რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია
საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გამოხატული პროტესტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ბორდერიზაციის სამუშაოების განახლების გამო, ამჯერად ქარელის რაიონში, სოფელ ატოცთან, რის შედეგადაც ადგილობრივი ქართველი გლეხები 50 ჰა-მდე საძოვრებს დაკარგავენ, შეიზღუდება აგრეთვე მაცხოვრებელთა მიმოსვლის შესაძლებლობაც. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებულ წარმატებაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სოფელ ატოცს ეწვია სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეწვია და განაცხადა, რომ ადამიანების მემოსვლის შეზღუდვა და ტერიტორიის მითვისება დაუშვებელია. იგივე აზრი აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, თუმცა სიტუაციაზე მათი რეაქცია პოზიტიურ გავლენას მაინც არ ახდენს - მისია მხოლოდ აფიქსირებს ფაქტებს, მოხსენებებს უგზავნის ხელმძღვანელობას, მას საზღვრის გატარების სამუშაოების შეჩერება არ შეუძლია.
რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც თავისი სიტყვა თქვა: განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალურ ნორმებს და პრინციპებს... საოკუპაციო რეჟიმის მოქმედება გამიზნულია დესტაბილიზების მოსახდენადხ, მოსახლეობის უფლებების შესაზღუდად... რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო მოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.
ცხადია, შექმნილი სიტუაციით ოპოზიციამაც ისარგებლა: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს არის მოსკოვის რეაქცია პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე: „მოსკოვი გვაფრთხილებს, რა მოჰყვება მეორე ტურს იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გაიმარჯვებს. ეს კრემლის მხრიდან ხელისუფლებისადმი გაწეული დახმარებაა. მოსახლეობა არ შეცდება და ობიექტურ არჩევანს გაკეთებს“, - თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
„ქართული ოცნებიდან“ გაისმა მოწოდება, რომ ოპოზიციას სინდისი უნდა ჰქონდეს და არ დაივიწყოს, თუ ვისი ავანტიურული მოქმედების გამო მოხდა კატასტროფა. „ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს, ნუ ეცდება იაფი დივიდენდების მოპოვებას კონკრეტული დრამატული სიტუაციიდან“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
