"ამას წინათ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ბრიუსელი და თბილისი გააფრთხილა
- ნატოში საქართველოს გაწევრიანება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება და მშვიდობას საფრთხეს შეუქმნისო. მანამდე კი იენს სტოლტენბერგმა თქვა - საქართველოს ნახევარი გზა ნატოსაკენ უკვე გავლილი აქვსო.
ჭეშმარიტება სადღაც შუაშია: რამდენადაც „გაყინული კონფლიქტი“ მაინც გრძელდება, ახალი ომი საქართველოს და რუსეთს შორის არ იქნება, რადგან თბილისს ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. საქართველო ვერასდროს გახდება ნატოს წევრი, სანამ კონფლიქტი არსებობს, ერთი ძალიან უბრალო მიზეზის გამო: ალიანსი არ იღებს თავის წევრად ისეთ ქვეყანას, რომელსაც მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს"-ასე იწყება ნორვეგიული გამოცემის, «Dagbladet»-ის მიერ მორტენ სტრანდის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას, მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
ომმა, რომელიც ათი წლის მოხდა, ზოგიერთი ილუზია გაფანტა: მან აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინი სერიოზულად ფიქრობს თავისი გავლენის სფეროებში დომინირებას. გეოგრაფია ბედისწერაა. ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, საგარეო პოლიტიკის გატარება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ უკრაინამაც კარგად იცის და ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.
ათი წლის წინათ საქართველოში მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ ყალიბდება საგარეო პოლიტიკა. გავიხსენოთ ომის პრელუდია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს ნაწილები არიან, მაგრამ 1990-იანი წლების ომების შედეგად ისინი საქართველოს ჩამოაშორეს. ორივე ავტონომია მხარადაჭერას რუსეთში ეძებდნენ, მოსკოვსაც დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია. 2008 წლის ივლისში ერთი მხრივ - ქართველ ჯარისკაცებსა და მეორე მხრივ - ოსების შეიარაღებულ ფორმირებებს შორის რამდენიმე საბრძოლო ეპიზოდი მოხდა. აგვისტოში კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიყვული ნაბიჯი გადადგა - მან „ინტერვენცია“ დაიწყო სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს ტერიტორიად ითვლებოდა
რუსეთიც დაუყონებლივ ჩაერია და რამდენიმე დღის შემდეგ ქართველები სამხრეთ ოსეთიდან გააძევეს, რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე მილზე (1 ნორვეგიული მილი = 10 კმ-ს) შეჩერდნენ. ჩვენ, ჟურნალისტები, რუსულ ძველ ტანკებს და ნახმარფორმიან რუს ჯარისკაცებს ვხედავდით, რომლებიც დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც გულღიად გვიყვებოდნენ სამხედრო დავალების თაობაზე.
ხუთდღიანმა ომმა სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი „ჩაგვიტარა“: ერთი კრემლმა უკვე კარგად შეისწავლა და დასკვნებიც გააკეთა: ცხადია, ვლადიმერ პუტინმა კარგად დაინახა თავისი არმიის ჩამორჩენილობა, ჯარისკაცების მოუმზადებლობა, მათი მოტივაციის დაბალი დონე. შესაბამისად, რუსებმა სწრაფად დაიწყეს სამხედრო რეფორმა - შეიარაღებული ძალების რადიკალური მოდერნიზება.
მეორე „ჩატარებული გაკვეთილი“ ქართველებისთვის იყო სასარგებლო, მათაც დასკვნები გამოიტანეს: ომიდან მეოთხე წელს, მმართველი პარტია არჩევნებში დამარცხდა, პარტიის ლიდერს კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ადრე პოპულარული იყო, სამშობლოდან წასვლა მოუწია. მისი ავანტიურისტული პოლიტიკა ქვეყნისათვის ძალიან სარისკო გამოდგა: დიახ, კორუფციას წარმატებით ებრძოდა, მაგრამ მშვიდობა ვერ დაამყარა.
მესამე გაკვეთილი, შეიძლება ითქვას, ყველას ეხება: ვლადიმერ პუტინი ცდილობს თავის საზღვრებთან მდებარე ტრადიციული გავლენის სფეროები გააკონტროლოს. ეს გარემოება შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, თუმცა ის რეალობაა, რომელიც ნატომ უნდა გაითვალისწინოს. იენს სტოლტენბერგი და სხვა დასავლელი პოლიტიკოსები საუბრობენ დემოკრატიაზე, სახელმწიფოსა და ერების უფლებაზე თვითონ განსაზღვრონ თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, გეოგრაფია ბედისწერაა. ამის შესახებ პატარა საქართველოშიც იციან.
