სომხური გამოცემა «Голос Армении» ქართულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება,
რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის ტრანსპორტირება მხოლოდ საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით მოხდება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ არა მელიქსეთიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ბრძანების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან იკრძალება ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ტრანზიტი (შემოტანა და გატანა) ავტომობილებით. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და გადატანა მოხდება მხოლოდ საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით (თუმცა გამონაკლისის დაშვება შეიძლება). სომხეთს ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შეაქვს და ამიტომაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება რომ იქნებოდა, სომხურმა მხარემ წინასწარ უკვე იცოდა. შესაბამისად, როგორც სომხეთის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე არმენ პამბუხჩიანი აცხადებს, ერევანი თბილისთან მოლაპარაკებას აწარმოებს რკინიგზით ხორბლის გადატანის ტარიფების შემცირების მიზნით და პოზიტიური შედეგებს 15 სექტემბრამდე მივაღწევთო.
მაგრამ შეუძლებელია გავჩუმდეთ:
იმის მიუხედავად, მოილაპარაკებენ თუ არა მხარეები რკინიგზით ტვირთების გადატანის ტარიფების შემცირებაზე, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სიტუაცია მაინც საგანგაშო რჩება. ხორბლის იმპორტში ტრანსპორტის შეცვლა უკვე შეიძლება სომხეთისათვის სერიოზულ გამოწვევად ჩაითვალოს: რადგან ქვეყანა კვლავ ბლოკადაში ცხოვრობს, მას ჰაერივით ესაჭიროება გარე სამყაროსთან სატრანსპორტო კომუნიკაციების დივერსიფიცირება. და თუ საქართველოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაშინ მოლაპარაკების მთავარი თემა ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის უფლების შენარჩუნება უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გამონაკლისის დაშვება შეიძლება. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის კავშირები გარე სამყაროსთან შეზღუდულია, ერევანს ობიექტურად შეუძლია ჰქონდეს „გამონაკლისის დაშვების“ იმედი.
გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარზე არსებულ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე „საცობები“ იქმნება და ამიტომ ის უნდა განიტვირთოსო. პრინციპში, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს შეუძლია კიდევ დამატებითი აკრძალვები დააწესოს და ერთ მშვენიერ დღეს სხვა პროდუქციის შემოტანაც შეგვეზღუდება. იმპორტს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ექსპორტსაც ეხება? გამოდის, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ სარკინიგზო ტარიფების შემცირებით არ გაქრება. ასე რომ, სომხეთის წინაშე მდგარი ამოცანა სტრატეგიული ხასიათის მქონეა და მის გადაწყვეტას ოპერატიულობა და მაღალი პროფესიონალიზმი ჭირდება. ახალმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას მსგავსი ფორს-მაჟორული სიტუაციების მოგვარება შეუძლია.
