გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტობის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ რუსეთთან უფრო ღრმა მოლაპარაკებების შესაძლებლობა მექნებოდა
გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტობის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ რუსეთთან უფრო ღრმა მოლაპარაკებების შესაძლებლობა მექნებოდა
11:19 28.11.2018
«Radio France Internationale»-ს („საფრანგეთის საერთაშორისო რადიო“) ჟურნალისტმა, ჰელია პოვზნერმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს (ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია სათაურით „რატომ განაცხადა უარი საქართველოს პრეზიდენტმა მეორე ვადით არჩევაზე: „მე არ მაქვს ინსტრუმენტები, რომ ხალხს დავეხმარო“).

ინტერვიუში იგი საუბრობს თავისი პრეზიდენტობის შედეგებზე - რა გააკეთა და რის გაკეთება ვერ შეძლო, რატომ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და ა.შ. გიორგი მარგველაშვილი ეხება აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას: კითხვაზე, როგორ განვითარდება თბილის-მოსკოვის უირთიერთობა და რა არის გასაკეთებელი ამ საკითხში, პრეზიდენტი პასუხობს: „ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასაწყისში მე იმედი მქონდა, რომ რუსეთთან უფრო ღრმა მოლაპარაკების შესაძლებლობა მექნებოდა. მე ვხელმძღვანელობდი იმ მოსაზრებით, რომ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის წინაშე მდგარ პრობლემებს ვერ წყვეტს. როცა ერთი ქვეყანა მეორის ოკუპირებას ახდენს, ესე იგი, მას რაღაც მიზეზები უნდა ჰქონდეს. რუსეთი განმარტავს, რომ ამით მან ხელი შეუშალა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას... მაგრამ ოკუპაცია ხომ 2008-ში არ დაწყებულა? ის დაიწყო უფრო ადრე, 1990-იანი წლების დამდეგს, როცა ნატოზე და ევროკავშირზე არავინ არ ფიქრობდა. უბრალოდ, ეს იყო რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინება და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მოლდოვას, უკრაინის მიმართაც, რომლებთაც ასევე არანაირი გეგმები არ ჰქონდათ ნატოს შესახებ. მე მინდოდა დავმსხდარიყავით და ყველაფერი გაგვეხილა - რომელი რაში ვეწინააღმდეგეებით ან ვეთანხმებით ერთმანეთს. რუსეთს კარგი [დამარწმუნებელი] არგუმენტები არ აქვს. მისი მოქმედება მხოლოდ სანქციებს იწვევს. რაში ჭირდება რუსეთს დამატებითი ტერიტორია, მას ხომ მიწა ისედაც იმდენი აქვს, რომ მათზე დასასახლებლად ხალხი არ ჰყოფნის. მოკლედ, იმედი მქონდა, რომ მოსკოვთან რაციონალური დიალოგი მექნებოდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე - 2014 წელს რუსეთმა ისევ გამოავლინა აგრესია უკრაინის მიმართ, რის გამოც მოლაპარაკება სრულიად შეუძლებელი შეიქმნა. მოსკოვის აგრესიულობამ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწია. მე ვერ ავხსნი იმას, რისთვის ჭირდება ეს რუსეთს - ამით ხომ მისი პრობლემები კი არ მცირდება, არამედ მატულობს. პრობლემები მოსკოვს ისედაც ბევრი აქვს - ეკონომიკაში, დემოგრაფიაში... ჩვენ იძულებულები ვიყავით მხოლოდ თვალი გვედევნებინა მოსკოვის მოქმედებისათვის. იმედი მაქვს, მომავალში მაინც იქნება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთთან რაციონალური მოლაპარაკება დაივიწყოთ“-აცხადებს მარგველაშვილი.


ბეჭდვა