აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემული და კომენტირებულია
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 500 ათასი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც „სტრატეგიული კომუნიკაციების განმტკიცებისათვის“ დაიხარჯება, ანუ მოსახლეობაში ევროატლანტიკური კურსის პროპაგანდის მიზნით.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„აშკარაა, ამერიკელებმა ვერ დაივიწყეს კრემლის აგიტაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც ტელეკომპანია „პირველი კავკასიური“ აწარმოებდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტელეარხი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. გამოცდილება, რა თქმა უნდა, სასარგებლოა იმის გათვალისწინებით, თუ რა მძლავრ და აგრესიულ აგიტაცია-პროპაგანდას ეწევა კრემლის მასმედია - მოსკოვის რეჟიმი ცდილობს მსოფლიოს ყველა კუთხეს მისწვდეს. შესაბამისად, პლანეტის რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ კრემლია მართალი და ყველა დანარჩენი - მტყუანი. ისინი რუსული ტელეარხების მიერ არიან დაზომბებული. მათგან აგრესიულობით ყველაზე მეტად გამოირჩევიან ტელეარხები „რაშა თუდეი“ («Russia Today»), „პერვიი კანალ“ («Первый канал») და „როსია“ («Россия-1»), საინფორმაციო სააგენტო/რადიო „სპუტნიკი“ («Спутник»), - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ კონტრპროპაგანდისათვის შედარებით უფრო მეტ ფულს - 4,6 მილიარდ დოლარს - ევროპულ ქვეყნებს აძლევენ. დამატებით 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი ბალტიისპირეთისათვის... „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრემლი მასმედიაში ზღაპრულ თანხებს დებს - ზემოთ ჩამოთვლილმა რუსულმა ტელეარხებმა მთლიანობაში 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს - დავინახავთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა აშკარად არასაკმარისია“, - ასკვნის ავტორი.
