«The Armenian Mirror-Spectator» (აშშ): საქართველო, როგორც ბავშვი "კავკასიური ცარცის წრიდან"-დასავლეთი თბილისს ნატოში მიღებას პირდება, რუსეთი კი არ უშვებს
«The Armenian Mirror-Spectator» (აშშ): საქართველო, როგორც ბავშვი "კავკასიური ცარცის წრიდან"-დასავლეთი თბილისს ნატოში მიღებას პირდება, რუსეთი კი არ უშვებს
10:49 04.09.2018
"ცნობილი გერმანელი დრამატურგის ბერტოლდ ბრეხტის ალეგორიულ პიესაში სახელწოდებით „კავკასიური ცარცის წრე“ მოქმედება საქართველოში ხდება. ამ ლიტერატურულ ნაწარმოებში ორი მთავარი გმირი - გლეხის ქალი და გუბერნატორის ცოლი ერთმანეთს ბავშვის დედობას ედავება. მოსამართლე კი ცდილობს ისინი „მაგიური ცარცის წრიდან“ გამოიყვანოს. პიესაში ბავშვი იმ ქალს რჩება, რომელიც მასზე ზრუნავდა და არა ბიოლოგიურ დედას"-ასე იწყება ამერიკული გამოცემის, «The Armenian Mirror-Spectator»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის კავკასიურ ტურნეს ეხება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ედმონდ აზატიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

გერმანიის კანცლერის სამხრეთკავკასიური ტურნეს დროს სწორედ ზემოთ ხსენებული პიესა გამახსენდა, ალეგორიული გაგებით: დასავლეთი თბილისს ნატოში მიღებას პირდება, რუსეთი კი საქართველოს არ უშვებს. ანგელა მერკელმა აღიარა, რომ საქართველოს ნატოში მიღება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგასო. ალბათ, მას დიმიტრი მედვედევის განცხადება ჩაესმოდა ყურში - თუ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, ამას საშინელი ამბები მოჰყვებაო. აი, ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში განხორციელდა ანგელა მერკელის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. მანამდე კი იგი ვალადიმერ პუტინს ჯერ გერმანიაში შეხვდა, მერე კი სოჭში. შესაბამისად, ანგელა მერკელი კარგად იყო ინფორმირებული რუსეთის მიერ მოხაზული „წითელი მიჯნების“ შესახებ, რაც მოსკოვის გავლენის სფეროებს ნიშნავს.

გერმანიის კანცლერს, რომელიც თავისი ურყევი პრინციპებითაა ცნობილი, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს საკუთარი პოლიტიკისთვის არ უღალატია, თუმცა მოქმედება საკმაოდ მოქნილად მოუწია. მაგალითად, აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს იმედი ჰქონდა, რომ გერმანია კასპიის გაზის ძირითადი მომხმარებელი იქნებოდა, ანგელა მერკელმა კი მკვეთრად მიანიშნა, რომ ბერლინისათვის რუსული გაზის საკმარისი ალტერნატივა არ არსებობსო. კანცლერი უფრო შორს წავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს გაახსენა - ევროპა „ცივი ომის“ დროსაც კი საბჭოთა (რუსულ) გაზზე იყო დამოკიდებულიო.

საქართველოში ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე. ამასთან, კანცლერმა გერმანიის ინტერესებიც არ დაივიწყა: უვიზო რეჟიმის წყალობით საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ჩადიან და თავშესაფრის მიცემას ითხოვენ. ამიტომ ჩვენ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი მივანიჭეთ, რაც თავშესაფრის მიღებას გამორიცხავსო.
კიდევ ერთი კოლიზია: საქართველოში ყოფნის დროს ანგელა მერკელმა, ერთი მხრივ, გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების გამო, მოსკოვის მოქმედებას „უსამართლო“ უწოდა, აღიარა ოკუპაცია და სადემარკაციო-ადმინისტრაციულ ხაზიც მოინახულა, მაგრამ მეორე მხრივ, მოსკოვი მოიმადლიერა თბილისის სურვილების საწინააღმდეგო განცხადებით - საქართველო უახლოეს წლებში ნატოს წევრი ვერ გახდება, ეს საკითხი ალიანსის დღის წესრიგში არ დგასო.

ბეჭდვა