«Folha De S.Paulo» (ბრაზილია): პოლიტიკური სპექტაკლის დასასრული, რომელშიც სააკაშვილი მთავარ როლს ასრულებს, ჯერ შორსაა
«Folha De S.Paulo» (ბრაზილია): პოლიტიკური სპექტაკლის დასასრული, რომელშიც სააკაშვილი მთავარ როლს ასრულებს, ჯერ შორსაა
12:22 11.09.2018
"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესღაც დასავლური დემოკრატიის კუმირი იყო და რომელმაც თვით ვლადიმერ პუტინიც კი „ბრძოლაში გამოიწვია“, დღეს მსოფლიოს ქვეყნების ყოფილ მეთაურებს შორის ერთადერთია, რომელსაც ორი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს დაკარგული, პლუს კიდევ მისი „საქმენი საგმირონი“ გამოძიების ობიექტადაა ქცეული"-ასე იწყება ბრაზილიური გამოცემის, «Folha De S.Paulo»-ს მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს შეეხება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

„ისტორიაში მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. აი, ასეთი ფასი გადამახდევინეს უკრაინასა და საქართველოში კორუფციონერების წინააღმდეგ ჩემი ბრძოლის გამო“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც Folha De S.Paulo-სთან ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში საუბრობს. იგი ის გასული წლის თებერვლიდან ცხოვრობს უცხოელის უფლებით, რომელსაც ცოლად ჰოლანდიის მოქალაქე ჰყავს. „მე საზღვარგარეთ სპეციალური პასპორტით დავდივარ, მაგრამ მჯერა, რომ მოქალაქლეობას მალე დავიბრუნებ“, - ამბობს დევნილი ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი.

როგორ მოხდა ასე? 50 წელს მიღწეული მიხეილ სააკაშვილი ხომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა...

იგი ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოქმედებდა, როცა პირველი პოსტსაბჭოთა „ფერადი რევოლუციის“ ლიდერი გახდა - იმ რევოლუციისა, რომელმაც შემდეგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც იფეთქა მოსკოვის მიმართ ლოიალურად განწყობილი მთავრობების დასამხობად.

როცა რევოლუციონერებმა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამხეს, დაინიშნა ახალი არჩევნები, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96% მიიღო. საშინაო პოლიტიკაში მისი მმართველობის წლები სასამართლო და საპოლიციო სისტემის რეფორმებით აღინიშნა, რისთვისაც მოგვიანებით ქართველ ლიდერს ბრალი წაუყენეს ავტორიტარული მეთოდების გამოყენებაში, ხისტი ზომების მიღებასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში. საგარეო პოლიტიკაში იგი ქვეყნის სამხედრო ძლიერების აღდგენით იყო დაკავებული და ამ საქმეში მთლიანად ახალ მოკავშირეებს ეყდნობოდა.

საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი ქუჩა აშშ-ის არაპოპულარული პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის სახელს ატარებს. იმ დროისთვის მთელ ქვეყანაში იყო გაკრული პოლიტიკური პლაკატ-ლოზუნგები, რომელთა თანახმად, „ამიერიდან საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს“. რასაკვირველია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამის დაშვება არანაირად არ შეეძლო. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მან ისარგებლა მიხეილ სააკაშვილის „ზედმეტი გამბედაობით“ და 2008 წელს ხუთდღიანი ომი სამხრეთ ოსეთში, რის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა.

„მე არაფერს ვნანობ. ჩვენ ორი ვარიანტი გვქონდა: ცუდი და ცუდზე უარესი. ორი ბოროტებიდან მე ნაკლები ბოროტება ამოვირჩიე, ანუ წინააღმდეგობის გაწევა“, - ამტკიცებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის მოკავშირეების მიმართ წყენას ვერ მალავს: „იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები არაერთმნიშვნელოვნად იქცეოდა. ახლა ვხედავ, რომ კონდოლიზა რაისი ამბობს - მიხეილ სააკაშვილი შეცდომებს უშვებდაო. ათი წელი დაჭირდათ, რომ ეს ეთქვათ?“, - ნაწყენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანის განცხადების გამო 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

ასეა თუ ისე, ქართველი ლიდერი დასავლეთისაგან ფინანსურ დახმარებას მაინც იღებდა, იმავდროულად კი კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დამუხრუჭებას ცდილობდა. თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს მიხეილ სააკაშვილი სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა: [არასამთავრობო ორგანიზაციები] და კონტროლის ორგანოები სულ უფდრო ხშირად მიუთითებდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის დრონის ზრდაზე და სახელისუფლო ელიტასთან ახლოს მდგომ ბიზნესმენებისათვის კომფორტული პირობების შექმნაზე.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებამ ხაზი გადაუსვა მიხეილ სააკაშვილის გეგმებს, რომ იგი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის აღძვრა, რომელთა კულმინაცია გახდა სასამართლო პროცესი (დაუსწრებლად) სახელმწიფო სახსრების განიავების თაობაზე. ეს ბრალდება ექს-პრეზიდენტს 11 წლით ციხეს უმზადებს.

2013 წელს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიქცა და ბინა აშშ-ში დაიდო. 2014 წლიდან მან მხარი დაუჭირა უკრაინაში დაწყებულ „მაიდანს“, ამ ქვეყნის პრომოსკოვური მთავრობის დამხობის მიზნით. უკრაინასთან მიხეილ სააკაშვილს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს: ოდესღაც იგი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ანა-ბანას სწავლობდა. იმ ხანებში იმავე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო პეტრო პოროშენკოც, უკრაინელი ოლიგარქი, რომელიც „მაიდნის“ შემდეგ უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. თავის მხრივ, მან მრჩევლის თანამდებობაზე თავისი ძველი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი მიიწვია. როგორც ამბობენ, ვლადიმერ პუტინს სააკაშვილ-პოროშენკოს ალიანსი საშინლად არ მოსწონებია: „მე უძლიერესი მტრები მყავს, ასე ვთქვათ“, - ხუმრობს მიხეილ სააკაშვილი.

2015 წელს პეტრომ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა შესთავაზა. ეს გავლენიანი პოსტი რომ დაეკავებინა, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოუწია.

ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის თქმით, რომელიც ოდესის ოლქში მუშაობდა (მან საჯაროდ თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა), მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების დაუოკებელი წყურვილის გამო უკრაინაში ვოლუნტარისტული ნაბიჯი გადადგა და ამით უარი თქვა სამშობლოში მხარდაჭერაზე. „ოდესაში მე ვცდილობდი ის გამეკეთებინა, რასაც საქართველოში ვაკეთებდი - კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმის განმტკიცებას, მაგრამ ისეთ ელიტას დავეჯახე, რომელსაც ტოტალური კონტროლის ბერკეტებს ფლობდა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
2016 წელს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ექს-გუბერნატორადაც იქცა: იგი პოსტიდან გადადგა და პეტრო პოროშენკოს ბრძოლა გამოუცხადა - იგი კორუფციაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა იმ ხანებში პოლიტიკური პარტიაც შექმნა და მოსახლეობაში საკმაო პოპულარობაც მოიხვეჭა. მაგრამ მისი მაღალი რეიტინგი ხანმოკლე აღმოჩნდა, მან ელექტორატის მხარდაჭერა მალე დაკარგა.

დასავლელი დიპლომატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს დამხობას ცდილობდაო, მაგრამ თვითონ ექს-გუბერნატორი ამას უარყოფს: „მე ვთვლი, რომ იგი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს თავს ვერ ართმევს. უკრაინას შეეძლო „აღმოსავლეთის ვეფხვად“ გადაქცეულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი რეჟიმი ჩამოყალიბდა, რომელსაც პრეზიდენტი პირადი გამდიდრებისათვის იყენებს“.

თანდათანობით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულმა დრამამ ჭეშმარიტად სიურეალისტური სახე მიიღო: 2017 წლის ივლისში, ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის მზარდი პოპულარობის ფონზე, პეტრო პოროშენკომ ყოფილ ძმაკაცს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. გაეროს მონაცემებით, დღეს მთელ მსოფლიოში დაახლოებით ათი მილიონი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამ სიაში ერთადერთი ექს-პრეზიდენტია.

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევის მომენტში აშშ-ში იყო, შემდეგ იგი პოლონეთში ჩავიდა და იქიდან უკრაინის საზღვარზე უკანონოდ გადასვლა მოახერხა, რისთვისაც მას პასუხისმგებლობა დააკისრეს.

დიდ ეჭვებს იწვევდა პოლიტიკოსის ფინანსური წყაროები - მისი აქტივები საქართველოში ამჟამად გაყინულია: „ქვეყანაში, სადაც ოლიგარქები ეკონომიკის 70%-ს აკონტროლებენ, მე დახმარებას მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მიწევდნენ. რა თქმა უნდა, ამას კონფიდენციალურად აკეთებდნენ“.

მიხეილ სააკაშვილი კიევში მანამდე დარჩა, სანამ უკრაინის სპეცსამსახურებმა ვიდეოჩანაწერი არ გამოაქვეყნეს, რომელშიც ერთ-ერთი მისი მხარდამჭერი 2014 წელს დამხობილი ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის წევრს ფულად დახმარებას სთხოვს. ისე გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინის უპირველესი მტერი დახმარებას თხოვს პუტინის მომხრეს! „ეს აბსურდია, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, - რუსეთი უკიდურესად ცინიკურად მოქმედებს. აშშ-ის მთავრობებს ილუზიები ჰქონდათ და ბოლოს მოტყუვდნენ, როცა მასთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. ვაშინგტონი ამერიკაში სიძვირით მესამე ქალაქად ითვლება. რატომ? იმიტომ, რომ იქ რუსული ფულია ჩარეული, პოლიტიკოსები მოსყიდულები არიან“.

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის თებერვალში კიევიდან პოლონეთში იქნა დეპორტირებული. მოგვიანებით უკრაინაში მას, საზღვრის უკანონოდ გადალახვის გამო, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საბოლოო ჯამში კი ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი ნიდერლანდებში აღმოჩნდა, სადაც მისი ცოლი, ლინგვისტი სანდრა რულოვსი და ორი ვაჟი ცხოვრობს. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დროებითია’, - დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ახალი იდეით - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არჩევნების დროს ხმის მიცემისათვის ელექტრონული ურნების დანერგვით არის დაკავებული.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 28 ოქტომბერს და უკრაინაში 2019 წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დიდი იმედი აქვს: „ჩემს მხარდამჭერებს ახლა კარგი შანსები აქვთ წარმატების მოსაპოვებლად“, - ამბობს ექს-პრეზიდენტ და ექს-გუბერნატორი და საზოგადოებრივი გამოკითხვების ადგილობრივ შედეგებს არ ენდობა.

ასე რომ, პოლიტიკური სპექტაკლი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მთავარ როლს ასრულებს, დასრულებისაგან ჯერ კიდევ შორს არის.


ბეჭდვა