"profile.ru"(რუსეთი): "ქართულმა ოცნებამ" სერიოზული გაფრთხილება მიიღო; აქვს თუ არა სააკაშვილს რევანშის შანსი?
"profile.ru"(რუსეთი): "ქართულმა ოცნებამ" სერიოზული გაფრთხილება მიიღო; აქვს თუ არა სააკაშვილს რევანშის შანსი?
11:18 05.11.2018
რუსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ «Профилъ»-ში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს საშინაოპოლიტიკური ვითარება საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიის ფონზე.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სერგეი მარკედონოვის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს:

„ჯერ კიდევ ახლახანს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „მოხეტიალე მუსიკოსს“ უწოდებდნენ. მის განცხადებებს - ჩამოვალ საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას დავიწყებო - ერთგვარ პიარსვლად მიიჩნევდნენ: ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა სურს და ასე ამიტომ გაიძახისო. მით უმეტეს, რომ პარტია, რომელიც 2003-2012 წლებში ქვეყნის მმართველი ძალა იყო, ორად გაიყო და სხვადასხვა დონის არჩევნებზე მაინცდამაინც მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის არ მიუღწევია. თუმცა ბოლოს დროს ჟურნალისტები და პოლიტოლოგები დაუღალავად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების პოლიტიკურ რევანშზე. ისევ და ისევ მსჯელობენ ექს-პრეზიდენტის დაბრუნების შესაძლებლობაზე ქართულ პოლიტიკაში. ამის მიზეზი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა“, - წერს ავტორი და ვრცლად გადმოსცემს არჩევნების მიმდინარეობას, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს, კანდიდატთა განცხადებებს და ა.შ.

სტატიაში ყურადღება ეთმობა ქართველი ექსპერტების შეფასებასაც: ციტირებულია ექს-მინისტრის, პოლიტოლოგ გია ნოდიას გამონათქვამი: „ხმის მიცემის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებაზე გამარჯვება არჩევნების გზით სრულიად შესაძლებელია“. ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას ავტორიტეტი საფუძვლიანად აქვს შერყეული და შეიძლება არჩევნების მეორე ტურში მისმა კანდიდატმა წარმატებას ვერ მიაღწიოს.

რამდენად არის გამართლებული პროგნოზები ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის პოლიტიკური ფიასკოს თაობაზე? საინტერესო კითხვაა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ წარუმატებლობის ანატომია: როგორც არ უნდა წარიმართოს სალომე ზურაბიშვილის და საერთოდ, „მეოცნებეთა“ ბედი, ფაქტია, რომ 28 ოქტომბერს მმართველმა ძალამ სერიოზული გაფრთხილება მიიღო. ისეთი პოლიტიკური კურსის გატარება, როგორც ადრე აკეთებდნენ, უკვე აღარ გამოვა. აუცილებელია ცვლილებები“, - აღნიშნავს ავტორი და 2012-2018 წლის მოვლენებში ისტორიულ ექსკურსს აკეთებს: როგორ გახდა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ჯერ კიდევ 2012 წელს - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როგორ გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში, რა როლი შეასრულმა ქართველმა „დენ სიაოპინმა“ - ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ (განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ოლიგარქის ძალისხმევით და მისი რეკომენდაციით არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირებას თავისავე რეკომენდატორთან და „ქართული ოცნების“ მთავრობასთან).

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილს მისივე რეკომენდაციით „სკამზე დასმულმა კაცმა“ იმედი გაუცრუა. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე მხარი დაეჭირა დამოუკიდებებლი კანდიდატისათვის - სალომე ზურაბიშვილისათვის - ჯერ საფრანგეთისა და შემდეგ საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც კარიერული დიპლომატია და საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრიც იყო. მან თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა, შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა და მრავალრიცხოვანი ლიდერების „ზღვაში ჩაიკარგა“, 2010 წელს იგი პოლიტიკიდან საერთოდ წასვლასაც კი გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თაობაზე ბევრს არ მოეწონა, მის თანაპარტიელებსაც კი (არგუმენტები: ენის სრულყოფილად არცოდნა, ფრანგული წარმოშობა, მილიარდერის მხრიდან კონტროლი და ა.შ.).
არჩევნების პირველი ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზს ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებული მცდარი საკადრო პოლიტიკაც წარმოადგენს, რაც პრემიერ-მინისტრების ხშირ ცვლაში, სამართალდამცველ სტრუქტურებში წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ბევრი ჩინოვნიკის სამსახურში დატოვება-დაწინაურებაში გამოიხატა. ამის პირველი სიგნალები ჯერ კიდევ მაისში გაისმა და შემდეგ უფრო ინტენსიურად გაგრძელდა: გამოიკვეთა კორუფციული გარიგებები მთავრობაში... მოკლედ, სკანდალები მომრავლდა, რამაც გავლენა იქონია ამომრჩეველთა განწყობაზე.

„ამჟამინდელ არჩევნებს დამატებით სიმძაფრეს მატებს ბოლო თვეებში ქვეყანაში მომხდარი მოვლენები, რომლებიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთმანეთთან მწვავე დაპირისპირებაში გამოიხატა“ - აღნიშნავს ავტორი. საქმე ეხება მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციებს (თბილისში მომხდარ მოზარდთა მკვლელობასთან დაკავშირებით), მთავრობის მიერ გადადგმული მცდარ ნაბიჯებს (მარიხუანას ლეგალური კულტივირების თაობაზე), არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ სიტუაციას (ვალუტის კურსის ვარდნა, ფასების ზრდა) და სხვა ფაქტორები.

იმავდროულად, ნაადრევი იქნებოდა რექვიემის შესრულება „ქართული ოცნების“ „სულის მოსახსენებლად“. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში მთავარი პოლიტიკური სტარტი მოხდება არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნების დროს, მანამდე კი ჯერ ორი წელია დარჩენილი. ახლა სალომე ზურაბიშვილი გინდაც რომ დამარცხდეს, ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ანუ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს მთავრობას და მუნიციპალიტეტებს (ადგილობრივ ხელისუფლებას), ასევე დედაქალაქსაც. რის გაკეთება შეუძლია ასეთ სიტუაციაში გრიგოლ ვაშაძეს, ხვალვე რომ დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი? მას ხომ ფუნქციები შეკვეცილი აქვს. თუმცა... როგორც ნათქვამია, „ეშმაკები დეტალებში იმალება“: პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების აქტები გამოსცეს საზღვარგარეთ მყოფ დაუსწრებლად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და ქართულ საპყრობილეებში მყოფ მის თანამებრძოლებისათვის. მართალია, მათ უკვე უარი განაცხადეს, შეწყალებას არ ვითხოვთო, მაგრამ მაინც... ქვეყანაში ყველა შემთხვევაში შიდაპოლიტიკური ბრძოლა გამწვავდება. თუ „ქართული ოცნება“ დღევანდელი მდგომარეობიდან დასკვნებს ვერ გააკეთებს, მისთვის საზიანო პროცესების ჯაჭვური რეაქცია გაგრძელდება.

საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი ის არის, რომ საქართველოში ძველებურად ორფეროვან პოლიტიკურ სურათს ვხედავთ: მიუხედავად იმისა, რომ კავკასიურ რესპუბლიკაში პარტიები ბევრია, ასევე ბევრია პრეზიდენტობის მსურველები (25 კანდიდატი!), მაგრამ რეალურად ბრძოლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს, თანაც წლიდან წლამდე. ქართული პოლიტიკა ძალიან არის პოლარიზებული და ყველა მცდელობა „მესამე გზის მოძებნისა“ წარუმატებლად მთავრდება..

დღეს ძნელია იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებს და როგორ მოიქცევა ამომრჩეველი, თუ მას არჩევანის გაკეთება ოლიგარქსა და ექს-პრეზიდენტს შორის მოუხდება. იმიტომ, რომ არც გრიგოლ ვაშაძე და არც სალომე ზურაბიშვილი არ იქნებიან მიმდინარე თამაშის მთავარი ფიგურები. ივანიშვილის გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ურნებთან მიმსვლელების რაოდენობა გაზარდოს და „ნაციონალთა“ რევანშის საფრთხის აქტუალიზება მოახდინოს (ისე, როგორც ეს 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს იყო), ხოლო მის ოპონენტებს ასევე შუძლიათ გაიხსენონ „დიადი რევოლუციური ტრადიციები“ - ედუარდ შევარდნაძის დამხობის დროიდან“, - აღნიშნავს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.


ბეჭდვა