რუსული გამოცემის, «Вестник Кавказа»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში განხილულია საქართველოსა და ირანის
ურთიერთობის პრობლემები, რომლებმაც ბოლო ხანებში იჩინა თავი ორი ისტორიული კავშირების მქონე მეზობლის ურთიერთდამოკიდებულებებში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველოსა და ირანის ურთიერთობა ყოველთვიურად უარესდება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარის გამოისობით ჩაიშალა კონფერენცია თემაზე - „ირანელი ბიზნესმენების გამოწვევები საქართველოში~, რომელიც 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. საქართველომ უარი უთხრა ირანელ ბიზნესმენებს ქვეყანაში შემოსვლაზე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ჩამოთვლილია ბოლო თვეებში მომხდარი ფაქტები, რომლებიც ირანის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას (ან ქვეყნის ტერიტორიაზე მათ არშემოშვების) ასახავს, „არასწორი დოკუმენტების გამო“.
რასაკვირველია, ირანი საქართველოს მოქმედებით უკმაყოფილოა, მით უმეტეს, რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ირანის გაღიზიანებას იწვევს აგრეთვე თბილისის მცდელობები იმ მიზნით, რომ ირანელებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღება გაუმკაცრონ: თანხის რაოდენობა „საინვესტიციო რეზიდენტობისათვის“, რომელიც ბინადრობის მოწმობისათვის არის საჭირო, გასამმაგდა. კიდევ ერთი მიზეზი: ირანელები მიწებს ყიდულობდნენ სასოფლო-სამეურნეო სარგებლობისათვის, მაგრამ ახალმა კონსტიტუციამ მიწების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალა.
თბილისში მუდმივად იმართება რადიკალური ორგანიზაციის „ქართული მარშის“ აქციები, რომელიც არ მალავს, რომ „ირანელების შემოსევის“ წინააღმდეგ გამოდიან. თეირანს წინა წლებში მომხდარი სხვა შემთხვევებიც ახსოვს, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მაგალითად, როცა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2010 წელს, თბილისში თეირანიდან ტურისტის სტატუსით ცამოსული რანელი ფიზიკოსი დააკავეს და რომელიც მოგვიანებით საქარტველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე აღმოჩნდა...
საქართველო-ირანის ურთიერთობის სისტემური გაცივების მიზეზი, როგორც ჩანს, თბილისის საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციაშიც იმალება: საქართველო არა მხოლოდ აქტიურად ისწრაფვის ნატოს წევრი გახდეს, არამედ თავის ტერიტორიაზე ხშირად აწყობს სამხედრო წრთვნებსაც ალიანსის წევრების მონაწილეობით, რასაც, თავის მხრივ, ირანი ფრთხილი თვალით უყურებს. სხვათა შორის, ამ გაუცხოების შემკავებელი ეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს: საქართველოსა და ირანის ვაჭრობის მოცულობა ვერანაირად ვერ შეედრება სხვა მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, აზერბაიჯანისა, სომხეთისა და რუსეთის ირანთან ვაჭრობის მაჩვენებლებს.
