საქართველოში ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზების თაობაზე ვრცელი მასალა გამოქვეყნდა
რუსული ტელეარხის Russia Today-ის მიერ, რომელშიც მოცემულია როგორც ამ სამხედრო ობიექტის ისტორია, ასევე რუსი სამხედრო ექსპერტების კომენტარებიც.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„საქართველო - აშშ-ის კავკასიური ავიამზიდი“
ვაზიანის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში 982-ე გამანადგურებელი საავიაციო და 313-ე ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკები იყვნენ დისლოცირებულნი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სტამბოლოს შეტანხმების ძალით, საქართველოდან რუსეთის ბაზები უნდა გასულიყვნენ, თუმცა ვაზიანის გამო თბილისსა და მოსკოვს შორის თავი უთანხმოებამ იჩინა - მოსკოვი თვლიდა, რომ ვაზიანი სამხედრო ბაზა არ იყო, თბილისი კი - პირიქით. უკვე იმ ხანებში სამხრეთ კავკასიაში ამერიკული ესკალაცია დაიწყო, ვაშინგტონმა აამუშავა „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“, საქართველომ ამერიკას რიგი პრივილიგები მიანიჭა, რომელთა თანახმად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის ტერიტორიაზე უპასპორტოდ და უვიზოდ ყოფნა შეეძლოთ, მათ სრული იმუნიტეტი ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ საქართველოში ამერიკული ტექნიკის გადმოსროლა ამერიკული სარდლობის ბრძანებით ხდებოდა და მას საქართველო უნდა დამორჩილებოდა.
ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკელი სამხედროების გადაადგილების გაკონტროლება არც მაშინ შეეძლო და არც ახლა შეუძლია. ჰიპოთეტურად, აშშ-ს შეუძლია საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე ყველანაირი სამხედრო კონტიგენტი განალაგოს. შედარებისათვის: ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი ხშირად შეზღუდულია ადგილობრივი ბიუროკრატიული ბარიერებით, ტექნიკა შეიძლება რამდენიმე დღე იდგეს საბაჟოსთან გასვლის ნებართვის მიღებამდე.
ექსპერტები ჯერ კიდევ 2006 წელს აღნიშნავდნენ ამერიკელების დაინტერესებას ვაზიანის და მარნეულის სამხედრო აეროდრომებით: „სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაშინგტონის სტრატეგია რეგიონში იმით გამოიხატება რომ საქართველო „აშშ-ის კავკასიურ ავიამზიდად“ იქცეს“, - ამბობს რუსეთის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის რეგიონალისტიკის და ევრაზიული კვლევების კათედრის დოცენტი იგორ დობაევი. ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნატოს დაპირება საქართველოს ალიანსში მიღების თაობაზე.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მშენებლობა, ერთი შეხედვით, შეიძლება ნატოს სამხედრო უპირატესობის მანიშნებელი იყოს. მართლაცდა, როგორც ჟურნალ „Арсенал отечества-ს მთავარი რედაქტორი ვიქტორ მურახოვსკი ამბობს, ვაზიანს მოხერხებული მდებარეობა აქვს, მისგან ყველაზე მოკლე მანძილია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოკრუგში განლაგებულ თავდაცვით ობიექტებამდე, ახლოა შავი ზღვის აკვატორია, ახლოა თურქეთიც... მაგრამ ვაზიანს აქვს პრობლემები ლოჯისტიკაში, რასაც მისი უპირატესობა თითქმის ნულამდე დაჰყავს. „სამე იმაშია, რომ ამერიკას საქართველოსთან პირდაპირი და ღია საზღვაო გზა არ გააჩნია. გარდა ამისა, ამერიკელებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, როცა [მათ მიერ გაწრთვნილმა] ქართულმა არმიამ ხუთ დღეში წინააღმდეგობა შეწყვიტა“.
„ზეწოლის ერთიანი სარტყელი“
როგორც Russia Today-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი ივან კონოვალოვი აღნიშნავს, ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ საქართველოში ამერიკელი სამხედროები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ სინამდვილეში ამ აქტიურობას უფრო მეტად სადემონსტრაციო ხასიათი აქვს: „კი, ამერიკელებს შეუძლიათ ვაზიანის აეროდრომი სრულფასოვან ბაზად გადააქციონ, რაც რეგიონში ესკალაციის შესაძლებლობას იძლევა, თუ თეთრი სახლი სიტუაციის აფეთქებას მოისურვებს, მაგრამ იქ ხომ 2008 წელს მარნეულის სამხედრო-საჰაერო ბაზაც არსებობდა? ამით პენტაგონს რაიმე უპირატესობა არ მიუღია“, - ამბობს ექსპერტი.
„რა თქმა უნდა, თუ ვაზიანში ამერიკელები აეროდრომის მოდერნიზებას მოახდენენ, ამით რუსეთს ნიშნს მოუგებენ და აჩვენებენ, რომ მის საზღვრებთან ბაზის შექმნა შეუძლიათ. პრინციპში, რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე მსგავსი მცდელობები დიდი ხანია მიდის. ასე რომ, ეს მთლიანი ჯაჭვის ერთი რგოლია. ნატოს აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში - ეს არის ზეწოლის ერთიანი სარტყელი, სამხედრო-პოლიტიკური ანაკონდა, რომელიც ჩვენს მიჯნებთან იკლაკნება. ამავე დროს საქართველო ამ სარტყელის ერთ-ერთი ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს“, - ასკვნის ივან კონოვალოვი.
