ყაზახური ტელეკომპანია: ქართველი ტურისტების ნაკადმა ყაზახეთის მიმართულებით 70%-ით მოიმატა
ყაზახური ტელეკომპანია: ქართველი ტურისტების ნაკადმა ყაზახეთის მიმართულებით 70%-ით მოიმატა
14:37 30.08.2018
ყაზახური ტელეარხის «24 Хабар»-ის ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი ქართველი ტურისტების ყაზახეთში მოგზაურობის თაობაზე.

„ყაზახეთში დასვენებას და მოგზაურობას სულ უფრო მეტი ქართველი ტურისტი ირჩევს. შვებულებით ჩვენთან ოჯახებთან ნდა მეგობრებთან ერთად ჩამოდიან.

თათია ჯანიბეგაშვილი, «24 Хабар»-ის კორესპონდენტი:

„გასულ წელს ყაზახეთმა მსოფლიოს 48 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი შემოიღო. საბედნიეროდ, მათ სიაში საქართველოც მოხვდა. ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ყაზახეთის ტერიტორიაზე 90 დღით ყოფნის უფლება აქვთ. ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის. ბევრ ქართველს გულმა ყაზახეთში გამოუწია - ქვეყნისკენ, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად უთავსდება კულტურის უძველესი ძეგლები და თანამედროვე პროგრესული ტექნოლოგიები“.

ხათუნა კონჯარია, თბილისის მცხოვრები:

„ყოველთვის ვოცნებობდი ყაზახეთში ყოფნაზე - იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ კარგი მესმოდა ამ ქვეყნის შესახებ. გასულ წელს ასტანაში პირველად ვიყავი მივლინებით. მე ძალზე გაკვირვებული დავრჩი ყაზახი ხალხის სტუმართმოყვარეობით, სიყვარულით და სიკეთით, გულისხმიერებით. ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ ასეთი თბილი დამოკიდებულება არსად მიგრძვნია. ძალიან მინდა ვნახო არალის ზღვა. ალბათ, ნოემბერში მოვინახულებთ. სიცივე კი იქნება, მაგრამ მორალურად ამისთვის მზად ვარ“.
ბოლო წლის განმავლობაში ქართველი ტურისტების ნაკადი ყაზახეთში 75%-ით გაიზარდა. ბევრი ყაზახეთში მივლინებების დროსაა ნამყოფი და ახლა უკვე შვებულებების პერიოდში ცდილობენ კვლავ დაათვალიერონ აზიური კულტურის ძეგლები - უძველესი „აბრეშუმის დიდი გზის“ მარშრუტზე მდებარე ათასწლოვანი ქალაქები.

მონიკა ვითიბაშვილი, ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი:

„დღეისათვის იმ ქართველი ტურისტების რაოდენობამ, რომლებთაც ყაზახეთში მოგზაურობა სურთ, 70-75%-ით მოიმატა. თუ ადრე მხოლოდ სამუშაოდ მიდიოდნენ, ახლა ყახაზეთი ბევრისთვის საინტერესო გახდა როგორც დასვენების, ტურიზმის მიმართულება. ყაზახეთი ძალიან განვითარებული ქვეყანაა მდიდარი ისტორიით. ამ ეტაპზე ქართველი ტურისტები ქალაქ თურქესტანს ირჩევენ, რომელიც მდიდარია თავისი უძველესი ძეგლებით, მეჩეთებით და ა.შ.“.
დღეს ქართული ტურისტული კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმაშია, რომ ყაზახეთში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი გახდეს.

ბეჭდვა