„თბილისში შემოდგომა ნოემბერში იწყება. მიმდინარე ნოემბერში სრულდება 15 წელი
ქართული „ვარდების რევოლუციიდან“ - პირველი ფერადი რევოლუციიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ვარდების რევოლუცია“ კი იმიტომ ეწოდა, რომ მაშინ დემონსტრანტებისა და პოლიციის ურთიერთშეხლა-შემოხლა მაქსიმალურად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეები წესრიგის დამცველთა ფარებს ვარდებს უპირისპირებდა. ისტორიაში შესული მოვლენის აღსანიშნავად თბილისის ერთ-ერთ მოედანს ბოლო დრომდე „ვარდების მოედანი“ ერქვა, დღეს კი იქ ახალი ძეგლი დგას - ველოსიპედი სხვადასხვა მიმართულების მქონე საჭით , რას იმას ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, ორივე მიმართულებითაა გახსნილი. თუმცაღა, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ველოსიპედი უფრო სხვა ფაქტის სიმბოლოს მოგვაგონებს: საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილზე ტკეპნა გრძელდება, მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკური დეგრადაცია“, - ასე იწყება რუსეთის ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთ «Московский комсомолец»-ში გამოქვეყნებული ვრცელი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ოლეგ ბონდარენკოს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში გადმოცემულია ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩამოყალიბდა. ავტორი წერს, რომ არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონიდან - სოციოლოგიური გამოკითხვები ძირითადად სწორედ ამერიკული სააგენტოების მონაწილეობით მზადდება. პრეზიდენტობის კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიების გადმოცემისას, აღნიშნულია, რომ ორივე კარიერული დიპლომატები არიან და ორივეს ევროატლანტიკური ორიენტაციები აქვთ. ამასთან ხაზგასმულია, რომ გრიგოლ ვაშაძე თვით 2008 წლის ომის დროსაც და შემდეგაც კი - 2010 წლამდე ინარჩუნებდა რუსულ პასპორტს და რუსეთის მოქალაქე იყო. სტატიაში ციტირებულია გრ. ვაშაძის იმდროინდელი განცხადება რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით: „მე ხომ რუსეთის მთავრობის მოქალაქეობა არ მაქვს. მთავრობები მიდიან, რუსეთი და რუსი ხალხი რჩება“ (თითქმის სტალინისებურად!). იქვე ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გარანტს წარმოადგენს.
„ამჟამად გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის ერთმანეთთან კონკურენცია შეიძლება ავატართა ბრძოლას შევადაროთ“, - წერს ავტორი, - პირველი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებს, მეორე კი - ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისას. ცხადია, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ დღეს ქვეყნის რეალურ „ხაზეინად“ 2013 წლიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ითვლება. პარლამენტის შენობის წინ კარავი დგას, იქვე არის 10-მდე ადამიანი, თბილისელი „ჰიპსტერები“, ისინი „ვარდები რევოლუციის“ უკანასკნელი ჯარისკაცები არიან - მათ ეტიკეტები აქვთ მიწებებული - „რუსეთი ოკუპანტია“. იქვე ბიძინა ივანიშვილის სურათთან ერთად ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლაი პატრუშევის სურათებიც მოჩანს. ამით მათ სურთ იმის გამოხატვა, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის აგენტია“, - აღნიშნავს ავტორი და იქვე პოსტკრიპტუმის სახით მინაწერს აკეთებს:
„მკითხველს შეიძლება კითხვა დაებადოს: „როგორია რუსეთთან დამოკიდებულება? რომელი კანდიდატს ექნება მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების შესაძლებლობა? საერთოდ, საქართველოში ასეთ პოლიტიკოსად ყველა შეიძლება ჩაითვალოს, თუ მასთან ვიმუშავებდით. ვინმეს აქვს წაკითხულ-მოსმენილი წინადადებები, მათ შორის ნინო ბურჯანაძისგანაც - საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დატოვება ინვესტიციებისა და კონფლიქტების გაყინვა-მოგვარების სანაცვლოდ? აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაცვლა მთლიანად საქართველოზე, რბილად რომ ვთქვათ, [არასწორია] - მათ სხვადასხვა ფასი აქვთ. თბილისი დღესაც რუსული კულტურის ქალაქია, თუმცა ბოლო დროს იქ სულ უფრო ხშირად ვხედავთ ჰიჯაბიან ტურისტებს ახლო აღმოსავლეთიდან ხოლო ზოგიერთ ქუჩაზე უკვე ირანელი რესტორატორები აკონტროლებენ.
რუსეთი და საქართველო დღეს ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ლიტერატურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ, რასაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ თავიანთი აქტუალობა. თევდორე შალიაპინიც ხომ თბილისში იქცა მომღერლად - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბოჰემურ ქალაქში, საბჭოთა და რუსეთის იმპერიების პერიოდის ჩათვლით“-ნათქვამია სტატიაში.
