ამერიკული გამოცემა, «The Washington Times»-ი სამხედრო ანალიტიკოსის, ტოდ ვუდის
სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების იდეის კატეგორიული წინააღმდეგი გამოდის და მიიჩნევს, როიმ საქართველოსა და უკრაინის გამო ამერიკამ უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
საქართველოსა და უკრაინას არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ მათ ამერიკული ბირთვული ქოლგა ან ნატო დაიცავს. უფრო უკეთესი იქნება, თუ ისინი საკუთარ თავს თვითონ დაიცავენ. იქნებ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანსი შექმნან, რომელიც მიმართული იქნება აგრესორის წინააღმდეგ და ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ? რატომ უნდა იყოს აშშ მათი დაცვით დაკავებული?
ჩვენ მათ დავეხმარებით, მაგრამ ნატოს როლისა და მიზნების ცვლილება საფრთხეებს ზრდის. გარდა ამისა, აშშ-ის იმედით ყოფნამ შეიძლება ზოგიერთი სახელმწიფო აგრესიული მოქმედებისაკენ წააქეზოს. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან ომობენ - ნუთუ ეს თეთრ სახლს დაავიწყდა? რატომ აძლევს ნატო და აშშ უკრაინას იმის იმედს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ ნატოში მაინც გაწევრიანდება? ვინმე ხართ საქმის კურსში, რომ ამას წინათ უკრაინაში სამხედრო წრთვნების დროს ამერიკელი მფრინავი დაიღუპა? ვინმემ იცით, რომ კიევი კორუფციაში იხრჩობა? რომ უკრაინაში მექრთამეობა ყვავის? ვინმე ხართ საქმის კურსში, რომ ქვეყანაში ეგოისტური ოლიგარქია ბატონობს და იქაური ოლიგარქები ფულს სეპარატისტული საზღვრის ორივე მხარეს აკეთებენ?
მოდით, გულახდილად ვთქვათ: ნატო აშშ-ის გარეშე არაფრის გამკეთებელი არ არის. გერმანიას მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავის ჰაერში აფრენა შეუძლია... ნატო ნამდვილი სამოკავშირეო ალიანსს არ წარმოადგენს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ნატო ამერიკული უსაფრთხოების ქოლგაა ევროპული სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა თვითონ არ სურთ. რამდენი დროა კიდევ საჭირო, რომ ეს ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ?
მე სრულიად მხარს ვუჭერ თავისუფლებას. აშშ-ის არმიაშიც ვმსახურობდი. მე პატივს ვცემ ქართველებს და უკრაინელებს, ისინი ნამდვილად კარგი ადამიანები არიან და ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ, თავიანთი მიზნებისა და ოცნებების შესასრულებლად. მაგრამ დროა შევაჩეროთ ალიანსის საზღვრების აღმოსავლეთით გადაწევა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველო ან უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან, „რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოსო“. მე ეს მართლაც საფრთხედ მიმაჩნია. კაცმა რომ თქვას, რუსებს სხვა არჩევანი არც აქვთ. ამგვარ სიტუაციაში რუსეთის ყოველი ლიდერი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, იძულებული გახდება ან იმოქმედოს, ან გადადგეს. და თუ ის იმოქმედებს, ომი გარდაუვალი იქნება. ვიღაცას ძალიან უნდა ომის დაწყება. ჩვენი ახალგაზრდების სახელით ვამბობ - ეს უნდა შეჩერდეს"-წერს ანალიტიკოსი.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge
