შვეიცარიული გამოცემა «Neue Zürcher Zeitung»-ი აქვეყნებს სტატიას, რომელიც
საქართველოდან შვეიცარიაში თავშესაფრის მირების მსურველთა რიცხვის ზრდას ეხება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ლუკას მედერის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
საქართველო ევროპისაკენ ისწრაფვის: უკვე ორი წელია ძალაშია და მოქმედებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, ხოლო 2017 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში წასასვლელად ვიზა აღარ ჭირდებათ. გასული წლის მაისიდან ასევე მოქმედებს უბაჟო ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და შვეიცარიას შორის. სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში ტურიზმიც სწრაფად ვითარდება: თბილისური კურსი ევროპელი ტურისტებისთვის პროგრესირებად მიმართულებას წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ამ პოზიტიური ფონის კონსტრასტია შვეიცარიაში ქართველი იმიგრანტ-ლტოლვილების დიდი რაოდენობა. 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა შვეიცარიაში ჩასული იმიგრანტ-ლტოლვილთა რაოდენობით - ერიტრეის, სირიისა და ავღანეთის შემდეგ.
მიმდინარე წლის ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, თავშესაფრის მიღებისათვის განცხადება 567-მა ქართველმა წარადგინა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის პირველ ნახევარში (256 განცხადება) და ერთი მეოთხედით მეტია, ვიდრე 2017 წლის მეორე ნახევარში (456 განცხადება). 2000-იანი წლების დასაწყისში იყო პერიოდები, როცა საქართველოდან შვეიცარიაში საკმაოდ ბევრი ლტოლვილი ჩამოდიოდა, მაგრამ ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა საქართველოს მეხუთე ადგილი უკავია.
უვიზოდ ევროპაში
როგორც ჩანს, ასეთი ზრდის მიზეზი შენგენის ქვეყნებში შესვლის უვიზო რეჟიმში უნდა ვეძებოთ. 2017 წლის მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრული პასპორტის საფუძველზე ევროპაში ყოფნა უკვე საკმაო დროის მანძილზე შეუძლიათ, თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობის სწრაფი ზრდაც სწორედ 2017 წლის ივნისიდან შეინიშნება. სხვათა შორის, ამ ტენდენციამ თავი იჩინა არა მხოლოდ შვეიცარიაში, არამედ მეზობელ გერმანიაშიც.
ადრე ქართველები შვეიცარიაში ჩამოსვლისა და თავშესაფრის მიღების მიზეზად სამხედრო კონფლიქტს ასახელებდნენ, ახლა კი წინა პლანზე უკვე ეკონომიკური გაჭირვება და მკურნალობის საჭიროება წარმოჩინდა. როგორც მიგრაციის სახელმწიფო სეკრეტარიატის (Staatssekretariat für Migration) მიერ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით ჩანს, თავშესაფრის მიღების მსურველებში არ არიან ისეთი პირები, რომლებიც პოლკიტიკურ დევნას განიცდიან.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2016 წლიდან, შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ აძლევს. 2017 წელს არცერთი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული. 2013 წლიდან, ანუ უვიზო რეჟიმის შემოღებიდან დიდი ხნით ადრე, შვეიცარიაში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, თავშეაფრის მიღების განცხადება 48 საათში განიხილება. „შვეიცარიისა და საქართველოს თანამშრომლობა მიგრანტების უკან დაბრუნების საკითხში პრობლემების გარეშე მიმდინარეობს“, - ამბობს მიგრაციის სახელმწიფო სეკრეტარიატის წარმომადგენელი მარტინ რეიხლინი. დეპორტირება სპეციალური ავიარეისების მეშვეობითაც ხორციელდება.
თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ზომები ქართველებზე გავლენას ვერ ახდენს და სასურველ დამამუხრუჭებელ ეფექტს არ იძლევა. ამიტომაც შვეიცარიამ, რომელიც, მართალია, ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ შენგენის ზონის ხელშეკრულებას 2008 წლის 12 დეკემბერს შეუერთდა და აქედან გამომდინარე, ერთპიროვნულად ქართველთა უვიზოდ გადაადგილების შეზღუდვა არ შეუძლია, ეს საკითხი ევროკავშირის წინაშე დააყენა. 26 თებერვალს ბერნმა ევროკომისიას აცნობა, რომ თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეს ის პირობაა, რომლის დროსაც ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება შეუძლია. ამ საკითხში შვეიცარია მარტო არ ყოფილია - იგივე გააკეთა გერმანიამაც. მიგრაციის სახელმწიფო სეკრეტარიატი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი პრობლემის განხილვას შემოდგომაზე დაიწყებს.
კანონები კანონდამრღვევთა წინააღმდეგ
სხვათა შორის, როგორც ბერნიდან ჩვენი შეკითხვის პასუხად გვაცნობეს, ამ საკითხში უკვე თვითონ საქართველოს ხელისუფლებაც გააქტიურდა. გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა, ერთი მხრივ, უფრო გაამკაცრა კანონი გვარის გამოსვლის თაობაზე: ადრე შენგენის ზონიდან დეპორტირებულები გვარებს იოლად იცვლიდნენ და სხვა გვარებით ისევ ევროპაში მიდიოდნენ; მეორე მხრივ, გამკაცრდა კონტროლი შენგენის ზონაში წამსვლელებზე თვით საქართველოშიც. ისინი შეიძლება დაჯარიმდნენ თავშესაფრის უფლების ბოროტად სარგებლობისთვისაც.
პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის უვიზო რეჟიმით სარგებლობა დასავლეთისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის პოზიტიურ შედეგს საკუთარ თავზე ჩვეულებრივი მოქალაქეებიც გრძნობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, ეკონომიკა და განათლება. შესაბამისად, საქართველო დიდ ძალისხმევას ახმარს, რომ შენგენის სივრცე მოქალაქეებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იყოს. აქედან გამომდინარე, თბილისი ცდილობს, რომ ევროპაში თავშესაფრის მიღების განცხადებების რაოდენობა შემცირდეს.
