რუსული გამოცემა, «Независимая газета» საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს
ანალიტიკოს იური როქსის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, რაც სრულიად უპრეცედენტო ფაქტია ქვეყნის ისტორიაში - თანაც იმ გარემოებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.
„საქმე ეხება არა იმდენად პრეზიდენტს და პრეზიდენტობის ინსტიტუტის სიმბოლურ მნიშვნელობას, არამედ არჩევნების პოლიტიკურ ფასს, რომელიც ძალიან მაღალია. რატომ? იმიტომ, რომ ეს არჩევნები ერთგვარი ტესტია 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთი დაბალი შედეგით „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო პერსპექტივისთვის. 28 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია არა იმდენად პრეზიდენტის პოსტის დაკავებით, არამედ ხელისუფლების ლეგიტიმირების დასადასტურებლად. შედეგები კი იმას მოწმობენ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძირითადად ლეგიტიმაცია უკვე დაკარგა და პოლიტიკური პროცესები დრამატულ სახეს იძენს“, - ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი.
თუმცა ოპოზიციისათვის ეს წარმატება არა მხოლოდ 2020 წლისათვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი პრაქტიკული გამოყენებისთვისაც. პრეზიდენტს კი აქვს უფლებამოსილება შეზღუდული, მაგრამ მას მაინც რჩება შეწყალების უფლება. თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ინაუგურაციის შემდეგ იგი „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ციხეში მყოფი ლიდერების - ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალიას გათავისუფლების პროცესს დაიწყებს, რომლებსაც თვითონ „ნაცები“ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი „პოლიტპატიმრებად“ თვლის. გარდა ამისა, აშკარაა ისიც, რომ გრიგოლ ვაშაძე თავის თანაპარტიელ მიხეილ სააკაშვილს ბრალდებების „თაიგულს“ მოუხსნის, მასზე გამოცხადებული ძებნა გაუქმდება, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგება და ექს-პრეზიდენტს სამშობლოში დასაბრუნებლად გზა გაეხსნება.
ოპოზიცია დღესასწაულობს. იმავდროულად „ნაცმოძრაობის“ ლიდერები თავიანთ მომხრეებს მოუწოდებენ, რომ „თავს ნუ დაკარგავენ“ წარმატებისგან - წინ მეორე ტურია, რომელიც ბევრად რთული, დაზაბული და უკომპრომისო იქნება. ხელისუფლება ყველა რესურსის მობილიზებას შეეცდება, „ოცნება“ თავდაჯერებულობას მოეშვება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს თავისი კანდიდატის გამარჯვებისათვის. ისე, კაცმა რომ თქვას, მილიარდერმა პირველ ტურშიც ყველაფერი გააკეთა - ფულს არ ზოგავდა, თვითონაც აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ...
სიტუაცია დღეს საქართველოში ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი განწირულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს თავისი მოუთმენლობისა და ჰიპერაქტიურობის გამო, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს დააზარალებს. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის „კაცის“ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებული ვერავითარი რესურსი ვერ შეაფერხებს.
„რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ „ქართული ოცნება“ მთელი თავისი ძალებისა და რესურსების მობილიზებას მოახდენს II ტურში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად, მაგრამ ამ გამარჯვებას განსაკუტრებული მნიშვნელობა არ ექნება. მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო უძლიერესი დარტყმა, მიდი დეგრადირების პროცესი უკვე დაწყებულია... სალომე ზურაბიშვილი ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტი რომც გახდეს, ის დეგრადაციის პროცესს ვეღარ შეაჩერებს“, - ამბობს გია ხუხაშვილი „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტთან საუბრის დროს. მისი აზრით, მმართველი პარტიისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მოპოვების შანსები მკვეთრად შემცირდა.
