«Dagens Nyheter» (შვედეთი): ვინც არ უნდა იქნეს არჩეული საქართველოს პრეზიდენტად, ქვეყანა დასავლურ ვექტორს არ შეცვლის
«Dagens Nyheter» (შვედეთი): ვინც არ უნდა იქნეს არჩეული საქართველოს პრეზიდენტად, ქვეყანა დასავლურ ვექტორს არ შეცვლის
12:28 31.10.2018
„საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაშე დგას. ორ კანდიდატს შორის რაიმე არსებითი იდეოლოგიური განსხვავება არ არის: ორივეს დღის წესრიგში დასავლეთთან ინტეგრაცია ფიგურირებს“-ასე იწყება შვედური გამოცემის, «Dagens Nyheter»-ის მიერ ანა-ლენა ლაურენის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

დღეისათვის ერთი რამ სრულიად ნათელია: საქართველოში არჩევნები უკვე აღარ განსაზღვრავს იმას, შეიცვლება თუ არა პროდასავლური პოლიტიკური კურსი პრორუსულად. უკვე ათი წელია, რაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში ერთობლივი პოზიცია ჩამოყალიბდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე აქტუალური და სასარგებლო - ეს დასავლეთისკენ მიმავალი გზაა. ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია მეორე ტურში მონაწილე პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისათვის - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძისათვის - მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორივე საგარეო საქმეთა ექს-მინისტრები არიან, ორივე ლიბერალია და დასავლეთისაკენ იხედებიან.

ორივე კანდიდატს საინტერესო წარსული აქვთ: სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში კარგი დიპლომატიური კარიერა ელოდებოდა, რომ მოულოდნელად 2004 წელს იგი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მას ქართველი მშობლები ჰყავს, მაგრამ საფრანგეთშია დაბადებულ-გაზრდილი, ისტორიულ სამშობლოში კი პირველად მხოლოდ 30 წლის წინათ ჩავიდა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან საბჭოური დიპლომატიური განათლება მიიღო და როგორც საბჭოთა დელეგაციის წევრი, აშშ-საბჭოთა კავშირს შორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების პირველ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. 1990-იან წლებში იგი ბიზნესით იყო დაკავებული და ძირითადად მოსკოვსა და ნიუ-იორკში ცხოვრობდა. მას ორმაგი - რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. 2009 წელს გრიგოლ ვაშაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელიც სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დატოვა. ზოგჯერ მას დასცინიან - ლაპარაკის დროს ემჩნევა, რომ ქართული ენა მისთვის მშობლიური ენა არ არის, თუმცა ეს გარემოება სალომეს მაინცდამაინც ხელს არ უშლის. იგი კარგად იყენებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის იმიჯს, ფრანგულ ელეგანტობასთან ერთად. სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური მცირე სხვაობით მოიგო - მან ხმების 38,6% მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,7%.

ორ კანდიდატს შორის დიდი განსხვავებაა იმაში, თუ ვინ უჭერს მათ მხარს. გრიგოლ ვაშაძე ახლო ურთიერთობა აქვს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც ქვეყნის მეთაურად ყოფნის პერიოდში ღრმა რეფორმები განახორციელა. გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად უპარტიო, თუმცა მას მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც თვითონ მილიარდერი ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ დაამარცხა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა. ამჟამად იგი ძებნაშია, მას ბრალი ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში, პრეზიდენტად ყოფნის დროს.

გრიგოლ ვაშაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში თავისუფლად დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. სალომე ზურაბიშვილის აზრით კი, ექს-პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს რუსეთის არმიის შემოჭრაზე საქართველოში (2008 წლის აგვისტოში) და ამიტომ არ ეთანხმება მისი ამნისტიის ვერსიას. დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილს ბევრი ან გმირად თვლის, ან არამზადად მიიჩნევს. საერთოდ კი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იგი უახლოეს ხანში საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს.

საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი ხმის მიცემით ბოლოჯერ ირჩევს. დღეს მისი როლი სიმბოლურია, რადგან პოლიტიკურ ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრი ფლობს. ექვსი წლის შემდეგ მომდევნო პრეზიდენტს უკვე ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს.

საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, არჩევნების პირველი ტური დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა. ეუთომ ქართული არჩევნები შეაქო და აღნიშნა, რომ ხმის მიცემა თავისუფლად და ღიად განხორციელდა.
----------
«Dagens Nyheter» - შვედეთის უდიდესი ყოველდღიური გაზეთი, დაარსებულია 1864 წლის დეკემბერში. იბეჭდება სტოკჰოლმში. ტირაჟი - 270 ათასი ეგზ.




ბეჭდვა