საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ქართული
დემოკრატიისთვის დიდი გამოცდა იქნება. თუ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, ქვეყანა დაადასტურებს, რომ რეფორმების კურსს შედეგი აქვს. ასევე დადასტურდება ისიც, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტიდან გამოვიდა და დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. ასე აფასებენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს საექსპერტო წრეები ვაშინგტონში.
დაპირისპირებებისა და საარჩევნო ვნებათაღელვის მიუხედავად, არჩევნების მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო აცხადებს, რომ პირველი ტური თავისუფალი და სამართლიანი იყო.
ნამდვილი გამოცდა მეორე ტური იქნება. იმისთვის, რომ 28 ნოემბრის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად შეფასდეს, ცხადი უნდა იყოს ის, რომ არ შეიზღუდა საქართველოს მოქალაქეების უფლება გააკეთონ თავისუფალი არჩევანი. საბოლოო ჯამში, დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანი კი ის ქნება, რომ არჩევნები ძალდობის და არეულობის გარეშე დამთავრდეს და ორივე მხარემ არჩევნების შედეგი აღიაროს.
„დემოკრატია სწორხაზოვნად არ ვითარდება. ქვეყნები ზოგჯერ გზიდან გადაუხვევენ ხოლმე“, - აცხადებს დევიდ კრამერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები წინა მთავრობის პერიოდში მოხდა. მეორეს მხრივ კი, დღეს „ფრიდომ ჰაუსი“ საუბრობს კერძო ინტერესების გავლენაზე საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესზე და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.
თუმცა, დევიდ კრამერი ამბობს, რომ მას დემოკრატიული ხაზიდან პერიოდული, დროებითი გადახვევები იმდენად არ აშფოთებს, რამდენადაც არეულობის მოლოდინი.
„იმედი მაქვს, მეორე რაუნდის შედეგებს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ყველა მხარე აღიარებს. ხოლო, თუ ხმების ხელმეორედ დათვლა გახდა საჭირო, ეს სათანადო და მშვიდობიანი გზით მოხდება“, - თქვა დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
„შემაწუხა იმან, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ რაუნდში გაიმარჯვებდა, ისინი ქუჩაში გავიდოდნენ. ეს, ცხადია, არ მოხდა, თუმცა ამან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად დაძაბული და პოლარიზებულია გარემო. მაშინ საქართველოდან იმაზე მეტად აღელვებული წამოვედი, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფო დეპარტამენტში ზოგიერთ ჩემს კოლეგასაც ვესაუბრე ამ შეშფოთების გასაზიარებლად“, - თქვა დევიდ კრამერმა.
ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის ერთგვარი არაფორმალური სტანდარტი არსებობს, რომ ქვეყანა ჩამოყალიბებულ დემოკრატიად მაშინ ითვლება, თუ ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით ზედიზედ მინიმუმ ორჯერ ხდება. 2012 წელის შემდეგ, საქართველო ამ გზაგასაყარზე დღეს დგას. ამიტომ ქვეყანამ მომავალ არჩევნებზე შეცდომა არ უნდა დაუშვას.
„საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს [ამ არჩევნებში] აურიოს. შეცდომას ყველა ქვეყანა უშვებს. შეცდომები დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია. არევაში იმას ვგულისხმობ, რომ არ შეიქმნას დიდი პრობლემა... ძალადობა, გაყალბებული არჩევნები, რაღაც ისეთი, რაც საქართველოს იმ გზიდან გადააგდებს, რომელსაც ის ამდენი ხანია დგას. საქართველო დემოკრატიის, იმედისა და წარმატების კუნძულია და ეს ასე უნდა დარჩეს“, თქვა დევიდ კრამერმა. მან ასევე განმარტა, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძლდება, თუმცა ევროპაში საქმე სხვაგვარადაა. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ არჩევნები საეთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს:
„ევროპაში არსებობს მთავრობები, რომლებიც სიამოვნებით გაუკეთებდნენ საქართველოს იგნორირებას, ქვეყანა არასწორი გზით რომ წავიდეს. საქართველომ შეიძლება ამერიკის ფოკუსი და ყურადღებაც დაკარგოს, თუ ქვეყანა დემოკრატიულ კურსზე არ დარჩა და ევროპულ თანამეგობრობასთან უფრო ახლო ინტეგრაცია არ გააგრძელა“.
წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)
