რუსული გამოცემა, «Независимая газета» პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასშტაბით 2018 წელს მომხდარ მნიშვნელოვან
მოვლენებს სარედაქციო სტატიას უძღვნის.
აღნიშნულ სტატიაში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელობით მე-5 ადგილზე დასახელდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
ის, რომ საქართველო პირველი სახელმწიფო იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გარდა), სადაც პრეზიდენტი ქალი იქნებოდა, ცნობილი გახდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მხარს ფორმალურად დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მისი გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად იქნა აღქმული თვით „ქართული ოცნების“ წევრებს შორისაც კი, თუმცა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუ რა შრომად და თანხების ხარჯვად დაჯდებოდა მიზნის მიღწევა...
ყველაფერი კი [წინასაარჩევნო კამპანიის] ოფიციალურ სტარტამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, როცა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომზე მსჯელობისას, საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. მართალია, უკვე აგიტაცია-პროპაგანდის მსვლელობის დროს სალომე ზურაბიშვილი არაერთგზის ცდილობდა თავისი შეფასების დეზავუირება მოეხდინა, მაგრამ მისი დაზუსტებები სიტუაციას მხოლოდ აუარესებდა. ამას დაემატა ზოგიერთი გარემოება, რომლებმაც საზოგადოება გააღიზიანა - დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ პარიზში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა, ქართულ ენას სრულყოფილად არ ფლობსო. ასევე გაიხსენეს ექს-მინისტრის რთული დამოკიდებულება მასმედიასთან.
ყოველივე ამის შედეგად, 28 ოქტომბრის გვიან საღამოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა ისეთი მონაცემები, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეაცბუნა და სახტად დატოვა: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მხოლოდ 1%-ზე ნაკლები სხვაობით მოიგო, რაც სრულიად არასაკმარისი იყო I ტურში გამარჯვებისათვის. მოკლედ, როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, „დამწვრის სუნი დადგა“...
საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა ზუსტი ნაბიჯები: ჯერ ერთი, რომ უკან იქნა გაწვეული მარიხუანას (კანაფის) კულტივაციისა და ექსპორტის მიზნით პარლამენტში მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტი, რომელმაც გავლენიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურების უკმაყოფილება და საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკული შეფასება გამოიწვია; მეორე - ტელეკომპანია „იმედმა“, რომელიც რეიტინგით მეორე ადგილზეა და რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება მიუღებლად მიიჩნია, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა და ამით გარკვეულწილად დააბალანსა „საეთერო ბრძოლები“; მესამე - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა საბანკო ვალების ჩამოწერა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის (ანუ ამომრჩევლების) მნიშვნელოვან ნაწილს ჰქონდა დაგროვილი და ვეღარ იხდიდა. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 60% მიიღო და თავის კონკურენტ გრიგოლ ვაშაძის („ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის) მიერ მოგროვილ ხმებს 20%-ით გადაამეტა..
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა - იმავდროულად პირველი ქალი-პრეზიდენტი და ბოლო პრეზიდენტი, რომელიც საყოველთაო-სახალხო ხმის მიცემის წესით იქნა არჩეული. მომდევნო პრეზიდენტს უკვე ამომრჩევლთა კოლეგია აირჩევს. სალომე ზურაბიშვილს ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს: პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე პატიმართა შეწყალება, რომელთა სიას სპეციალური კომისია განსაზღვარვს. ამასთან, ომის შემთხვევაში პრეზიდენტი [თავდაცვის ძალების] უმაღლესი მთავარსარდალი ხდება.
ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ აღიარა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ინაუგურაციის ხელის შეშლა დაგეგმეს, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ „ივანიშვილის რეჟიმთან“ ბრძოლის გაგრძელება გამოაცხადა.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პრეზიდენტის ოფისში უკვე შევიდა, განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი განხეთქილების დაძლევა იქნება.
