რუსული გამოცემა, «КоммерсантЪ»-ი საფრანგეთის მიერ თბილისისთვის საზენიტო-სარაკეტო
კომპლექსების გადმოცემას ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველოს საჰაერო სივრცე ამიერიდან მთლიანად იქნება გაკონტროლებული და დაცული ფრანგული რაკეტებით და რადიოლოკაციური სისტემით Mistral Atlas, რომელიც პარიზმა თბილისს სამი წლის წინ ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე გადმოსცა. ამრიგად, საფრანგეთმა მთლიანად შეასრულა 100 მილიონი ევროს ღირებულების დაკვეთა. გარდა ამისა, ამერიკელი სპეციალისტები მზად არიან განაახლონ საქართველოს სამხედრო შვეულმფრენების პარკიც, რაც საფუძველს შექმნის ძველი საფრენი აპარატები ახლით შეიცვალოს“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
„საქართველოს სამხედრო ავიაციის დღისათვის, რომელიც პირველ ოქტომბერს აღინიშნება, ქართულმა არმიამ კარგი საჩუქარი მიიღო - ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Mistral Atlas და მისი თანხმლები რადიოლოკაციური სისტემა (მწარმოებელი კომპანიები Thales Las და MBDA). ეს ყველაფერი ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე იქნა გამოფენილი, თბილისთან ახლოს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიეც დაესწრნენ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი ქვეყნის საჰაერო სივრცეს საიმედოდ დაიცავს“. ქართველი სამხედროების მტკიცებით, Mistral Atlas დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება ამ კლასის იარაღს შორის.
სტატიაში ციტირებულია ქართველი ექსპერტების ირაკლი ალადაშვილის და ვახტანგ მაისაიას კომენტარები. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში, ფრანგული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვის დონეს და რადგანაც მას თავდაცვითი ხასიათი აქვს, „ვერავინ ვერანაირ პრეტენზიას ვერ წამოგვიყენებს“.
რაც შეეხება შვეულმფრენების პარკის განახლებას, ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, საკითხი, როგორც ჩანს, იმ საფრენი აპარატების რემონტს ეხება, რომლებიც ქართულ არმიის შეიარაღებაში 2001-2002 წლებიდანაა: „იმ პერიოდში აშშ-მა 16 შვეულმფრენი Bell UH-1 Iroquois გადმოგვცა, რამდენიმე მათგანი მწყობრიდანაა გამოსული და მათ სათადარიგო ნაწილები ჭირდებათ. ვახტანგ მაისაიამ არ გამორიცხა აშშ-ის მიერ რამდენიმე დამატებითი შვეულმფრენების გადმოცემაც, რაც შეიძლება სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე განხორციელდეს. ამ დოკუმენტს თბილისმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოებმა საქართველოს სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე უარი განუცხადეს და ემბარგო დააწესეს, ახლა კი აშკარაა, რომ იარაღის იმპორტის საკითხში ბარიერები მოიხსნა. როგორც ანალიტიკოსი დავით ავალიშვილი აცხადებს „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბრისას, დასავლეთის გადაწყვეტილებაზე გავლენა ყირიმისა და დონბასის მოვლენებმა მოახდინეს: „საქართველოსადმი სამხედრო დახმარება - ეს რუსეთის „შეკავების პოლიტიკის“ ერთ-ერთი ელემენტია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
