არაბული გამოცემა «Arab News» ანალიტიკოს ლიუკ კოფის ავტორობით სტატიას აქვეყნებს,
რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს, მის შედეგებს და ბოლო ათწლეულში რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ათი წლის წინათ, როცა მსოფლიო პეკინის ოლიმპიური თამაშებით იყო გართული, რუსეტის არმიამ როკის გვირაბის მეშვეობით, საქართველოს საზღვარი გადალახა. იმ დროს არავინ იცოდა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ომი: სიტუაცია ქაოსური იყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, კიბერშეტევების შედეგად კი პარალიზებული იქნა საქართველოს სამთავრობო უწყებების ვებ-საიტები. ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილის მმართველი წრეები საზაფხულო შვებულებაში იყვნენ გასულნი.
და რაც სიტუაციას აუარესებდა, ის იყო, რომ საქართველოს თითქმის ორიათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი, მისი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ნაწილი, ერაყში იბრძოდა. შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლებოდა სწრაფად გადაესროლა ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში ავიაციის მეშვეობით, რაც ომის მეორე დღეს განხორციელდა: ქართველები ერთი ბრძოლიდან მეორეში ისე მოხვდნენ, რომ უდაბნოსთვის შესაფერისი უნიფორმა არც გაუხდიათ. და მაინც, რუსული არმიის ნაწილები, რომლებიც თავიანთი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდნენ, საბოლოოდ თბილისიდან 40 კილომეტრში აღმოჩნდნენ.
სამხედრო მოქმედება მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შუამავლობა იკისრა და მხარეებს ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე ხელი მოაწერინა. ათი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთს შეთანხმების პირობები დღემდე მთლიანად არ შეუსრულებია - ათასობით რუს ჯარიკაცს ისევ ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. რუსეთმა ასევე აღიარა სეპარატისტული „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა, მაგრამ მოსკოვის მცდელობა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მიეღო ამ საკითხში, სამარცხვინოდ ჩაფლავდა: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დღემდე, რუსეთის გარდა, დამოუკიდებლად მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია ცნობს.
ომის შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა და მას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამი მიზეზით:
პირველი - რუსეთი თავის სამხედრო ყოფნას ვეტოს სახით იყენებს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის შესაჩერებლად. მოსკოვმა იცის, რომ სანამ რუსული ჯარებს ნაწილობრივ აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია, თბილისის პერსპექტივა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში დიდი არ არის. კრემლმა ეს მოდელი უკრაინის მიმართებითაც გაიმეორა.
მეორე - მოსკოვი სანდო არა. ათი წლის შემდეგ რუსეთი ისევ კრძალავს ჰუმანიტარულ დახმარებას ოკუპირებული რეგიონებისადმი, ხოლო რუსეთის ჯარები ომამდელ პოზიციებზე არ დაბრუნებულან, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ორი მნიშვნელოვანი პუნქტი არ შესრულებულა. რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე აწყდება უკრაინაში და სირიაში. ორივე საკითხში რუსეთი თითქოსდა დაყაბულდა ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ პირობა არ შეასრულა. ნახეთ, რა ხდება დონბასში და სირიის სამხრეთში.
სიტუაცია რომ არასტაბილური იყოს, მოსკოვს თანმიმდევრულად „გაჰყავს საზღვარი“ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში: აგებს ბარიერებს, აბამს მავთულხლართებს, დგამს ამკრძალავ ბანერებს ე.წ. „სახელმწიფო საზღვარზე“, რითაც ჰყოფს მოსახლეობას და ერთმანეთს აშორებს საქართველოს ხალხებს. „მცოცავი ანექსია“, რომელიც საქართველოს სიღრმეში მიჯნების ყოველმეტრობით წაწევაში გამოიხატება, რუსეთის მიერ უკვე ათი წელია გრძელდება ომის შემდეგ. ამ „მცოცავი ანექსიის“ ყველაზე უხეში გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს 2016 წლის ივლისში მომხდარი ფაქტი, როცა რუსეთმა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის 1,6 კმ-იანი მონაკვეთის ანექსია მოახდინა, საოკუპაციო ხაზი წინ გადაწია და სამხრეთკავკასიურ ავტომაგისტრალს - „აღმოსავლეთ-დასავლეთს“ 400 მეტრით მიუახლოვა. ისევე როგორც 2008 წლის ზაფხულში, 2015-შიც რუსეთმა იცოდა, რომ მსოფლიო სხვა ამბებით იყო გართული: სწორედ მაშინ საბერძნეთში რეფერენდუმი ტარდებოდა მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით და გამოცხადდა ირანთან დადებული ბირთვული გარიგება.
ათი წლის განმავლობაში მე პირადად ოკუპაციის ხაზზე ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ეს ხაზი თავისუფალ საქართველოს ოკუპირებულისაგან ჰყოფს. ეს ხაზი ერთმანეთთან აშორებს ოჯახის წევრებს, ჰკვეთს ფერმერულ მეურნეობებს და ჰყოფს მოსახლეობას. მე პირადად ვნახე, თუ როგორ ფრიალებს რუსული დროშა საქართველოს საერთაშორისოს აღიარებულ ტერიტორიებზე.
დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან - 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო დემოკრატიის გზაზე დგას და რუსეთის ჯარების შეჭრამ და ოკუპაციამ მისი დემოკრატიზაციის პროცესი ვერ შეანელა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ქვეყნის ხელისუფლების მიზანი კი მუდამ იგივე რჩებოდა: ეკონომიკის ლიბერალიზება, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის გაღრმავება-განმტკიცება. აბა, წარმოიდგინეთ: განა თქვენთვის ადვილი იქნება ადმინისტრაციული, სამხედრო და სასამართლო რეფორმის განხორციელება იმ პირობებში, როცა თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია? ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას საქართველო თავს ართმევს და საკმაოდ კარგადაც.
დღეს საქართველო ევროპისათვის იმ იდეის განხორციელების სიმბოლოა, როცა ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თვითონ აირჩიოს თავისი გზა და თვითონვე გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა. საქართველოს მაგალითი იმას გვიჩვენებს, თუ რატომაა აუცილებელი ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა და რატომ არ უნდა ჰქონდეს არცერთ გარე სუბიექტს (ამ შემთხვევაში, კონკრეტულად რუსეთს) ვეტოს უფლება ისეთ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე (ან მჭიდრო ურთიერთობაზე), როგორებიცაა ნატო ან ევროკავშირი.
ბევრი მელანი დაიხარჯა და ბევრი კალამი გაცვდა კონფლიქტის დამწყებისა და მისი ბრალეულობის გასარკვევად. ზოგიერთების მტკიცებით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაუფიქრებელი მიდგომით რუსეთის აგრესია თვითონ გამოიწვიაო. სხვები აღნიშნავენ, რომ ასეთ მსხვილ სამხედრო დაჯგუფებას მოსკოვი ასე სწრაფად ვერანაირად ვერ შემოიყვანდა როკის გვირაბში წინასწარი მომზადების გარეშეო.
კაცმა რომ თქვას, იმ ბრალის გარკვევას, თუ რომელმა მხარემ დაიწყო პირველმა საბრძოლო მოქმედება 2008 წლის აგვისტოში, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ისაა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და არა პირიქით. რუსეთია აგრესორი, საქართველო კი მისი მსხვერპლი. ათი წლის შემდეგ მსოფლიომ ეს არ უნდა დაივიწყოს.
----------
ლიუკ კოფი, აშშ-ის მემკვიდრეობის ფონდთან არსებული დუგლასის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
