რუსული გამოცემა, "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით რუს ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ისმაილ აღაკიშევის აზრით, საეჭვოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ქართველთა მენტალიტეტს შეესაბამებოდეს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს საქართველოს მთელ მოსახლეობაში დადებითი გამოძახილი ექნება“, - ამბობს „მოსკოვსკი კომსომოლეც“-თან საუბრის დროს პოლიტოლოგი, - „უფროსი თაობა ძალიან ნეგატიურადაა განწყობილი და გმობს მარიხუანას მოხმარებას ახალგაზრდების მიერ. არავის არ სურს, რომ მისი ვაჟი ან გოგონა სიგარეტს ეწეოდეს, ნარკოტიკის მოხმარებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებას ამით სურს დასავლეთს აჩვენოს ქართული საზოგადოების დემოკრატიულობა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო პოპულისტური ხასიათის ნაბიჯს წარმოადგენს“.
რაში გამოიხატება ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართველების კულტურული ტრადიციები და ჩვეულებები? ცეკვაში, სიმღერაში, ღვინის დამზადებაში, საპატარძლოს რაინდულ მოტაცებაში ქორწინებამდე... მარიხუანას მოწევა კი თანამედროვე ქართული საზოგადოების ახალი კაპრიზია, ე.წ. „პიროვნების თავისუფალი განვითარების“ მოტივით.
„დღეს, როცა ყველანაირი ტექნოლოგიური პროცესები გავლენას ახდენენ კულტურულ წარმოდგენებზე, ამ დროს ის თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ერთმანეთშია არეული“, - ამბობს „მოსკოვსკი კომსომოლეც“-თან საუბარში მემკვიდრეობის ინსტიტუტის დირექტორი ევგენი ბახრევსკი, - „ჩვენ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა კარგსა და ცუდს შორის ზღვარი იშლება. რასაკვირველია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მოცემულ სიტუაციაში პროევროპული რეფორმისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. გარდა ამისა, ქართულ საზოგადოებაში თანდათან ინერგება აზრი, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არაყზე და ღვინოზე უარესი არ არის. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ზოგიერთი ხალხში სპირტიან-ალკოჰოლიანი სასმელების ტრადიციები დიდი ხანია არსებობს. იგივე ითქმის მარიხუანას მოხმარებაზეც, რომელიც ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები აცტეკებისა და ინდიელების ისტორიის ნაწილია, კავკასიის მოსახლეობისათვის კი ეს ნარკოტიკი ბოლო საუკუნეებამდე ცნობილი არ იყო“-ნათქვამია სტატიაში.
