ნორვეგიის საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანის ფაქტს აზერბაიჯანული პრესა აქტიურად
ეხმაურება. გაზეთ «Зеркало»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საელჩოს დახურვა ნორვეგიული კაპიტალისა და ტურისტების საქართველოში გადანაცვლებას გამოიწვევს“. ბაქოელი ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი საწყენია, რადგან რეგიონული ცენტრი საქართველოსაკენ ინაცვლებს.
ექსპერტ-ეკონომისტის ნატიგ ჯაფარლის აზრით, ნორვეგიის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობის ბაქოდან თბილისში გადატანის თაობაზე შემთხვევითი არაა, თანაც მას საკმაოდ მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს:
„ბოლო 15 წლის განმავლობაში ათობით უცხოური კომპანია სწორედ თბილისს ირჩევს სამოქმედოდ და უარს აცხადებს ბაქოზე (აზერბაიჯანზე), სადაც მონოპოლიზმი და კორუფციაა გაბატონებული და სამართლიანი სასამართლო სისტემა არ არსებობს. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონულ ბიზნეს-ცეტრად იქცა და ეს იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, უფრო უკეთესი გეოგრაფიული მდებარეობა და მასშტაბური ლოჯისტიკური პროექტები“, - ამბობს ექსპერტი და იქვე განმარტავს: დიდი ბიზნესს შეიძლება არ აინტერესებდეს ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ მისი საკვანძო მოთხოვნაა ქვეყანაში არსებობდეს როგორც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე თავისუფალი ბაზარი:
„ამ თვალსაზრისით ის არჩევანი, რომელიც ნორვეგიამ გააკეთა საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანით, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობს როგორც საქმიანი, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ კომპანია Nestle-მ თავისი რეგიონული ცენტრი (ამ ფირმას 150-მილიარდიანი ბრუნვა აქვს) ბაქოდან თბილისში გადაიტანა“, - ხაზს უსვამს აზერბაიჯანელი ექსპერტი.
ამავე დროს „დემოკრატიისა და კეთილდღეობის მოძრაობის“ თავმჯდომარის გუბად იბადოღლუს აზრით, ნორვეგიის საელჩოს დახურვა უფრო მეტად აზერბაიჯანში დემოკრატიის დეფიციტით არის გამოწვეული.
„მიუხედავად იმისა, რომ საელჩო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ის უფრო აქტიური საქართველოში იყო... ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიის მთავრობა ეკონომიკურ ინტერესებზე უფრო უპირატესობას დემოკრატიის ინტერესებს ანიჭებს“, თუმცა, მისი თქმით, ბაქოში საელჩოს დახურვა ნორვეგიიდან ტურისტებისა და ინვესტორების შემცირებას გამოიწვევს.
