გერმანული გამოცემა «Die Zeit»-ი ნოემი კისის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც
ავტორის საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებს შეეხება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც გორს, კონკრეტულად კი გერმანელი ჟურნალისტის სტალინის სახლ-მუზეუმში ვიზიტს ეხება:
"კავკასიაში სიცოცხლე და ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ თქვენ მსოფლიოში ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებთ. როგორც ჩანს, უფრო უარესი იყო ცხოვრება და სამხედრო სამსახური საბჭოთა პერიოდში, იოსებ სტალინის მმართველობის დროს.
„ჩვენ „გრუზინები“ კი არა, ქართველები ვართ“, „გრუზინებად“ მხოლოდ რუსები გვთვლიან. მათ ეს სახელი გვიწოდეს და ასე შემორჩა“, - მეუბნება გორელი ქალი, რომელიც იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებლებისათვის გიდის როლს ასრულებს. უცხოელები აქ ძირითადად იმიტომ ჩამოდიან, რომ ბელადზე ბევრი რამ კარგი ნახონ, გაიგონ და მოისმინონ. „კარგია, რომ იოსებ ჯუღაშვილი აქ, გორში დაიბადა. აბა, სხვა რითი უნდა ვიცხოვროთ? ჩვენ ხომ ამით შემოსავლები გვაქვს. ჩემი სამი შვილი ინგლისურ ენას სწავლობს თბილისში, მათ ფული უნდათ. აქ ბინას თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვაქირავებ. ბევრი ტურისტი ჩამოდის - რუსეთიდან, დასავლეთ ევროპიდან. მათგან საკმაოდ ბევრი ახალგაზრდებია. ისინი გემრიელად მიირთმევენ აქაურ კერძებს“, - ამბობს გორელი ქალი. ქართული ენა არ მესმის, მაგრამ მის საუბარს თარჯიმნის გარეშეც სიამოვნებით ვუსმენ.
ისე, საინტერესოა, კარგი და ახალი რა უნდა ნახო და მოისმინო იოსებ სტალინზე? ეს კითხვა მეც მაკვირვებდა, სანამ გორში არ ჩამოვედი. აქ გავიგე, რომ პატარა იოსებს სათნო და მოსიყვარულე დედა ჰყოლია, წარმოშობით გლეხის ქალი. თვითონ იოსები ლექსებს წერდა სამშობლოს სიყვარულზე და როცა ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა, ბევრი რამ გაუკეთებია ქალაქისათვის. დედამისი მეზობლებსაც კარგად ექცეოდა, უბრალოებით გამოირჩეოდა და თურმე კარგადაც მღეროდა. მართლაც რატომ არ უნდა მოგეწონოს იგი?
თუმცა ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ მუზეუმში იოსებ სტალინს თაყვანს სცემენ და აქებ-ადიდებენ. არაფერს ამბობენ მის სისხლიან კვალზე და ტურისტებს ბავშვობის დროინდელი ლექსებით ართობენ. განა სიკეთეს და ბოროტებას შორის განსხვავება არ არის? მოგვიანებით სუვენირების გამყიდველი მეუბნება: ჩვენთან გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო. შევატყვე, რომ მას სტალინისადმი შიში ჰქონდა.
მუზეუმი არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. მე მახსენდება შიმშილით მილიონობით დაღუპული უკრაინელი და ათასობით დახვრეტილი ბუკოვინელი (დასავლეთ უკრაინა, კარპატები). რუსებიც მილიონობით დაიხოცნენ, ქართველებიც, მაგრამ ამაზე მუზეუმში არავინ ლაპარაკობს. აქ ტურიზმის პრინციპები ბატონობს: შენობა მდიდრულადაა გაფორმებული და ზოგჯერ ციხე-სიმაგრეს, ზოგჯერ კი დიდ ტაძარს მოგვაგონებს.
მუზეუმის შესასვლელში წარწერა გვახსენებს, რომ სიცილი არ შეიძლება, არანაირი ემოციები და გრძნობები, მხოლოდ სიჩუმე... მაგრამ როგორ უნდა მოითმინო ისტორიის ფალსიფიკაცია? აქაც რუსეთის შიშია თუ საბჭოთა ისტორიისადმი ერთგულება? რა არის ეს - ყალბი სიამაყე?
გარეთ ათასნაირი სუვენირი იყიდება იოსებ სტალინის გამოსახულებით. რას ვიზამთ, ესეც ბიზნესია. შევდივართ იქვე ახლოს მდებარე სუპერმაკეტში, იქაც ბევრი რამ ბელადის პორტრეტითაა. რა ვქნა, არაფერი არ ვიყიდო? აი, ასეთი უცნაური რამ არის ქართული სტუმართმოყვარეობა. და მაინც, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს"-ნათქვამია სტატიაში.
