ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო
ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო
10:58 17.10.2018
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილიი წინააღმდეგობრივი პიროვნებაა.

როგორც ბერძენიშვილმა «Deutsche Welle»-სთან ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო, შექმნა ისეთი სტრუქტურები, რომლებიც დღესაც კარგად მუშაობენ. ეს განსაკუთრებით ეხება [ადმინისტრაციულ], „ქაღალდებთან“ დაკავშირებულ საქმეებს.

"თუ თქვენ საქართველოში ყოფნისას მოისურვებთ რაიმე ცნობის აღებას, ბიზნესის დაწყებას, უძრავი ქონების დარეგისტრირებას, დოკუმენტების გაფორმებას, ამას ძალიან იოლად და სწრაფად გააკეთებთ - მხოლოდ ერთ ფანჯარასთან, სპეციალურად შექმნილ იუსტიციის სახლებში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი საპატრულო პოლიციის ახალი სისტემის ორგანიზატორიც გახდა: ჩვენთან აღარ არის ავტოინსპექცია, პოლიციელი გზებზე ქრთამს არ იღებს.

მაგრამ იყო რაღაც საქმეები, რომლის გაკეთება მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო. მან კორუფცია დაბალ დონეზე დაამარცხა, მაგრამ მაღალ დონეზე ვერ მოახერხა. თუმცა ყველაზე ცუდი მიხეილ სააკაშვილს ის ჰქონდა, რომ მას არ სჯეროდა - ქართველები ოდესმე თვითონ მიხვდებიან და საკუთარ, შეგნებულ არჩევანს გააკეთებენ. იგი თვითონ შეეცადა მოსახლეობა ძალით ეზიარებინა ნათელ მომავალს, შეეცადა ადამიანების ძალით გაევროპელებას და რაც შეიძლება სწრაფად. ასეთ მოქმედება ყოველთვის სასურველ ნაყოფს არ იძლეოდა.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბანკროტად გადაიქცა, მაგრამ დღეს საქართველოში ისეთი მთავრობაა, რომელსაც საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მის ერთადერთ წარმატებას მხოლოდ ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღწევა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა აუცილებელი მოთხოვნა შევასრულეთ.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების საკითხს, ამ მიმართულებით თითქმის არაფერი კეთდება. მე ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ვიცი, თუ რა კანონები უნდა მიგვეღო. ჯერ-ჯერობით ევროპასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არ ვართ. ვფიქრობ, საქართველოს ასევე არ უნდა ჰქონდეს ნატოში მალე გაწევრიანების იმედიც"-განაცხადა ბერძენიშვილმა.



ბეჭდვა