„ng.ru“(რუსეთი): ქართულ ოპოზიციას პროტესტის რესურსი აღარ აქვს, ხალხი სააკაშვილის მოწოდებებს აღარ უსმენს
„ng.ru“(რუსეთი): ქართულ ოპოზიციას პროტესტის რესურსი აღარ აქვს, ხალხი სააკაშვილის მოწოდებებს აღარ უსმენს
18:32 19.12.2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია „საქართველოს გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის - დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„დავით კირკიტაძეს ბრალად აქვს წაყენებული პოლიციელის ცემა და ხულიგნობა, რომელიც მან ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის დროს (თბილისი-თელავის გზაზე) ჩაიდინა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. ავტორი იხსენებს დავით კირკიტაძის ბიოგრაფიულ მომენტებს: გუბერნატორობას აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ ქვემო ქართლში (ანუ პოზიტიურს იმდროინდელი ხელისუფლებისათვის) და ნეგატიურს, როცა მან, პარლამენტის წევრობის დროს, პოლიციელი გალახა. ინციდენტის მოგვარებაში მიხეილ სააკაშვილი ჩაერია: დავით კირკიტაძემ ბოდიში მოიხადა, პრეზიდენტი კი შემდეგ ამ ამბავზე ხუმრობდა ხოლმე.

დღეს დავით კირკიტაძეს პრეზიდენტის დონის მფარველ-დამცველი აღარ ჰყავს. მისი აგრესიული მოქმედება ვიდეოკადრებშია დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რადიკალურადაა განწყობილი, რომ ექს-გუბერნატორის მიერ ჩადენილი ხულიგნობა რეაგირების გარეშე არ დატოვოს და, ალბათ, იგი თავის სიტყვას შეასრულებს, საზოგადოების თვალში პოლიციელის პრესტიჟს დაიცავს.

თავის მხრივ, ოპოზიცია დავით კირკიტაძეს პოლიტიკური მოტივით დაკავებულად თვლის და შესაბამისად, ძველ მოთხოვნებს ახალი დაუმატა - ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, მაგრამ პრაქტიკულად რას გააკეთებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ლიდერები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის გაფართოებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მიტინგობის მსურველები ძალიან ცოტაა. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილს „ევროპული საქართველოც“ კი არ ეთანხმება, რომელსაც ყოფილ მმართველ პარტიასთან გარკვეული სოლიდარული დამოკიდებულება აქვს.

საექსპერტო წრეებში მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები ისმის, თუმცა ზოგადად კომენტატორთა აზრი ერთმანეთის მსგავსია - ოპოზიციას ფუჭი გასროლა გამოუვიდა: მძლავრი საპროტესტო ტალღისათვის მისის რესურსები მცირეა, საზოგადოებას სხვა პრობლემები აქვს და მისთვის უცხოეთში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები უკვე გამაღიზიანებელი ხდება. ალბათ, ამიტომაც თელავთან მომხდარმა ინციდენტმა მოსახლეობის დიდ ნაწილში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია“, - ნათქვამია სტატიის ბოლოს.


ბეჭდვა