«The Korea Times» (კორეის რესპუბლიკა): საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობა
«The Korea Times» (კორეის რესპუბლიკა): საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობა
13:51 25.12.2018
კორეული გამოცემის, «The Korea Times»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც გაზეთის მე-5 გვერდზეა განთავსებული (რუბრიკით «Embassy Row»), გადმოცემულია კორეს რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეაში) საქართველოს საელჩოს მიერ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იუ-ვან ბუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„2018 წელს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო წელია (100 წელი პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნიდან), საქართველომ მნიშვნელოვნად გააფართოვა კამპანია მსოფლიოში ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკური რეფორმების, ტექნოლოგიების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, მეცნიერების, განათლების პოპულარიზების თვალსაზრისით“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ქრონოლოგიურადაა ასახული სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს საქმიანობა, დაწყებული 2018 წლის მაისიდან: საქართველოს ელჩის ოთარ ბერძენიშვილის გამოსვლები და შეხვედრები, რომლის დროსაც მან კორეულ საზოგადოებას ქვეყნის ისტორია გააცნო, ისაუბრა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას; ქართული კომპანიების მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ გამოფენებში; ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, ტურისტულ ღონისძიებებში და ა.შ.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია საქართველო-სამხრეთ კორეის თანამშრომლობაზე განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტების წარმატებებზე, რომლებიც ცოდნას ამ ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელებში ეუფლებიან. კორეულ ენაზე ითარგმნება ქართველი მწერლების ნაწარმოებებიც - 10 თანამედროვე ქართული რომანი.

2018 წლის 12 ნოემბერს, სეულის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში («ASAN»), საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გაიმართა მრგვალი მაგიდა (დისკუსია) თანამედროვე საერთშორისო წესრიგის თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, პოლონეთის, შვედეთის და უკრაინის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, აგრეთვე კორეელმა ექსპერტებმა. ორეტაპიან ღონისძიებაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ აზიაში და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე, უსაფრთხოების პრობლემებზე, გამოწვევებზე.

ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით გამოვიდნენ ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და «ASAN»-ის პრეზიდენტი ჰან-ჩაი ბონგი. ქართველმა დიპლომატმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო [რუსეთის მიერ] საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია 10 წლის შემდეგ, ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. იგი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის კურსს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებებშიც, რომელიც კორეის რესპუბლიკის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოაწყეს.

ბეჭდვა