«RFI - Radio France Internationale» (საფრანგეთი): თბილისში რუსული მედიაფორუმი კინაღამ ჩაშალეს
«RFI - Radio France Internationale» (საფრანგეთი): თბილისში რუსული მედიაფორუმი კინაღამ ჩაშალეს
10:42 08.09.2018
ფრანგული რადიოსადგურის, «RFI - Radio France Internationale»-ს მიერ საქართველოში მომხდარი ამბების ყოველკვირეულ მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მოვლენაზე: ა) რუსულ-ქართულ მედიაფორუმზე, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია; ბ) ევროკომისარ იოჰანეს ხანის თბილისურ ვიზიტზე, რომლის დროსაც მან „ევროპული პარტნიორობის სკოლა“ გახსნა; გ) საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (საზმაუ, „პირველია არხი’) ირგვლივ დაწყებული სკანდალის შესახებ; დ) საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და იაპონური ინვესტიციების შესახებ გზების მშენებლობაში და ე) ნატოს სამხედრო წრთვნების თაობაზე (Agile Spirit 2018).

რადიომიმოხილვაში განსაკუთრებით ვრცლადაა გადმოცემული რუსულ-ქართულ მედიაფორუმთან („მასმედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“) დაკავშირებული პერიპეტიები: ქართულმა ოპოზიციამ და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ღონისძიება რუსეთის პროპაგანდისტულ ნაბიჯად მიიჩნია და მის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო. თავის მხრივ, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ასეთ დროს უმოქმედოდ დარჩენა მას პრობლემებს შეუქმნის და ანტირუსული ნაბიჯების გადადგმა არჩია - სამ რუს ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლა აუკრძალა, კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დარღვევის გამო. რასაკვირველია, ასეთმა სიტუაციამ მედიაფორუმის რუსულ მონაწილეებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და მათ, ბუნებრივია, ქართველებისთვის არასასიამოვნო განცხადებები გააკეთეს. ფაქტიურად ისე გამოვიდა, რომ მედიაფორუმმა ნდობა კი არ განამტკიცა, არამედ პირიქით.

მიმოხილვაში ავტორი ესაუბრება ქართველ ჟურნალისტებს ნანა დევდარიანს და გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორს ტატო ლასხიშვილს. ორივე მხარს უჭერს ცივილიზებულ დიალოგს და აზრთა ურთიერთგაზიარებას, რაც აუცილებელია ქართველი და რუსი ჟურნალისტებისათვის.


ბეჭდვა