რუსული მედია ანგელა მერკელის კავკასიური ტურნეს შესახებ: პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული უთანხმოებები კანცლერის რკინის ხელს ითხოვენ
რუსული მედია ანგელა მერკელის კავკასიური ტურნეს შესახებ: პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული უთანხმოებები კანცლერის რკინის ხელს ითხოვენ
10:46 24.08.2018
„გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ სამდღიანი სამხრეთკავკასიური ტურნე თბილისში ვიზიტით დაიწყო - იგი საქართველოს ეწვია, რომელიც რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ ითვლება. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანგელა მერკელმა საქართველოს „კარგი პარტნიორი“ უწოდა და ქართველებს აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული „უსამართლობის“ გამოსასწორებლად. გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია საქართველოში მსხვილ მიწისქვეშა გაზსაცავს ააშენებს. ეს ფაქტი ადასტურებს გერმანიის მთავრობიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომ კანცლერის სამხრეთვკავკასიური ვიზიტის მთავარ მიზანს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტი წარმოადგენს“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, "კომერსანტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

პუბლიკაციაში საკმაოდ დეტალურად არის გადმოცემული გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრეს-კონფერენციის ანგარიში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ანგელა მერკელის დამოკიდებულებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ, რუსეთის როლზე და ა.შ.

როგორც „კომერსანტ“-ისათვის გახდა ცნობილი, ანგელა მერკელი სამხრეთ ოსეთის საზღვარს, რომელსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ, ქართველი თანხმლები პირების გარეშე მოინახულებს. მასთან ერთად მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები იქნებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კონფლიქტის ზონაში კანცლერის გასვლა ევროკავშირის მისიის მიერაა ორგანიზებული და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ მხრივ რაიმე ვარაუდებს ნუ ააგებენ.
„თბილისელი ექსპერტები „კომერსანტ“-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ საქართველო ანგელა მერკელს უპირველესად აზერბაიჯანის გაზის ევროპაში ექსპორტის საკითხის გამო აინტერესებს, „სამხრეთკავკასიური გაზის დერეფნის“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ტერიტორიასაც მოიცავს. „გერმანიას იმედი აქვს, რომ სამომავლოდ გაზს თურქმენეთისგანაც მიიღებს“, - ამბობს „კომერსანტ“-თან საუბარში პოლიტოლოგი გიორგი ხუხაშვილი.
სხვათა შორის, ამის თაობაზე ბრიტანული „როიტერი“ უფრო შორს მიდის და წერს, რომ „სამხრეთკავკასიური გაზის დერეფნის“ მეშვეობით ევროპაში შეიძლება ირანული და ერაყული გაზიც გავიდესო, თუმცა ეს პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. ირან-ერაყული გაზის კი არა, თურქმენული გაზის ექსპორტის საკითხიც გადასაწყვეტია, რადგან ჯერ-ჯერობით კასპიის ზღვის ფსკერზე ჩასადები გაზსადენის პროექტიც კი არ არსებობს, - ნათქვამია სტატიაში.

------------

ამიერკავკასიაში გერმანიის კანცლერის ვიზიტს სხვა რუსული გაზეთებიც აშუქებენ. მაგალითად, «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რა დგას ანგელა მერკელის ამიერკავკასიული ვიზიტის უკან // პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული უთანხმოებებები და რყევები გერმანიის კანცლერის რკინის ხელს ითხოვენ“ (ავტორი - ოლეგ ნიკიფოროვი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში არსებული ვითარება, განსაკუთრებით მეტი ყურადღება ეთმობა რუსეთის როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და იმ პრობლემებს, რომლებიც ათეულობით წლებია არ გვარდება. „და ამ პრობლემებით სავსე რეგიონიდან გერმანიას კასპიის ზღვის გაზის ევროპაში იმპორტის განხორციელება სურს. იმას, თუ რამდენად შეუძლია გერმანიას პრობლემების მოგვარება სამი რესპუბლიკისათვის, ანგელა მერკელის ვიზიტის დასრულების შემდეგ გავიგებთ“, - წერს ავტორი (წყარო: http://www.ng.ru/columnist/2018-08-23/6_7295_merkel.html).

ბეჭდვა