"აზერბაიჯანს სურს, რომ რუსული გაზის შესყიდვის კონტრაქტის მოქმედება, რომლის ვადა
ნოემბრის ბოლოს იწურება, 2020 წლამდე გაგრძელდეს"-ამის შესახებ რუსული გამოცემის, «Коммерсантъ»-ის მიერ იური ბარსუკოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
როგორც SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი ელშად ნასიროვი ამბობს, „რუსულ „გაზპრომს“, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, წელიწადში 1 მილიარდი კუბ.მეტრი ბუნებრივი გაზის შესყიდვა შევთავაზეთ. ჩვენ ვთვლით, რომ მილსადენი ცარიელი არ უნდა დარჩეს. „გაზპრომ“-თან დადებული კონტრაქტი საჭირო და აუცილებელია“. დამატებით კომენტარებზე ელშად ნასიროვმა თავი შეიკავა.
საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანი გაზით რუსეთიდან მარაგდებოდა. ასეთი პრაქტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გრძელდებოდა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში კასპიის ზღვის შელფზე, აზერბაიჯანის საზღვრებში, შაჰ-დენიზის გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს და, შესაბამისად, 2006 წელს ბაქომ უარი განაცხადა რუსული გაზის შესყიდვაზე, თავისი გაზის გატანა კი, საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში დაიწყო. მაგრამ 2017 წლის ნოემბერში აზერბაიჯანი კვლავ დაუბრუნდა რუსულ გაზს, რადგან შაჰ-დენიზის საბადოდან ამოღებული ბუნებრივი გაზი არ ჰყოფნიდა როგორც საქართველოს, ასევე საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. SOCAR-მა და „გაზპრომ“-მა იმ ხანებში გააფორმეს კონტრაქტი 1,6 მილიარდი კუბ.მეტრ გაზის მიწოდებაზე, რომელსაც ვადა ნოემბრის ბოლოს გასდის. 12 ოქტომბერს კონტრაქტის გაგრძელების საკითხზე SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდუალეევმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა იმსჯელეს.
„კომერსანტის“ წყაროს თქმით, რუსული გაზის ღირებულება SOCAR-ისათვის ძალიან მაღალია შიდა ბაზარზე მისი რენტაბელური გაყიდვისათვის, ამიტომ კომპანია ამ გაზს საქართველოში ექსპორტისთვის იყენებს. რასაკვირველია, თბილისს შეეძლო გაზი პირდაპირ „გაზპრომისაგან“ ეყიდა, მაგრამ 2017 წელს ამ მიმართულებით დაწყებული მოლაპარაკება, პოლიტიკური მოსაზრებით, არასასურველად ჩაითვალა. დღეს თბილისი რუსულ გაზს მხოლოდ მცირე მოცულობით ყიდულობს ზამთრის თვეებში პიკური მოხმარებისათვის.
SOCAR-ი იმედოვნებს, რომ 2020 წლისათვის რუსეთისაგან გაზის შეძენა აღარ დაჭირდება, რადგან მწყობრში ჩადგება გაზის საბადო „აფშერონი“. გარდა ამისა, 2019 წლის ბოლოს დაიწყება შაჰ-დენიზის საბადოს მეორე რიგის დამუშავება. არის იმის პერსპექტივა, რომ 2030 წლამდე აზერბაიჯანი თავისი გაზით იქნება უზრუნველყოფილი. აქვე შევნიშნავთ, რომ 2012-2017 წლებში აზერბაიჯანში გაზის მოხმარება 20%-ით გაიზარდა, საქართველოში კი - 38%-ით, ანუ 2,5 მლრდ. კუბმეტრით წელიწადში.
