საპრეზიდენტო არჩევნების გარდა კიდევ ერთი თემა, რომელიც საქართველოს შესახებ უცხოურ, ძირითადად
უკრაინულ და რუსულენოვან მასმედიაში ფიგურირებს, არის თბილისში უკრაინელი მოქალაქეების დაკავების ფაქტი, მათთან ერთად კი ის სკანდალი, რომელშიც უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) წევრს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ თანამოაზრეს სემიონ სემენჩენკოს უკავშირდება. სტატიები გამოქვეყნდა რუსულ «Независимая газета»-ში სათაურით „თავისუფალი მსროლელები“ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად // შეიარაღებული უკრაინელები თბილისში ჩურჩხელის გაკეთების შესასწავლად არ ჩასულან“ (ავტორი - იური როქსი, წყარო: http://www.ng.ru/cis/2018-12-03/5_7454_help.html), ვრცელი ვიდეოსიუჟეტი გადაიცა რუსეთის ტელეკომპანია «Первый канал»-ის პროგრამა «Время»-ში სათაურით „საქართველოში იარაღით და საბრძოლო მასალებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს“ (ვიდეოსიუჟეტის ავტორი - გრიგორი ემელიანოვი, წყარო: https://www.1tv.ru/news/2018-12-03/356664). გამოქვეყნებული მასალები ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა, მხოლოდ ფაქტებს შეიცავს და რაიმე კომენტარი ან დასკვნები მოცემული არ არის.
რაც შეეხება ევროპულ მედიას: უკრაინელი მოქალაქეების დაკავების ფაქტი გაშუქდა ევროპულ სამაუწყებლო კომპანია «EuroNews»-ის რუსულენოვან ვიდეომასალაში სათაურით „უკრაინელთა ჩარევის საქმე საქართველოს არჩევნებში“ (ავტორი - ანდრეი პოზნიაკოვი, წყარო: https://ru.euronews.com/2018/12/03/georgia-ukrainians-detained-elections), აგრეთვე «ВBC»-ის (დიდი ბრიტანეთი) რუსული სამსახურის მიერ სათაურით „რა არის ცნობილი უკრაინელების დაკავების შესახებ და რა შუაშია სემიონ სემენჩენკო“ (წყარო: https://www.bbc.com/ukrainian/news-russian-46430354). პუბლიკაციაში ციტირებულია გრიგოლ ვაშაძის განცხადება: „სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ეს ადამიანები თბილისში ვითომდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდნენ. ისინი აქ უკვე 27 ნოემბერს იყვნენ, როცა არავინ იცოდა აქციის ჩატარების თარიღი და საერთოდ, იქნებოდა თუ არა აქცია“.
