„საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - საკმაოდ უჩვეულო ფიგურა სამხრეთ კავკასიის
რესპუბლიკისათვის: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის მეთაური გახდა ქალი, თანაც პარიზში დაბადებულ-გაზრდილი და ბოლო დრომდე საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი“, - ნათქვამია სტატიის შესავალში, რომელიც რუსეთის უძველეს გაზეთ «Санкт-Петербургские ведомости»-ში დაიბეჭდა - გაზეთი გამოდის 1728 წლიდან (ავტორი - ალექსანდრე ბორისოვი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ორ განსაკუთრებული ნიშანი ჰქონდა: პირველი, რომ საარჩევნო კამპანია მწვავე პოლიტიკური ბრძოლით მიმდინარეობდა და თანაც ორ ტურად, რომელიც ქვეყნის ისტორიაში არასდროს არ მომხდარა და მეორე - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ის ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც საერთ-სახალხოდ, პირდაპირი ხმის მიცემით არის არჩეული“, - ხაზგასმულია სტატიაში. მასში ასევე განმარტებულია, რომ მომდევნო პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული მნიშვნელოვანი მომენტები სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიიდან (ბებია-ბაბუის და მშობლების ვინაობა, მათი საქმიანობა და ა.შ.) განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ახლადარჩეული პრეზიდენტის დიპლომატიურ გამოცდილებას და მის პროევროპულ მსოფლმხედველობას.
„საქართველოს ახალი პრეზიდენტი არასოდეს არ ყოფილა რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრე“, - წერს ავტორი და იქვე შენიშნავს: „ეს არც არის გასაკვირი, მისი ბიოგრაფიიდან, ოჯახური ფესვებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე“.
სტატიაში ციტირებულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის თაობაზე: „ჩვენი მიზანია ნატო და ევროკავშირი. ალტერნატივა არ არსებობს. რუსეთი ჩვენს არანაირ პერსპექტივაში არ შედის“.
რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მადამ სალომე ზურაბიშვილის გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და კერძოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე მაინცდამაინც დიდი არ იქნება. პრეზიდენტს უფლებები შეზღუდული აქვს. სინამდვილეში საქართველოს საგარეო პოლიტიკას მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს. სწორედ მისის გადაწყვეტილებით განხორციელდა ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება 2012-2016 წლებში. ამჟამად რუსეთი, ვაჭრობის სფეროში, საქართველოს მეორე პარტნიორია (თურქეთის შემდეგ). რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამისათვის აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა. დღევანდელ სიტუაციაში, როცა რუსეთსა და საქართველოს სრულიად განსახვავებული პოზიციები აქვთ, ჯერ-ჯერობით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.
