საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მიხეილ კატკოვისა და ელენა გამაიუნის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
დიახ, „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თავის მოწინააღმდეგეს - „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძეს აჯობა. მაგრამ მოდით, სიმართლე ვთქვათ - ამ გამარჯვებაში საფრანგეთის ყოფილი მოქალაქის არანაირი დამსახურება არ არის. მან გაიმარჯვა არა ხალხის სიყვარულით, არამედ პირიქით - მან წარმატება მოიპოვა იმით, რომ ხალხის უდიდეს ნაწილს მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს.
მმართველმა პარტიამ მეორე ტურის წინ ყველაფერი გააკეთა, რომ ამომრჩევლებს ერთი წუთითაც არ დავიწყებოდათ, თუ ვის კრეატურად ითვლება გრიგოლ ვაშაძე. კაცმა რომ თქვას, თვითონაც „ჩაასხა კუპრი“ თავის საარჩევნო კამპანიაში, როცა ყველას გასაგონად განაცხადა - პრეზიდენტი რომ გავხდები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს შევწყვეტ და ციხეში მყოფ სხვა თანამოაზრეებს შევიწყალებო. თუ მართლაც ასე მოხდებოდა, ნიდერლანდებში მყოფ ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების ნება მიეცემოდა. მიხოს დანახვის პერსპექტივა კი ბევრს არ მოეწონა. ალბათ, ამ მიზეზითაც მეორე ტურში საარჩევნო ურნებთან უფრო მეტი ხალხი მივიდა...
ასეა თუ ისე, 2023 წლამდე საქართველოს მეთაური ქალი იქნება - ნამდვილი პარიზელი, ქართული ფესვებით, ქართველი განმანათლებლის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ბევრმა არ იცის, რომ შავიზღვისპირა ნავსადგურის - ფოთის დამაარსებელი და რკინიგზის გაყვანის ორგანიზატორი სწორედ ნიკო ნიკოლაძე იყო.
როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს სამშობლო თავისი ემიგრანტული სულით, მაგრამ მცირედ იცნობს და თითქმის ვერ უგებს მშობლიურ ხალხს? ვკითხოთ ექსპერტს:
ვადიმ მუხანოვი, „მგიმო“-ს კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი: „მიხეილ სააკაშვილს წარსული „დალაქავებული“ რომ არ ჰქონოდა, „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდებოდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გავლენას ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, მას არავითარი გავლენა არ ექნება. რატომ? იმიტომ, რომ პირველი - ის ნორმალიზაცია, რომელიც მოსახდენი იყო, უკვე 2012-2016 წლებში მოხდა - განახლდა ავიამიმოსვლა, გაიხსნა ზემო ლარსი, დაიწყო და განვითარდა ვაჭრობა... მაგრამ პოლიტიკური, დიპლომატიური ურთიერთობა ჯერაც არ განახლებულა. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია კომპრომისის მიღწევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში, რაც დღეს შეუძლებელია. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, რის გამოც უცნაური იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რაიმე ახალი ნოტები გაჩნდება“-აცხადებს ექსპერტი.
------------
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მისი შედეგების თემა რუსეთის სხვა გაზეთებშიც ფიგურირებს: «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სალომე ზურაშვილი პირობას დებს, რომ სახალხო პრეზიდენტი იქნება // ბიძინა ივანიშვილმა ნდობის მცირე კრედიტის ფონზე გაიმარჯვა“ (ავტორი - იური როქსი, წყარო: http://www.ng.ru/cis/2018-11-29/6_7452_trust.html).
მასალა დაიბეჭდა «КоммерсантЪ»-შიც - „ქართული ოპოზიცია რევოლუციას იხსენებს: გრ.ვაშაძე ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება“ (ავტორი - გიორგი დვალი, წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3814248). ორივე პუბლიკაციაში განხილულია არჩევნების შედეგები და ოპოზიციური კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განზრახვა - არ აღიაროს შედეგები და ხალხი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე მიიხმოს. მათში ციტირებულია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი, რომელთა თანახმად, ოპოზიცია თუ მომხრეებს მართლაც გამოიყვანს მიტინგებზე, ეს აქციები ხალხმრავალი არ იქნება და ხელისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოკლედ, არანაირი რევოლუცია, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველოში არ მოხდება.
