რუსული გამოცემა, «Независимая газета» საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე
პოლიტიკური პროცესების შესახებ სარედაქციო მასალას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
დეკემბერი - მნიშვნელოვანი თვეა სომხეთისა და საქართველოსათვის - ორი სახელმწიფოსათვის, რომლებიც ერთმანეთის ისტორიას ზოგჯერ ზუსტად იმეორებენ. ახლა სწორედ ეს პერიოდია.
თბილისშიც და ერევანშიც პრაქტიკულად ერთდროულად (5 წელი ისტორიისათვის არაფერია!) გადაწყვიტეს სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლა. ეს არა იმიტომ, რომ მოსახლეობას ჰქონდა მზარდი მოთხოვნილება მმართველობის დემოკრატიული ფორმის მიმართ, არამედ უფრო იმიტომ, რომ მმართველ ძალებს სურდათ თავიანთი მმართველობის ვადის გაგრძელება. რასაკვირველია, კონსტიტუციების დარღვევის გარეშე, მაგრამ მათში ცვლილებების შეტანის მეშვეობით (!).
ორივე ქვეყანაში ამ გეგმამ ფიასკო განიცადა: საქართველოში 2012 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი კი არ გახდა გაზრდილი უფლებამოსილებით, არამედ დევნილად გადაიქცა, რომელზეც ძებნაა გამოხცადებული. სომხეთშიც მმართველი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თავისი ხელისუფლების პროლონგაცია ვერ მოახერხა. ამრიგად, სომეხი და ქართველი მმართველების მიერ მოფიქრებული ძალაუფლების გაგრძელების გეგმები ის ხაფანგი აღმოჩნდა, რომელშიც თვითონვე გაებნენ - მათ თავიანთი შესაძლებლობები და რისკები კარგად ვერ გათვალეს.
დღეს სომხეთში რევოლუციურ ხელისუფლებას საკუთარი ლეგიტიმაცია ჭირდება, ამისათვის კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს (...). აშკარაა, რომ ნიკოლ ფაშინინანი პროცესის ბოლომდე მიყვანას მოახერხებს. (...)
საქართველოში ორ დეკემბრამდე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. პირველი ტური მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა - მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაპრეზიდენტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. წარუმატებლობა შეიძლება აიხსნას ამომრჩეველთა პასიურობითაც - საარჩევნო ურნებთან ელექტორატის მხოლოდ 40% მივიდა. მაგრამ ესეც იმას მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ პოპულარობას და სიტუაციაზე კონტროლს კარგავს.
როგორი იქნება მეორე ტური? ამის პროგნოზირება ძნელია. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლების ურნებთან მიყვანას მოახერხებს, მაგრამ ის საყვედურები, რომლებიც მმართველი პარტიის ცნობილი სახეებისა და მათ მიერ მხადაჭერილი კანდიდატის მიმართ გამოითქვა, წარმატების შანსებს არ ზრდის. იმავდროულად ოპოზიციამ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ყველა მოწინააღმდეგეს დაივიწყონ ურთიერთდაპირისპირება, გაერთიანდნენ და მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ. და თუ იგი მეორე ტურში გაიმარჯვებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ქართული ოცნების“ წარმატების შანსები 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში შესამჩნევად შემცირდება. თუმცა თვითონ ის ფაქტიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო, უკვე მიუთითებს მმართველი პარტიის შანსების შემცირებაზე.
-----------
«Независимая газета» - რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველდრიური გაზეთი. დაარსებულია 1990 წელს, იბეჭდება მოსკოვში. ტირაჟი - 45 ათასი ეგზ.
