აზერბაიჯანის რუსულენოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში მიმოხილულია
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, შეფასებულია კანდიდატთა საარჩევნო კამპანია, შედეგები და მოცემულია პროგნოზები, თუ როგორი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს. პუბლიკაციაში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ირინა ხალტურინას ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვას:
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა, პრეზიდენტის არჩევნები მაინც უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა და მსოფლიოს წამყვანი მასმედიის დაინტერესება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ბევრი ექსპერტი და დამკვირვებელი - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევს“, - აღნიშნავს ავტორი და ხაზს უსვამს: „სწორედ საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს რამდენიმე წლის მანძილზე“.
„ინტრიგა იმაშიც ჩანდა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ბრძოლა მიმდინარეობდა არა იმდენად ორ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, არამედ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მათ ზურგს უკან იდგნენ“, - წერს ავტორი და იქვე განმარტავს, თუ ვინ არიან კულისებში მდგომი პირები: ბიძინა ივანიშვილი (სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი) და მიხეილ სააკაშვილი (გრიგოლ ვაშაძის პროტეჟე).
მოკლედ, არჩევნები ჩატარდა, გამარჯვებული გამოვლინდა: საქართველოს ქალი-პრეზიდენტი ჰყავს, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, ყოფილი ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. ამჯერად იგი ქვეყნის მეთაურია, რომელიც, კონსტიტუციით შეზღუდული უფლებამოსილების მიუხედავად, მზადაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გატარებაში აქტიური როლი შეასრულოს.
სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძე და მის უკან მდგარი მიხეილ სააკაშვილი პრორუსულობაში ადანაშაულებდა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მკაფიო პასუხი გასცა ცილისმწამებლებს და ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში მტკიცედ განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არისო, ანუ მან მიანიშნა, რომ მოსკოვის იმედები არ გამართლდება.
ცხადია, საარჩევნო კამპანიის დროს ბევრი ისეთი განცხადება კეთდება, რომლებიც მოგვიანებით კორექტირდება ხოლმე: გააჩნია, როგორი იქნება სიტუაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ - რეგიონში და მსოფლიოში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიებიც. შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა უკვე იგრძნო საკუთარ თავზე სომეხ ამომრჩევლებთან, სამცხე-ჯავახეთში დაუფიქრებლად გაკეთებული განცხადებების შედეგები და დაინახა, თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანში და თურქეთში. მისმა მცდარმა ნაბიჯმა არჩევნების პირველ ტურზეც იმოქმედა - საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა სალომე ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირეს..
გასაგებია, რომ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიული ურთიერთობა არ არის დამოკიდებული ცალკეულ წინასაარჩევნო განცხადებებზე, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნები ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან ინტეგრირებულნი, უამრავი ერთობლივი ენერგეტიკულ-სატრანსპორტო პროექტები ხორციელდება... შესაბამისად, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საგარეოპოლიტიკური მემეკვიდრეობა არ დაირღვევა და ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობა გაგრძელდება. ბაქოსთან მეგობრული დამოკიდებულება თბილისის სტრატეგიულ ინტერესებში შედის და ის დამოკიდებული არაა არც განსხვავებულ საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციებზე და მით უმეტეს, არც ამა თუ იმ კანდიდატის განცხადებებზე. ამას ნათლად ადასტურებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მილოცვა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელშიც გამოხატული რწმენა, რომ „ორი მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე ექვსი წელი უნდა დაჰყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნების შემდეგ ქართულ საზოგადოებაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბული და პოლარიზებული რჩება და იმას, რომ ორი წლის შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, [პრეზიდენტს და] მმართველ „ქართულ ოცნებას“ დიდი მუშაობა მოუწევთ მოსახლეობაში ნდობის აღსადგენად. ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40% მიიღო და ეს ანგარიშგასაწევია. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება, რაც რთული იქნება უახლოესი კეთილი მეზობლებისა და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე“, - ხაზს უსვამს ავტორი სტატიის დასასრულს.
