საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული ოპოზიციის მიტინგის თემაა განხილული აზერბაიჯანული
გამოცემა «Каспий»-ს დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მუშტების ქნევა ჩხუბის შემდეგ: ქართულ ოპოზიციას დასავლელ დამკვირვებლებთან აპელირებაც კი არ შეუძლია“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის მოკლე რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ვრცლადაა მიმოხილული თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებული მიტინგის მიმდინარეობა, მათ შორის გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის (სკაიპით) განცხადებები. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დასავლელმა დამკვირვებლებმა არჩევნებში გარკვეული დარღვევები კი დააფიქსირეს, მაგრამ ზოგადად ხმის მიცემის შედეგები პოზიტიურად შეფასდა. „აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ და რა ულტიმატუმებიც არ უნდა წაუყენოს მთავრობას, არჩევნების მიმართ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების დამოკიდებულების გათვალისწინებით, ოპოზიციის პროტესტები დიდ ხანს მაინც არ გაგრძელდება, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, „იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-წერს გამოცემა.
