რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში
ყურადღება ეთმობა საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ძირითადი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათი მხარდამჭერი პარტიების სამომავლო ტაქტიკას არჩევნების მეორე ტურში წარმატების მიღწევის მიზნით.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის მოკლე შინაარსს:
„ნაციონალები“ არ მალავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავენ, მეორე ტურში ძალთა კონცენტრირების მიზნით. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როგორც წყაროები იუწყებიან, ოლიგარქს თურმე საარჩევნო კამპანიაზე პასუხისმგებელი პირები კარგად გაუცოცხავს და თითოეულ დახარჯულ ლარზე ანგარიშის ჩაბარება მოუთხოვია. ბიძინა ივანიშვილი თურმე განსაკუთრებით იმაზე ცხარობდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან კავშირისთვის საიმედო კომუნიკაციების შექმნაზე არ ზრუნავდა და „რუსთავი-2“-თან საინფორმაციო დაპირისპირება წააგო. ალბათ, სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება („იმედი“ გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის) მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე, საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე.
ხელისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარლამენტიდან მთავრობის მიერ იმ კანონპროექტის უკან გაწვევა, რომელიც სამედიცინო მიზნით მარიხუანის მოშენება-გადამუშავება-ექსპორტს ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც „მარიხუანისტმა“, პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავის მომხრეებს მოუწოდა, მეორე ტურში ხმები „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძეს მიეცითო, ხელისუფლება მიხვდა, რომ ლიბერტარიანელთა მინდორზე თამაში უნდა დაასრულოს და სანამ გვიან არაა, კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის ნდობა უნდა დაიბრუნოს, მათ შორის გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდანაც: საქართველოში ხომ ტრადიციულად ღვთის მსახურთა ერთი სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ყველა სააგიტაციო საშუალებას თუ მეთოდს, ერთად აღებულს.
სხვადასხვა მოარული ხმების თანახმად, სერიოზული გადაადგილებები ხდება უშუალოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბშიც: პირველ ტურში განცდილმა წარუმატებლობამ „ქართული ოცნება“ მალე გამოაფხიზლა და მისი თავდაჯერებულება, რომელიც სამიოდე დღის წინათ დამკვირვებლებს „თვალს სჭრიდა“, სწრაფად გაქრა“, - წერს ავტორი.
