"kommersant"(რუსეთი): ხელისუფლება და ოპოზიცია გადამწყვეტი შეტაკებისთვის ემზადებიან
"kommersant"(რუსეთი): ხელისუფლება და ოპოზიცია გადამწყვეტი შეტაკებისთვის ემზადებიან
11:13 27.11.2018
რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი მოვლენები პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო კამპანიის ფონზე: მოსახლეობისათვის ვალების ჩამოწერა, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები (ამერიკული Edison Research-ის პროგნოზის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს), ექსპერტთა განცხადება-შეფასებები, საარჩევნოდ ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები, საპროტესტო აქციები და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მას არანაირი განზრახვა არ აქვს საქართველოში რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დაიკავოს. თუ ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელად დამნიშნავთ, მთელ მსოფლიოს გავაკვირვებ შედეგებითო, - ამბობს ექს-პრეზიდენტი, რომელსაც, სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის გამო, სამშობლოში საპყრობილე ელოდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შემდეგ თბილისში მისი მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგებით - „ჩვენ ყველაფერი გვახსოვს - არა „ნაციონალების“ დაბრუნებას“. ერთ-ერთი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, ანუ იქ, სადაც 15 წლის წინ „ვარდების რევოლუცია“ დაიწყო. მიტინგში, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, მონაწილეობა მიიღო 25 ათასმა ადამიანმა. მისი ორგანიზატორი იყო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები „პრორუსულად“ თვლიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებამ - ხელისუფლება ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს არჩევნებში ხმის მიცემის მიზნითო და სხვა სკანდალებმა ევროპაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ევროპარლამენტის დეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ ისიც კი განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა არჩევნების გაყალბებას დაუშვებს, შეიძლება უვიზო რეჟიმი დაკარგოსო. ზოგიერთი ქართველი ექსპერტი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია ფიქრობს, რომ თუ მოლდოვას მაგალითს გავითვალისწინებთ, საქართველო-ევროკავშირის დამოკიდებულების გაურესება გამორიცხული არ არის: „მოლდოვას ევროკავშირთნ დიდებული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა მოლდოვას ხელისუფლების დემოკრატიულობაში ეჭვი შეტანა“, - ამბობს გია ნოდია „კომერსანტ“-თან საუბარში“.


ბეჭდვა