"ng.ru"(რუსეთი): სააკაშვილი არ ისვენებს, თუმცა მის მგზნებარე მოწოდებებს ნაპერწკლის გამოწვევაც კი აღარ შეუძლია
"ng.ru"(რუსეთი): სააკაშვილი არ ისვენებს, თუმცა მის მგზნებარე მოწოდებებს ნაპერწკლის გამოწვევაც კი აღარ შეუძლია
14:08 25.12.2018
რუსული გამოცემა «Независимая газета» საქართველოში პოსტსაარჩევნო პერიოდში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას იური როქსის ავტორობით სტატიას უძღვნის, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:

ახლოვდება საახალწლო დღესასწაულები, პოლიტიკოსთა აქტიურობა კლებულობს, მაგრამ ეს გარემოება მიხეილ სააკაშვილს არ ეხება: ნიდერლანდებში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი არ ისვენებს, სოციალური ქსელებითა თუ ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მეშვეობით თავის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და საქართველოს მოსახლეობას დაუმორჩილებლობის აქციების მოწყობისაკენ მოუწოდებს, დღევანდელი ხელისუფლების გადადგომის მიზნით.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა სამშობლოდან თანაპარტიელების მიერ მიღებულ შეტყობინებებსაც კი, რომ მისი პოპულარობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ნაციონალებთან“ დაახლოებული პოლიტოლოგები პარტიის ლიდერებს მოუწოდებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაერწმუნებინათ - რაც უფრო ნაკლებად ჩაერთვებოდა იგი „რუსთავი-2“-ის ეთერში, მით უფრო კარგი იქნებოდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აქტიურობა ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატისათვის ცუდი შედეგების მომტანი იქნებოდა. უპირველეს ყოვლისა, აუდიტორიას აღიზიანებს მისი მცდელობა, რომ ყოველი პოზიტიური მოვლენა თავის სასარგებლოდ წარმოაჩინოს, თითქოს ყველა საკითხის წარმატებულ გადაწყვეტაში მას დადებითი წვლილი აქვს შეტანილი. ავიღოთ, ვთქვათ, საბანკო ვალების ჩამოწერა. მთავრობის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს, თუმცა განგებ „ივიწყებს“, რომ სულ ცოტა ხნის წინათ მოსახლეობას იგივეს თვითონ პირდებოდა.

არასასიამოვნოა ისიც, რომ საქართველოს ყველა წარმატებას ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ მმართველობას უკავშირებს, თანაც ისე, რომ ვინც სიტუაციას არ იცნობს, ეგონება - ქვეყნის ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლამდე საქართველოს მთავრობა არაფერს არ აკეთებდა, მოსახლეობას არაფერი არ ჰქონდა და არაფერი უნახავს. დიახ, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მართვა რთულ პერიოდში დაიწყო და მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. დიახ, საქართველომ სწორედ მისი მმართველობის დროს შეიძინა თანამედროვე სახელმწიფოს ნიშნები და არავინ ამ დამსახურებას მიხეილ სააკაშვილს არ ეცილება. მაგრამ ამ წარმატებების გათვალისწინებითაც კი დღევანდელ ხელისუფლებას მან მაინც არ უნდა წამოაძახოს, თითქოსდა მთავრობა „არაფერს აკეთებს“ და ყველა პროგრესი მხოლოდ თვითონ მიიწეროს, საკუთარ თავთან გააიგივოს. „საქართველოში უკვე არაფერი აღარ კეთდება - არც თვითმფრინავები, არც ჯავშანმანქანები... სამხედრო საწარმო „დელტა“ დახურულია... არადა, ჩვენი ხელისუფლების დროს ფრთოსან რაკეტებს ვაწყობდით ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც მსოფლიოში არავის არ აქვს“, - იკვეხნიდა მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში და თავის თანაპარტიელებს მიუთითებდა - დაუმორჩილებლობის აქციის მოწყობის მიზნით ფული რომ გჭირდებათ, ის ფული ისე მოიპოვეთ, როგორ მეზობელ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანმა მოახერხაო, ანუ ოლიგარქებს და მილიარდერებს წაართვთო.

თუმცა, როგორც ჩანს, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის მგზნებარე მოწოდებებს ნაპერწკლის გამოწვევაც კი აღარ შეუძლია. პარლამენტის წინ ჯერ კიდევ გაშლილია „კარვების ქალაქი“, მაგრამ ხალხმრავლობა არ იგრძნობა. ცნობილი პერსონებიდან იქ მხოლოდ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი დგანან. ზოგჯერ „ნაციონალები“ ცდილობენ მიტინგი მოაწყონ, მაგრამ ხალხი ცოტა იკრიბება.

პროტესტის აშკარა კრიზისის მიუხედავად, „ნაციონალებმა“ ყურად არ იღეს თბილისის მერიის თხოვნა - პარლამენტის შენობის წინ ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხე დავდგათო - და კარვების დაშლაზე უარი თქვეს. „ჩვენ პროტესტის გამოხატვის უფლება გვაქვსო“, - აცხადებენ ისინი. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი ჩაიქნია და საახალწლო ნაძვის ხე სხვა ადგილზე, რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანეს, რომელიც 2019 წლის საახალწლო ზეიმის ცენტრი იქნება.


ბეჭდვა