საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია მსოფლიო მასმედიაში (მიმოხილვა)
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია მსოფლიო მასმედიაში (მიმოხილვა)
23:43 17.12.2018
მსოფლიოს მასმედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც თელავში, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის ისტორიულ სასახლეში გაიმართა. მასალებში მიმოხილულია როგორ თვით ინაუგურაციის ფაქტი, ასევე ოპოზიციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მოქმედებაც, საპროტესტო აქციის მოწყობის მიზნით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციების მიმოხილვას.

„ამერიკის ხმის“ ქართულმა სამსახურმა ინაუგურაციის ფაქტს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა: „ინაუგურაცია თელავში, პროტესტი მუკუზანში“ - ასეთი სათაური აქვს მასალას, რომლის ავტორია თბილისელი კორესპონდენტი ზაზა წულაძე.

„სალომე ზურაბიშვილმა თელავში, მეფე ერეკლე მეორეს სასახლეში გამართულ ინაუგურაციაზე, ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის რანგში პირველ გამოსვლას ზუსტად 25 წუთი მოანდომა. 12 წუთით მეტი, ვიდრე, 2013 წლის ინაუგურაციაზე, მისმა წინამორბედმა მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ამ ხნის მანძილზე, „ბატონის ციხეში“ შეკრებილმა პუბლიკამ ახალ პრეზიდენტს საინაუგურაციო სიტყვა ტაშით 32-ჯერ შეაწყვეტინა. ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ მისი, როგორც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავლის გაპრეზიდენტებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე ერთგვარი წრე შეიკრა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. მასში საუბარია აგრეთვე ოპოზიციის საპროტესტო მსცველობაზე თელავისაკენ, რომელიც პოლიციამ შეაჩერა. ინციდენტის შესახებ ჯერ აშშ-ის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია (წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/first-women-president-of-georgia-sworn-in-amid-protests/4703557.html).

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის «BBC»-ის რუსული სამსახურმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი სათაურით „სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ოპოზიციამ კი კარვები გაშალა“ (ავტორი - ნანა ახმეტელი, BBC-ის თბილისელი კორესპონდენტი). მასში ვრცლადაა გადმოცემული ინაუგურაციის პროცედურა („რომელიც უპრეცედენტო იყო იმით, რომ პირველად არ გაიმართა თბილისში“), სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საინაგურაციო სიტყვით (ავტორი აქცენტს აკეთებს პრეზიდენტის მადლობაზე „ქართულ ოცნების“ მიმართ, არჩევნებში გაწეული დიდი დახმარებისათვის. გარდა ამისა, მასალაში ხაზგასმულად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა: „ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიქნები“). სტატიაში, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპოზიციის მოქმედებასაც, რომელსაც ხელისუფლებამ თელავში საპროტესტო მიტინგის გამართვის საშუალება არ მისცა (ქვესათაურით „ბლოკირებული ქალაქი“), ამიტომ „ერთიანი ნაცმოძრაობა“ იძულებული გახდა ანტისამთავრობო აქცია თბილისში გაემართა, სადაც პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მომხრეებმა პარლამენტის წინ „კარვები დასცეს“ (წყარო: https://www.bbc.com/russian/features-46586719).

რასაკვირველია, ინაუგუარაციის შესახებ ინფორმაციები გაავრცელა აგრეთვე ბრიტანულმა «Reuters»-მაც სათაურით „საქართველოს ახალი პროდასავლური პრეზიდენტი ოპოზიციის პროტესტების ფონზე ერთიანობისაკენ ისწრაფვის“ (ავტორი - მარგარიტა ანთიძე, წყარო: https://www.reuters.com/article/us-georgia-president-inaguration/georgias-new-pro-western -president-seeks-unity-after-vote-protests-idUSKBN1OF0MH).

„საქართველოს პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებისას მოსკოვი გააკრიტიკა“, - ასეთი სათაური აქვს გერმანული სამაუწყებლო კომპანია «Deutshce Welle»-ს მიერ მომზადებულ მასალას: „სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. ინაუგურაციის დროს მან თავისი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები განსაზღვრა, დიდ მეზობელ რუსეთს კრიტიკული განცხადება გაუგზავნა და მოსკოვს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა მოსთხოვა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც მიმოხილულია პრეზიდენტის საინაგურაციო გამოსვლა. სტატიის ბოლო ნაწილში, რომლის ქვესათაურია „დიპლომატი და მილიარდერი“, საუბარია სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე და ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე გამარჯვება ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის „ქართული ოცნების“ დახმარებით მოიპოვა. პუბლიკაციაში საუბარია იმ დარღვევებზეც, რომლებიც არჩევნების დროს მოხდა (დამოწმებულია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შესაბამისი განცხადება). სტატიაში ასევე დაფიქსირებულია, თუ როგორ უშლიდა ხელს ქართული პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს თელავში საპროტესტო მიტინგის ჩატარებას: ბლოკირებულ გზებზე პოლიციასა და ოპოზიციას შორის „სერიოზული შეტაკებები მოხდა“ (წყარო: https://p.dw.com/p/3ADYB). იგივე შინაარსის მქონე მასალა გამოაქვეყნა „დოიჩე ველეს“ რუსულენოვან სამსახურმაც.

დასავლური მასმედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს შორის საყურადღებოა ფრანგული საინფორმაციო სააგენტო «France Press»-ის მიერ გავრცელებული მასალაც სათაურით „საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ფიცი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო“, რომელშიც მიმოხილულია როგორც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინაუგურაციის დროს წარმოთქმული სიტყვა, ასევე ოპოზიციის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებებიც, „რომლის მხარდამჭერებს პოლიციამ თელავში შესვლაში ხელი შეუშალა“. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ „ინაუგურაციამ გზა მისცა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას, რომლის მიხედვით, ამიერიდან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიული უფლებები ექნება“. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაწეულ მხარდაჭერაზე („მან არჩევნებში მხოლოდ მილიარდერის დახმარებით გაიმარჯვა“) და ბიოგრაფიულ მომენტებზე, დიპლომატიურ კარიერაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნაზე და მინისტრობიდან გადადგომის მიზეზებზე: „სალომე ზურაბიშვილმა სწრაფად გაიმრავლა მტრები იმდროინდელ საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რომლებმაც მინისტრს ბრალი ქედმაღლობასა და ამპარტავნობაში დასდეს. როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მასთან სოლიდარობის მიზნით თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა, მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგებს შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკოსი გახდა“ (წყარო: https://www.sbs.com.au/news/georgia-s-first-female-president-sworn-in-amid-protests).

ევროპულმა სამაუწყებლო კომპანია «EuroNews»-მა, რომლის ცენტრალური ოფისი საფრანგეთშია (ლიონში) და ინფორმაციას მსოფლიოს მრავალ ენაზე გადასცემს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას რამდენიმე ვიდეორეპორტაჟი მიუძღვნა ტექსტის ერთნაირი სათაურებით „სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ფიცი დადო“ (გერმანულენოვანის ავტორი - რენატო ტოდესკო, რუსულენოვანის - ოლღა კეპინსკი). ორივეში მოკლედაა მიმოხილული როგორც სალომე ზურაბიშვილის საინაგურაციო გამოსვლა, ასევე მისი საარჩევნო კამპანიისა და ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები (დიპლომატიური კარიერა: როგორ დანიშნა იგი საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა საქართველოში ელჩად და ა.შ.). რეპორტაჟებში ხაზი აქვს გასმული, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ ცნობს, ანუ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს (წყარო: https://de.euronews.com/2018/12/16/salome-surabischwili-als-prasidentin-vereidigt).

თურქული «Anadolu Agency» სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პირველმა ქალმა-პრეზიდენტმა ფიცი მიიღო“ (ავტორები - მუმინ ალტასი და სეფა საჰინი), იუწყება, რომ თელავში გამართულ ინაუგურაციას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუად ოქტაისთან ერთად, მრავალი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი ოქტაი ასადოვი და საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. იქვე აღნიშნულია, რომ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაზეს - „მხარეებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს“ (წყარო: https://www.aa.com.tr/en/todays-headlines/georgias-1st-woman-president-takes-oath-/1340673).

ისრაელის რუსულენოვანი სამაუწყებლო ტელეარხის «9 канал»-ის ეთერში გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი, რომლის ტექსტური ვერსია გამოქვეყნდა სათაურით „თელ-ავივი? თელავი! ისრაელელმა დეპუტატებმა მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღეს“. როგორც ჩანს, პუბლიკაციის სათაური ცნობილ ფილმს „მიმინოს“ ეხმიანება (რეჟისორი - გიორგი დანელია), რომელიც თელავშია გადაღებული. კინოსურათში არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კადრი, როცა ქართველ მფრინავს სურს ტელეფონით თელავს დაუკავშირდეს და შემთხვევით თელ-ავივში მოხვდება.

„თელავში, მეფე ერეკლე მეორის ისტორიულ სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩატარდა. მას წარსულში ჯერ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, შემდეგ პარლამენტის დეპუტატი გახდა, მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მტკიცე და დამარწმუნებელი გამარჯვება მოიპოვა“, - ნათქვამია სიუჟეტში და დასახელებულია თელავში მყოფი ისრაელის დელეგაციის წევრები: „ისრაელის სახელმწიფოს სახელით საქართველოს მეთაურის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქნესეტის ვიცე-სპიკერმა ტალი პლოსკოვამ (პარტია „კულანუ“) და დეპუტატმა იოელ ჰასონმა (პოლიტიკური ალიანსი „სიონისტური ბანაკი“).

პუბლიკაციაში საუბარია ისრაელ-საქართველოს ურთიერთობაზეც: აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება შრომითი მიგრაციის შეთანხმების დადების მიზნით, რომელმაც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციის პრობლემა უნდა დაარეგულიროს (წყარო: http://9tv.co.il/news/2018/12/16/265135.html).

და ბოლოს, რუსული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოსიუჟეტის შესახებ: ტელეკომპანია «НТВ»-ს რედაქციამ 16 დეკემბერს, საღამოს, პროგრამაში «Итоги недели» გადასცა ვრცელი რეპორტაჟი სათაურით „სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყიდა: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტების ფონზე ჩატარდა“ (ავტორი - ანატოლი მაიოროვი), რომელსაც გთავაზობთ შემოკლებით:

„დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა, რომელმაც უკვე გამოაცხადა - „რუსეთთან მკაცრი ვიქნებიო“. ქვეყნის ისტორიაში პირველმა ქალმა-პრეზიდენტმა ფიცი დადო - „ვალდებულებას ვიღებ ჩემი ხალხისა და სამშობლოს აღორძინებაზეო“ და ამ დროს პოლიცია ცდილობდა, რომ პრეზიდენტად მისი არჩევით უკმაყოფილო მოქალაქეების მიერ მოწყობილი ქუჩის აქცია აღეკვეთა.

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში პატარა თელავი ორჯერ გახდა ცნობილი - პირველად 1978 წელს, როცა აქ მხატვრული ფილმი „მიმინო“ გადაიღეს და მეორედ კი დღეს, როცა გიორგი დანელიას ფილმის კადრებით ჩვენთვის ცნობილ ძველი ციხის ქონგურებიან ქალაქი ერთდროულად ინაუგურაციის, პროტესტების და ხალხური ფოლკლორის ცენტრად იქცა, როცა „სალომე ლევანოვნის პრეზიდენტობა არავის არ უნდა“.

არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები და ადმინრესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები თვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც კი აღიარა. პროტესტების მონაწილეები აცხადებენ, რომ „სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყიდა და გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება მოპარაო“. სწორედ გრიგოლ ვაშაძემ შეკრიბა ხალხი საპროტესტო აქციაზე, რათა სალომე ზურაბიშვილისათვის უცხოელი სტუმრების წინაშე ჩრდილი მიეყენებინა, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა თელავამდე ვერ მიაღწიეს, ისინი პოლიციამ შეაჩერა“, - ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში, რომელშიც საკმაოდ ფართოდაა მიმოხილული საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თანამედროვე მდგომარეობაც რუსი ტელემაყურებლისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი კადრებით და ტექსტით: „აი, ეს რუსეთის საელჩოს შენობაა, რომელზეც რუსეთის დროშა დიდი ხანია აღარ ფრიალებს, რუსი დიპლომატები კი რუსეთის მოქალაქეთა ინტერესებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით იცავენ“. რეპორტაჟის ავტორი ესაუბრება პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, გადამდგარ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს (იგი საუბრობს საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ ტერორისტებზე) და თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაცემული კარვების მობინადრეებს და აქციის მონაწილეებს (მათ შორის - მალხაზ მაჩალიკაშვილს), რომლებიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილნი.

ვიდეოსიუჟეტში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი როგორც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპონატებს, სადაც რუსეთი ნეგატიურადაა ნაჩვენები („თუმცა მითხრეს, რომ კარგ მასალებსაც გამოვფენთო, მაგრამ მუზეუმის დასახელება მაინც არ შეიცვლება“), ასევე სახალხო დიპლომატიის ფაქტების გამოვლინებას (მასალაში ქართველები რუსეთთან ძველებური მეგობრობის აღდგენაზე ლაპარაკობენ, „ანუ სახალხო დიპლომატია ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება“), რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას (კადრები თბილისის ღვინის თანამედროვე ქარხნიდან, საიდანაც „ღვინო მოსკოვში მდინარესავით მიედინება, საახალწლო მაგიდისათვის“. აქ კარგად ახსოვთ, თუ რას ნიშნავს პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზრის დაკარგვა. მიმდინარე წელს საქართველომ რუსეთში ღვინის ექსპორტის რეკორდი დაამყარა“).

რეპორტაჟის დასასრულს - ვიდეოსიუჟეტი მიხეილ სააკაშვილის ვენახიდან: „არის კახეთში ვაზის ერთი პლანტაცია, რომელსაც უკვე ვერანაირი ექსპორტი ვეღარ უშველის - მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ვენახი, რომელიც ამჟამად უპატრონოდაა მიტოვებული. ვალიკომ, პრეზიდენტის ყოფილმა მებაღემ ვენახი შეფის საქართველოდან გაქცევის შემდეგაც ვერ მიატოვა, მაგრამ სამ ჰექტარს ძველებურად ვეღარ უვლის, აგარაკიც ასევე მიტოვებულია“...
(წყარო: https://www.ntv.ru/novosti/2123480/).

ბეჭდვა