„sovsekretno“(რუსეთი): 1990 წლის სტატუს-ქვო აღარ აღდგება, საქართველო ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებს
„sovsekretno“(რუსეთი): 1990 წლის სტატუს-ქვო აღარ აღდგება, საქართველო ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებს
18:56 19.12.2018
რუსული გამოცემა «Совершенно секретно», ანტონ კრივენიუკის ავტორობით ვრცელ მასალას აქვეყნებს, რომელიც, როგორც ჩანს იმ ჟურნალისტთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც საბჭოური ნოსტალგია ჯერ კიდევ ვერ მოიშორა და შესაბამისად, საკუთარ მასალაში არა პრაგმატიზმისა და ოპტიმისტური ხაზის გატარებას, არამედ არსებული ისედაც არასახარბიელო მდგომარეობის უფრო მუქ ფერებში წარმოჩენას ცდილობს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს. მისთვის მეორე ტური ტრიუმფად იქცა. მიღებული ხმების თითქმის ორი მესამედით მან „მიხეილ სააკაშვილის კაცი“ - ექს-პრეზიდენტის თანამოაზრე და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა.

ამასთან, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხმა გრიგოლ ვაშაძესაც მისცა. მმართველი პარტიისათვის მართლაც ბევრი პრეტენზიის წაყენება შეიძლება: საქართველო პრაქტიკულად არ ვითარდება, სახელისუფლებო ელიტაში ახალი კლანები და დაჯგუფებები ყალიბდება, მატულობს კორუფციისადმი შემრიგებლობა... გაიზარდა ძალადობის ფაქტები ახალგაზრდებს შორის, ხშირად ხდება მკვლელობები, რომელსაც ფართო რეზონანსს იწვევს.

თუმცა ამ ყველაფერ ნეგატიურს პლუსებიც ახლავს: საქართველო ბოლო წლებში გასაკვირად მშვიდ ქვეყნად იქცა, რომელმაც მძლავრი ბიძგი მისცა ტურისტული ნაკადის მოზიდვას, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელთა რაოდენობა თითქმის მილიონს გაუტოლდა. უკვე ბევრია ისეთი ბიზნესმენი და მეწარმე, რომელთა კეთილდღეობა სწორედ საგარეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე და უცხოურ ტურიზმზეა დამოკიდებული.

სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ დანაქადნი ვერ შეასრულა - გაცხადებული შეტაკება არ მოხდა. თანამედროვე საქართველოს ორი სხვადასხვა პროექტიდან - მიხეილ სააკაშვილის „აგრესიული-ლიბერალურიდან“ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რამდენადმე კონსერვატიულიდან - გაიმარჯვა მეორემ, რომელიც ქართული ცხოვრების ბუნებრივი კალაპოტით განვითარებას გულისხმობს. ანუ მოსახლეობამ ის გზა აირჩია, რომელმაც ოპოზიციას არჩევნების შემდგომი ქაოსის მოწყობისათვის ყოველგვარი შანსები მოუსპო

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მაინცდამაინც ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, თუ მასზე ფუნქციური დატვირთვისა და პოლიტიკური გავლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუმცა არჩევნებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს გრიგოლ ვაშაძეს რომ გაემარჯვა, მაშინ ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის დასაწყისი იქნებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ, ალბათ, იმიტომაც წააგო, რომ ძალიან მჭიდროდ ასოცირებდა ყოფილ პრეზიდენტთან, რომლის მმართველობის პერიოდში რეფორმები კი ტარდებოდა, მაგრამ აბსოლუტურად ლავრენტი ბერიას დროინდელი მეთოდებით: ძალადობით, მასობრივი პოლიტიკური დევნითა და დაჭერებით. საბოლოო ჯამში, ამ არადემოკრატიულმა მეთოდებმა მიხეილ სააკაშვილის დროს გატარებული გარდაქმნების მნიშვნელობა საკმაოდ დაჩრდილა

მოკლედ, არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ლიბერალურმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა აუცილებელი რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ კლასიკური ევროპული დემოკრატია ჩამოეყალიბებინა, ანუ ისეთი, როცა ორი პარტია ხელისუფლებაში პერიოდულად ერთმანეთს ენაცვლება. ოპოზიციამ ვერ შეძლო ამომრჩეველთა 40%-ის მიმხრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია. თუ რატომ ვერ შეძლო, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას: უნდა შეწყვეტილიყო სკაიპით მიხეილ სააკაშვილის ხშირი გამოსვლები ტელეეკრანზე მასობრივი ღონისძიებების დროს, ან პირიქით - საჭირო იყო ხელისუფლებაზე ძალისმიერი ზეწოლა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად. მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნებისათვის“ ეს წარმატება შეიძლება ბოლო იყოს: საქართველო რეგიონში კვლავ ძალზე ღარიბ ქვეყნად რჩება, საჭიროა ეკონომიკის ფეთქებადი ზრდა, მაგრამ ამის პერსპექტივა არ არის. მაღალია უმუშევრობის დონე, მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის და ვინც უცხოეთშია, მას სამშობლოში დაბრუნება მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო უძნელდება.

რასაკვირველია, ასეთი მდგომარეობა არც დღევანდელი ხელისუფლებისა და არც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს არ ჩამოყალიბებულა. საქართველოს სიღარიბის მიზეზებში რომ გავერკვეთ, წარმოვიდგინოთ რუსეთის რომელიმე დეპრესიული რეგიონი, შემოვსაზღვროთ მთებით, ჩავასახლოთ სამი მილიონი ადამიანი და ვუწოდოთ სახელმწიფო. ასეთია საქართველოს, სადაც აქტიური მოსახლეობა მხოლოდ მილიონიანი ქალაქისთვის მუშაობს. ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც ამჟამად საქართველოს გააჩნია, სიღარიბის დამარცხებისათვის არასაკმარისია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მდგრადი არ იქნება.

საქართველო საკუთარი იდეოლოგიის ტყვეა - იმ იდეოლოგიისა, რომელიც გვიანსაბჭოური ინტელიგენციის მიერაა „შემუშავებული“. 1990-იანი წლების შოვინისტურმა პოლიტიკამ და რუსეთის მტრობამ საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინა და 2008 წლამდე მიიყვანა. ქართულ საზოგადოებას ეთნიკური კომპლექსები გაუჩნდა, რომლის შედეგებს უკვე ვეღარ გადალახავს - 1990 წლის დროინდელ სტატუს-ქვო აღარ აღდგება, ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებს.

თანამედროვე ქართული საზოგადოება თვლის, რომ ქვეყნის ყველა უბედურებაში, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში, ბრალი რუსეთს მიუძღვის, თუმცა ეს მთლად ასე არ არის. როგორც კი თბილისი რეალობებს გააცნობიერებს, ქვეყანა თავის განვითარებაში დიდ ნაბიჯს გადადგამს - ეკონომიკური თვალსაზრისითაც. დღეს საქართველოს განვითარების კონცეფცია ტრანზიტის იდეას ეყრდნობა - დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და პირიქით. ამასთან, პრაქტიკულად სრულიად უგულვებელყოფილი და დახურულია ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორი. რასაკვირველია, ტრანზიტული დერეფნის ფუქნქციის შესასრულებლად „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ვექტორი ცუდი არ არის, ამაში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა წინამორბედმაც საკმაო წარმატებებს მიაღწია (ნავთობ-გაზსადენები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ნავსადგური შავ ზღვაზე...), მაგრამ დასავლეთ-აღმოსავლეთის სატრანზიტო მიმართულებას საქართველოსთვის ბევრი ნაკლოვანება აქვს - განსაკუთრებით ტვირთების გადატანა-გადმოტანა კასპიისა და შავ ზღვებზე, გემებიდან რკინიგზაზე, რაშიც საკმაოდ დიდი დრო იკარგება. შესაბამისად, ტვირთები ევროპაში ჩინეთიდან რუსეთის გავლით უფრო სწრაფად ჩადის. საბოლოო ჯამში, საქართველოს თავისი სატრანზიტო როლი მხოლოდ რეგიონული თვალსაზრისით თუ შეუძლია - აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ და პირიქით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მისი მდგომარეობა, ბლოკირებულ სომხეთთან შედარებით, მაინცდამაინც შესაშური არ არის. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ვექტორში ჩართვა, მაგრამ აქ შემთხვევაში პროგრესს აბრკოლებს ქართული ეროვნული იდეოლოგიის ძირითადი პრინციპები (რომლებიც ზემოთ ვახსენეთ), აგრეთვე ის კომპლექსები, რომლებიც „ახალგაზრდა სახელმწიფოებს“ ახასიათებთ. თუ ქართულმა საზოგადოება ამ კომპლექსებს ვერ მოიშორებს, ქვეყანა ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადალახავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ მისთვის რუსეთი მუდამ „ოკუპანტი“ და „ქვეყანა-აგრესორი“ იქნება. მას სხვა გამოსავალი არ აქვს, სხვანაირად იგი ქართული აუდიტორიის ლოიალობას დაკარგავს. მართალია, „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით უფრო პრაგმატულია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პარტია, მაგრამ ქართულ საზოგადოების ცნობიერებაში რუსეთის აღქმის პრობლემა ჯერ გადალახული არ არის.

სანამ საქართველო რეალურ სიტუაციას თვალს არ გაუსწორებს, მოსახლეობა ისევე იცხოვრებს, როგორც ახლა ცხოვრობს. პრინციპში, ადამიანები უკვე მიეჩვივნენ ამგვარ ყოფას. საქართველოშიც და აფხაზეთშიც (და კიდევ კავკასიის სხვა კუთხეებშიც), თითქმის აღარ ახსოვთ, როგორი იყო ცხოვრება, როცა გზები გახსნილი იყო, როგორი იყო ეკონომიკური შესაძლებლობები. იზოლაცია და მისი შედეგი - სიღარიბე რიგითი ქართველისათვის, აფხაზისათვის, სომეხისათვის თუ ოსისათვის უკვე ცხოვრების ნორმა გახდა. ჯერ-ჯერობით ასეთი სიტუაციის შეცვლა არავის არ სურს.


ბეჭდვა