საფრანგეთის «Radio France Internationale»-ს თბილისელი კორესპონდენტის მიერ
მომზადებულ საქართველოს ამბების ტრადიციული, ყოველკვირეული მიმოხილვის მთავარი თემაა საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინ ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია: პრეზიდენტობის კანდიდატთა და მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსთა განცხადებები, ურთიერთკრიტიკა, დამკვირვებელთა თვალსაზრისი და ა.შ.
კორესპონდენტი ყურადღებას უთმობს მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით და დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადების ციტირებას ახდენს, რომლის თანახმად, „თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება“.
გედევან ფოფხაძის განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია: მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს 25 წლის წინანდელი სამოქალაქო ომი, რომელიც მეოთხედი საუკუნის წინათ, სწორედ ამ დღეებში მოხდა საქართველოში - როცა სამტავრობო ძალების ავიაცია დასავლეთ საქართველოს იმ ქალაქებსა და სოფლებს ბომბავდა, რომლებშიც დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ გამაგრებულნი. იმ დროს დასახლებული პუნქტები ხელიდან ხელში გადადიოდა, შვილებს დედებს თვალწინ უხოცავდნენ, ჟურნალისტებს საჯაროდ ხვრეტდნენ...
ბუნებრივია, გრიგოლ ვაშაძის პასუხი გედევან ფოფხაძის მიმართ ძალზე ხისტი იყო: „ასეთი დანაშაულებრივი განცხადების ავტორის ადგილი პარლამენტში არ უნდა იყოს“. პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა დაადასტურა, რომ მისი პარტია მხოლოდ მშვიდობიანი მომავლისათვის, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემისთვის იბრძვის.
«Radio France Internationale»-ს კორესპონდენტი ესაუბრება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს გია ნოდიას, რომლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა საქართველოში მეოთხედი საუკუნის წინანდელი ამბები განმეორდეს: „მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ამას გედევან ფოფხაძე წინასწარმეტყველებს. ქართულმა საზოგადოებამ იმ პირველი სამოქალაქო ომისაგან გაკვეთილები მიიღო, ჩვენ უკვე რაღაც ვისწავლეთ და ომის გამეორებას არ დავუშვებთ. კონსტიტუცია აბსტრაქტული ფასეულობა არაა, მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. გედევან ფოფხაძის განცხადება უფრო მოსახლეობის დაშინებას ჰგავს. როგორც ჩანს, ისინი, ვინც სამოქალაქო ომზე ლაპარაკობენ, მათ რეალურად აქვთ გადაწყვეტილი ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლებსაც სამოქალაქო ომის გამოწვევა შეუძლიათ“.
