თურქული გამოცემის, «Hürriyet Daily News»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია თურქეთსა და სომხეთს
შორის საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი, რომელშიც საქართველო შუამავლის როლს ასრულებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ისმაილ საიმაზის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციის მიხედვით, საქმე ეხება ყარსის ვილაიეთში, აკიაკას რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი მოზარდის - უმუ-ალი ოზმენის მიერ თურქეთ-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტს, რომელიც 24 ივლისს მოხდა. იგი სომხეთის უშიშროების სამსახურებმა დააკავეს და ბრალდებად, სასაზღვრო ზონაში განლაგებული ობიექტების ფოტოგადაღება წაუყენეს. საქმე განსახილველად უკვე სასამართლოშია გადაცემული. როგორც თურქეთის სასაზღვრო დაცვის ვიდეოდაკვირვების მასალებით ირკვევა, საზღვარი მან მაშინ გადაკვეთა, როცა საქონელს მწყემსავდა: „იგი 16 წლისაა, ჯერ კიდევ ბავშვია და როგორც მითხრეს, თავის მეგობრებს დაენიძლავა, რომ საზღვარზე გადავიდოდა. გადავიდა და დააკავეს კიდეც“, - ამბობს ყარსის გუბერნატორი რაჰიმ დოგანი, - ჩვენ სომხებს შევთავაზეთ ეს ინციდენტი დიპლომატიური არხებით მოგვეგვარებინა, მაგრამ მათ საკითხი სულ სხვა დონეზე აიყვანეს. არადა, ადრე მსგავსი საკითხები კოლეგებთან ასე წყდებოდა ხოლმე“.
თურქეთმა ინტერპოლს საქმეში ჩარევა სთხოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით შედეგი არ არის. „ჩემი შვილი მოსწავლეა, კარგად სწავლობს და მინდა სწრაფად გათავისუფლდეს, მაგრამ სომხური მხარე უკვე ორი თვეა მის ვინაობას არკვევს. რა არის აქ გასარკვევი? იგი თურქეთის მოქალაქეა და მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს. ჩემმა შვილმა მოასწრო და ტელეფონით შემარტყობინა, რომ მას სცემენ. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ“, - ამბობს უმუ-ალი ოზმენის მამა მუსტაფა ოზმენი, რომელიც სომხეთში იყო ჩასული შვილის სანახავად, ერევნის ახლოს მდებარე საპყრობილეში. მას განუცხადეს, რომ ელოდებიან თურქეთიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების მიღებას და იმის დასტურს, რომ მას თურქეთში დაბრუნებისას არ გაასამართლებენ.
რამდენადაც სადაო ისტორიული მოვლენების გამო თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამ საქმეში შუამავლის როლს საქართველო ასრულებს: „ორჯერ დავრეკე თბილისში მდებარე თურქეთის საელჩოში და მითხრეს - სომხეთს ორჯერ გავუგზავნეთ დიპლომატიური ნოტაო. პროცესი ძალიან ჭიანურდება“, - ამბობს უმუ-ალი ოზმენის ბიძა ესათ ოზმენი სტატიის ავტორთან საუბრისას.
---------
სხვათა შორის, ამ ინციდენტთან დაკავშირებით სკანდალი ღვივდება. 15 სექტემბერს გაზეთმა „ჰურიეთ“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და რეჯებ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს დაკავებული მოზარდის გათავისუფლება სთხოვაო. იმავე თურქული წყაროს ცნობით, სომეხ პრემიერს თურქი პრეზიდენტის თხოვნა თითქოსდა გულთან ახლოს მიუტანია და უთქვია, რომ თხოვნას შეუსრულებდა, მაგრამ...
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნმა ტიგრან ბალაიანმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ცნობები რეჯეფ ერდოღან-ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბრის თაობაზე და განაცხადა, რომ „სინამდვილეს არ შეესაბამება და არაფერი მაგის მსგავსი არ ყოფილაო“ (წყარო: https://rusarminfo.ru/2018/09/15/prezident-turcii-ne-zvonil-premer-ministru-armenii-mid/).
