„პოსტსაბჭოთა სივრცის მოვლენებიდან საქართველოს ამბებმა უკრაინის ამბები გადაწონა:
სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობს. ისე ჩანს, რომ „ბოროტი გენია“ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ისევ იქ დაბრუნდეს, საიდანაც დიდი ძალისხმევით უკრაინაში გააგდეს“, - აღნიშნულია რუსული გამოცემის, «Труд»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ასევე ფართოდაა მიმოხილული არჩევნების პირველი ტურის შედეგები, პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ მიღებული ხმები, მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები, პოლიტიკურ ძალთა შესაძლებლობები არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და სხვა მონაცემები.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ანალიტიკოს ოლეგ შევცოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას:
„ამჟამინდელმა ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან დაინახა, რომ მას შანსები არ ჰქონდა. „ქართულმა ოცნებამ“, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანხმობით, მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, რომელიც არჩევნებში „დამოუკიდებელი კანდიდატის“ სტატუსით მონაწილეობს. მისი გაპიარება „ქართული ოცნებისათვის“ საკმაოდ ძნელი გამოდგა - მისივე საკმაოდ დაუფიქრებელი განცხადებების გამო, ვთქვათ, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით („ომის დამწყები მიხეილ საკაშვილიაო“). ქართველები სალომე ზურაბიშვილში უცხო ადამიანს ხედავენ, რომელიც საქართველოში მინისტრად თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიიყვანა (შეიძლება ითქვას, პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა საქართველოს „აჩუქა“). სალომე ზურაბიშვილი - „მუდმივი ოპოზიციონერი საფრანგეთიდან“ - რომელიც ქართველი მენშევიკ-ემიგრანტის ოჯახიდანაა და რომელიც პრეზიდენტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, იძულებული გახდა თავი ემართლებინა და ეთქვა - „რუსეთს მეც აგრესორად და ოკუპანტად ვთვლიო“. მაგრამ უკვე გვიან იყო - თავის მართლება ვერ დაეხმარა პირველ ტურშივე გამარჯვების მოპოვებაში.
თუ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები აქტიურად გააგრძელებენ საარჩევნო კამპანიას და მათ „ქართული ოცნება“ ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ დაუპირისპირებს, თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, არაა გამორიცხული, რომ 2019 წლისათვის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები რეგიონებში სიტუაციას მთლიანად გააკონტროლებენ, რაც ბევრ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს: ნაციონალიზმისა და პოპულიზმის რეციდივი საქართველოს ეკონომიკას უკან დასწევს, გაუარესდება ურთიერთობა მეზობლებთან...
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკითხი - რას გააკეთებს რუსეთის მიმართულებით გრიგოლ ვაშაძე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში? რა თქმა უნდა, მინდა მჯეროდეს, რომ დიდი თეატრის ვარსკვლავის მეუღლე და ჩემი მეგობარი „მგიმო“-დან, უცებ მოისურვებს და გადაწყვეტს რუსეთთან დიალოგის გამართვას და ურთიერთობის ნორმალიზებას, საკუთარი ქვეყნისთვის - საქარველოსთვის პრაქტიკული სარგებლის მოტანის მიზნით მაინც. ათი წელია გასული ცხინვალის დაბომბვიდან, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობა კი ისევ ნულზე დგას. სამწუხაროდ, იმის პერსპექტივა, რომ ოფიციალური თბილისი უარს იტყვის „რუსი აგრესორების მსხვერპლად“ ყოფნაზე, ჯერ-ჯერობით არ ჩანს.
იმის იმედად ყოფნა, რომ გრიგოლ ვაშაძე (მან რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ 2009 წელს დატოვა) მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ შეცდომებს აღიარებს და რუსეთთან საგარეო პოლიტიკას „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყებს, ჩვენი მხრიდან მიამიტობა იქნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გრიგოლ ვაშაძე უფრო გაწონასწორებულია, ვიდრე მიშიკო, ამიტომ შეიძლება მისთვის რაღაც შანსი მაინც იყოს. ბოლოსდაბოლოს, რუსეთიდან საქართველოსკენ გაშვებული ტურისტული „ნიაღვარი“ ბევრად იქნება დამოკიდებული ახალი პრეზიდენტის რიტორიკაზეც. არადა, თუ მოსკოვთან დიალოგი არ გამოცოცხლდება, საქართველოს ეკონომიკური „ნახტომის“ გაკეთება გაუჭირდება, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
და თუ სახალხოდ ბოლოჯერ არჩეული საქართველოს პრეზიდენტი მოისურვებს ისტორიაში დავით IV აღმაშენებელივით შევიდეს, მას ასეთი შანსი ექნება. მას ასევე შეუძლია თავისი წინამორბედივით ჰალსტუხი ღეჭოს... თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა“.
