«The Sunday Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ მტაცებელ რუსეთს შეაკავებს
«The Sunday Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ მტაცებელ რუსეთს შეაკავებს
14:11 13.12.2018
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ბრიტანული გამოცემა «The Sunday Times»-ი, ჟურნალისტ მეთიუ კემპბელის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი გთავაზობთ:


პარიზელი ქალბატონი ბრწყინვალედ გამოიყურება, როცა ფოტოგრაფს პოზირებს ტერასაზე, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, სადაც წლების წინ საფრანგეთის ელჩი იყო. საქართველომ იმდენად დააფასა პარიზში დაბადებული და გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი, რომ მან უარი თქვა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურზე და საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ახლა მან კიდევ უფრო წინ გადადგა ნაბიჯი: იგი როგორც საქართველოს მეთაური, მომავალ კვირას პრეზიდენტის ფიცს დადებს.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალია საქართველოში, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს და გასაგებია, რომ ნერვიულობს - იგი უნდა გაუძღვეს ისეთ ქვეყანას, რომლის ძალადობრივი წარსულიც შოკისმომგვრელ სტატისტიკას მოიცავს: „თბილისი მისი ისტორიის განმავლობაში 26-ჯერ გადაწვეს“, - მითხრა სალომე ზურაბიშვილმა, - საქართველოს ყოველთვის რთული რთული მეზობლები ჰყავდა. ის ყოველთვის იყო ძლიერ სახელმწიფოთა შორის მოქცეული: ბიზანტიის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, სპარსეთი... ჩვეთვის ყველასაგან საფრთხე გველოდა“.

დღეს კი საქართველოს საფრთხე კრემლის სახით ჰყავს - რუსეთი განაწყენებულია ყოფილი იმპერიის ერთ-ერთი მარგალიტის დაკარგვით, სადაც, სხვათა შორის საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი დაიბადა. 2008 წელს რუსეთის ჯარები თბილისს მიუახლოვდნენ, შემდეგ კი, საფრანგეთის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, უკან დაიხიეს, მაგრამ გამიჯვნის ხაზთან ახლოს სამხედრო ბაზა დაარსეს. გასულ თვეში რუსებმა უკრაინასაც, კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, თავისი კუნთების ძალა აჩვენა შავ ზღვაზე. „ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებას, რადგან არასოდეს არ ვიცით, გადაიზრდება თუ არა მისი მოქმედება აგრესიასა და ომში“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს ახალ პრეზიდენტს მოსკოვთან მუშაობის გამოცდილება აქვს: საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს, 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილმა თავის კრემლელ კოლეგასთან - სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებაში წარმატებას მიაღწია საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხზე. ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, მისი „ცხოვრების მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქვეყნის კვლავ რუსეთის იმპერიის გავლენის სფეროში დაბრუნება. ეს ჩემთვის ერთ-ერთი წითელი ხაზია“.

66 წლის სალომე ზურაბიშვილის დიდი ბებია და ბაბუა არისტოკრატები იყვნენ და იძულებულები გახდნენ სამშობლო საუკუნის წინათ დაეტოვებინათ - სისხლიანი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, როცა მათ საფრთხე დაემუქრა.

იგი გაიზარდა ოჯახში, სადაც მუდამ საქართველოზე ლაპარაკობდნენ. სწავლობდა პარიზის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში... 1968 წელს იგი შეუერთდა სტუდენტურ მოძრაობას, რომელმაც მთელი საფრანგეთი მოიცვა. „მაგრამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა აღარ მიმიღია მას შემდეგ, რაც იქ წითელი დროშები დავინახე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. მისი ოჯახის წევრებში „ალერგიას იწვევდა“ კომუნისტური სიმბოლოები, ჩაქუჩ-ნამგალი. მათ, ქართველ ემიგრანტებს, იმედი ჰქონდათ, რომ დადგებოდა დღე, საბჭოთა იმპერია დაინგრეოდა და საქართველო საბჭოთა უღლისაგან გათავისუფლდებოდა.

„ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიტუაცია სწრაფად იცვლება და ამიტომ ჩვენ ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იმუქრება, დასავლეთ ევროპას კი ენთუზიაზმი არ აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისათვის.

როცა სალომე ზურაბიშვილი თავის ისტორიულ სამშობლოში პირველად ჩავიდა, 1986 წელს, აშშ-ში არსებულ საფრანგეთის საელჩოში მუშაობის დროს, საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. „მაგრამ თავს მაინც ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში“. იგი თბილისში საფრანგეთის ელჩის სტატუსით დაბრუნდა 2003 წელს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ წინ, რომლის შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსული ყოფილი კომუნისტური გვარდიის ხელისუფლება დაემხო.

მიხეილ სააკაშვილმა, ნეოლიბერალმა, რომელიც პრეზიდენტი გახდა, 2004 წელს სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით ყოფილი მინისტრი პარლამენტის დეპუტატად იქნა არჩეული.

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე, სხვებთან ერთად, ფრანგი დიპლომატებიც მიიწვია, ცერემონიას მისი ქალიშვილი და ვაჟიც დაეწრებიან.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მიუხედავად სალომე ზურაბიშვილს ანტირუსული დამოკიდებულებებისა, ოპონენტებმა მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც „პრორუსული“ უძახეს. მათი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი მილიარდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია და სწორედ მან, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ამოირჩია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე წარსადგენად.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სასახლეში ცხოვრობს (ჯეიმს ბონდის მონაწილეობით გადაღებული ფილმის გმირის მსგავსად), თავისი ზოოპარკით, ვერცხლისფერ სფეროზე მბრუნავი მოძრავი საბანკეტო დარბაზით და საცურაო აუზით. არსებობს ეჭვი, რომ იგი რუსეთთან არის დაახლოებული, სადაც თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დააგროვა.

პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, რომელმაც არჩევნები წააგო, განაცხადა, რომ ხმის მიცემა გაყალბდაო, მაგრამ თვითონ სალომე ზურაბიშვილი ამას უარყოფს და ამბობს, რომ იგი არავის მარიონეტი არ არის: „მე მხარს პარტია მიჭერდა და არა რომელიმე ადამიანი. მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი და ასეთად დავრჩები“. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს პრეტენზიებს რუსეთისადმი მისი სიმპათიების თაობაზეც: „საქართველოში თუ პოლიტიკოსებს სურთ, რომ მოწინააღმდეგეს დაარტყან, მას პრორუსულობას აბრალებენ... მე არასდროს გავაკეთებ ისეთს არაფერს, რომ ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს იმ დროში, როდესაც ჩემი წინაპრები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ“. სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, არჩევნებში მისი გამარჯვება საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვის სიმბოლოა. არსებობს იმედი იმისა, რომ ქვეყნის პერსპექტივაში შუა საუკუნეების „ოქროს ხანა“ განმეორდება, როცა საქართველოს თამარი - მეფექალი მართავდა

„მე არ მსურს თავი თამარ მეფეს შევადარო, მაგრამ ბევრი ქართველისთვის ეს კავშირი არსებობს: არის იმედი, რომ ისევ დადგება „ოქროს საუკუნე“... ეს შეიძლება სასურველის სინამდვილედ წარმოჩენად მივიღოთ, მაგრამ ამაზე ლაპარაკობენ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
-----------
The Sunday Times - ბრიტანული კონსერვატიული საკვირაო გაზეთი, რომელსაც მედიაკომპანია «Times Newspapers Ltd» გამოსცემს და რომელიც ფლობს ასევე გაზეთ «The Times»-საც. ტირაჟი - 1 მილიონ 200 ათასი ეგზემპლარი.

ბეჭდვა