პრეზიდენტის პირველი დიდი პრეს-კონფერენცია - ბევრი კითხვა და არცერთი კონკრეტული
პასუხი: სალომე ზურაბიშვილის პრესასთან ურთიერთობის თავისებურება და ხელოვნება არ ჰქონდეს საკუთარი პოზიცია საკვანძო საშინაო და საგარეოპოლიტიკური საკითხების მიმართ.
პრეზიდენტი ის პირი არ არის, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ხელისუფლებას რაიმე რჩევა მისცეს ან მიუთითოს. სალომე ზურაბიშვილმა დისტანცირება მოახდინა როგორც მმართველი პარტიიდან, ისე აშკარა განხეთქილებისაგან, რომელიც „ქართული ოცნების რიგებში შეიმჩნევა. ქვეყნის პრეზიდენტს არ აინტერესებს არც მმართველი პარტიის შიგნით მიმდინარე დავები და არც ყბადაღებული „მოსამართლეთა სიები“...
სალომე ზურაბიშვილი არც იმის კომენტირებისთვის არის მზად, თუ რატომ წაართვეს უფლება პრეზიდენტს უმაღლესი სასამართლოს წევრის წარდგენის უფლება. შესაბამის კითხვაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა იმავე მოტივით უპასუხა - უფლება არ მაქვსო კომენტარი გავუკეთო კონსტიტუციის ნაკლოვანებებსო, ეს პარლამენტის საქმეაო. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის წინაშე არავითარი ვალდებულება არ აქვს - თურმე „ქართულ ოცნებას“ მის პრეზიდენტად არჩევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილის მთავარი ამოცანაა ხალხი მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოს და კონსტიტუციის ჩარჩოებში იმოქმედოს.
პრეზიდენტის აზრით, ქართული დემოკრატიის ინდექსის განსაზღვრა The Economist-ის კომპეტენცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟურნალი მსოფლიოში გავლენიან გამოცემას წარმოადგენს. ამრიგად, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის დაცემას ამ კონტექსტით სერიოზული ყურადღება არ უნდა მიექცეს. აი, რაზედაც მართლაც სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, ეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციებია: პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მიმართ ნეგატიური აჟიოტაჟია ატეხილი, რითაც კარგად სარგებლობს რუსეთის პროპაგანდა.
პრეზიდენტს პასუხების გაცემა რუსეთთან დამოკიდებულების თაობაზეც მოუწია, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტიკას ისევ თავი აარიდა. კითხვაზე, განზრახული აქვს თუ არა მას პრეზიდენტობის ექვსი წლის განმავლობაში მოსკოვთან ურთიერთობის აწყობა, მან ორჭოფულად უპასუხა - არავინ იცის რა მოხდება ექვსი წლის მანძილზეო...
სალომე ზურაბიშვილი არც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით არ გამოხატავს თავის პოზიციას - ამ საკითხში იგი არაფერს არ ურჩევს არც მმართველ პარტიას, არც საქართველოს საპატრიარქოს. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი დონისაა: ავტოკეფალია ძალზე სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს და ამიტომ სიფრთხილის უკიდურესი დაცვაა საჭირო.
მოკლედ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრეს-კონფერენციის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის ბაგეთაგან ორი ყველაზე პოპულარული სიტყვა ისმოდა - „პასუხისმგებლობა“ და „კომპეტენცია“. დამკვირვებლების აზრით, მთავარი დასკვნა, რომელიც პრესასთან სალომე ზურაბიშვილის პირველი დიდი შეხვედრიდან შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ საჭიროა კომპეტენციის ფარგლებში დარჩენა და თავის არიდება ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებაზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაურისაგან არაორდინარულ ნაბიჯებს და განცხადებებს არ უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანში მაინც.
---------
სალომე ზურაბიშვილის პრეს-კონფერენცია განსაკუთრებით ფართოდ გაშუქდა რუსეთის მასმედიის მიერ (მასალები გავრცელდა ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოების მიერ, გადაიცა ტელეკომპანიების - «НТВ»-სა და «Мир»-ის ეთერით), იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის მასმედიის შესახებაც. შედარებით ნაკლებად - ევროპულ-აზიური გამოცემებით (იტალია - Agenzia Nova, ჩინეთი - Xinhua News Agency ყაზახური AKIpres, თურქული Anadolu Ajansi და ა.შ.).
